Thumbnail

ახალი სარაგბო ტურნირი და ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რაგბი ევროპამ ახალი ტურნირი შექმნა - ევროპის სუპერთასი
  • ამ ტურნირში ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი ითამაშებს

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, სექტემბრიდან ახალ საკლუბო ტურნირში ჩაერთვება, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით ტარდება და მას ევროპის სუპერთასი ეწოდება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპული კლუბები, ასევე ფრენჩაიზები. უკვე ცნობილია, რომ პირველი სუპერთასისთვის რვა გუნდი იბრძოლებს – თითო საქართველოდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან და ისრაელიდან, ორი რუსეთიდან.

პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდები რეგიონალური პრინციპით ორ კონფერენციად დაიყოფიან.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: შავი ლომი (საქართველო), ენისეი (რუსეთი), ლოკომოტივი პენზა (რუსეთი), თელავივ ჰითი (ისრაელი);

დასავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: ბრიუსელს დევილზ (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები), ლუსიტანოს XV (პორტუგალია), იბერიანზ (ესპანეთი).

ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დაიწყება. გუნდები შინ და გარეთ ექვს ტურს ითამაშებენ – ორ-ორს სექტემბერში, ოქტომბერში და დეკემბერში.

თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავა და პირველადგილოსნები მეორეებს აპრილში ეთამაშებიან, ფინალი კი მაისში გაიმართება. სამომავლოდ იგეგმება, რომ მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები