Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის პირველ 1/2-ფინალში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართა, უძლიერესის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ალვარო მორატა მატჩის ანტიგმირი გახდა. ლუის ენრიკეს დაუსრულებელმა ექსპერიმენტებმა ამჯერად შედეგი ვერ მოიტანა. პოპსპორტმა მატჩზე აზრის გამოთქმა ვეტერან ფეხბურთელს, არჩილ არველაძეს სთხოვა.

POPSPORT: ლუის ენრიკემ გუნდს შეხვედრა ცენტრფორვარდის გარეშე დააწყებინა. როგორ გგონია, რით იყო ეს გადაწყვეტილება განპირობებული?

არჩილ არველაძე: წინა ინტერვიუში ვახსენე, რომ ლუის ენრიკე, ფაქტობრივად, გვარდიოლას ნაკვალევზე მიდის. ეს მწვრთნელები ერთმანეთს ბევრ რამეში გვანან, მათ შორის გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე თამაშის გადაწყვეტილებაშიც. ვერ ვიტყვი, რომ მორატას ძირითადში არდაყენებამ გაამართლა. ესპანეთმა ხომ მისი გოლით გაათანაბრა, თან კომბინაციით, რომელიც "ფურია როხამ" ცენტრიდან გაითამაშა. შესაძლოა, ლუის ენრიკეზე მორატას მიერ 1/4-ფინალში ნაჩვენებმა ცუდმა თამაშმა იმოქმედა. შესაძლოა, მას უბრალოდ მანჩინისთვის სიურპრიზის მომზადება სურდა. ფაქტია, რომ მისმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა.

მწვრთნელის ხელი უფრო იტალიის ნაკრებს ეტყობოდა. ვიტყოდი, რომ "სკუადრა აძურამ" დამსახურებულად მოიგო. ესპანელების მიერ ანგარიშის გათანაბრება გამიხარდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხა" გარკვეულ უპირატესობას ფლობდა, რაც პირველ რიგში, ისევ და ისევ ბურთის ფლობაში გამოიხატა, თუ ჩავხედავთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, აღმოვაჩენთ, რომ ესპანეთი იტალიას, მაგალითად, კარში დარტყმებით ჩამორჩა. ესპანელებს ისევ აკლდათ სიმწვავე. ეს პრობლემა მათ თითქოს გადალახული ჰქონდათ, მაგრამ როგორც გაირკვა, ძალიან მოძრავ, კომპაქტურად მოთამაშე მეტოქესთან, ლუის ენრიკეს გუნდს იერიშების დამამთავრებელ ფაზაში ისევ გაუჭირდა.

ლუის ენრიკემ მორატა თამაშში 62-ე წუთიდან ჩართო

POPSPORT: რით დაგამახსოვრდება ამ ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები?

არჩილ არველაძე: პირველ რიგში იმით, რომ "სკუადრა აძურამ" მასზე ჩამოყალიბებული ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია. იტალიელებისგან არ მოელოდნენ ლაღ და ლამაზ ფეხბურთს, ყველას მიაჩნდა, რომ გუნდი ტურნირის ბოლოსკენ უფრო ძლიერი იქნებოდა, ვიდრე დასაწყისში. ამ დროს კი მანჩინის გუნდმა სასტარტო მატჩიდან მოყოლებული, იმდენად კარგად ითამაშა, რომ მოწონება თავიდანვე დაიმსახურა. სიმართლე გითხრათ, ასეთი მოძრავი და სანახაობრივი იტალია, სხვა მწვრთნელების ხელში არ მახსოვს.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ იტალიელებს არ ჰყავთ გამორჩეული ვარსკვლავები. გასაგებია, იტალიის ამ ნაკრების შეტევაში არ არიან ბაჯოს, დელ პიეროს, ტოტის დონის მოთამაშეები, მაგრამ ეს ძალიან მზარდი გუნდია. იგივე კიეზა ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ ტურნირის შემდეგ მისი კარიერა კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. 

ფედერიკო კიეზა ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესოა

POPSPORT: ესპანეთის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია. რამდენად სწორ გზას ადგას ეს გუნდი?

არჩილ არველაძე: თაობათა ცვლის პერიოდი ყოველთვის მძიმეა. რაც არ უნდა მაღალ დონეზე თამაშობდნენ ფეხბურთელები, თუ მათთვის ასეთი დიდი ტურნირი პირველია, გამოუცდელობა მაინც თავს იჩენს ხოლმე. გარდა ამისა, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ესპანეთს ანსუ ფატი აკლდა. ეს შემტევი თავის ასაკში აშკარად გამორჩეულია.

ათი წელიწადიც კი არაა გასული იმ ევროპის ჩემპიონატიდან, რომელიც ესპანეთმა ულამაზესი ფეხბურთით მოიგო. საკლუბო დონეზე ეს დიდი დროა, მაგრამ სანაკრებოზე - არცთუ ისე. ძალიან ძნელი ან სულაც შეუძლებელია, რომ რომელიმე გუნდმა იმ დონეზე ითამაშოს, რომელსაც ესპანელები თავიანთ "ოქროს ხანაში" აჩვენებდნენ. იმ კონდიციებს ესპანეთმა შესაძლოა ვერასდროს მიაღწიოს. თანაც, გაითვალისწინეთ საუბარია ესპანეთზე, რომელსაც უდიდესი რესურსი აქვს.

მიუხედავად ყველაფრისა, შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეების ინტეგრირება ერთადერთი გამოსავალია. მითუმეტეს, რომ ვხედავდით - ამ ჩემპიონატზეც კი ესპანელები უმატებდნენ, უბრალოდ, ეს ტემპი მათ იტალიის დასამარცხებლად არ ეყოთ. "ფურია როხამ" იტალიას ვერ მოუგო, თორემ ძირითად და დამატებით დროში არ წაუგია. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც ყველაფერთან ერთად, გამართლებაცაა. იტალიას უფრო მეტად გაუმართლა, თუმცა გაუმართლა დამსახურებულად. თამამად ვიტყვი - ევროპის ჩემპიონატს დამსახურებული ფინალისტი ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები