Thumbnail
  • არგენტინა 1:1 (პენ. 3:2) კოლუმბია
  • არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესი მატჩის გმირი გახდა
  • კოპა ამერიკის ფინალში ერთმანეთს ბრაზილია და არგენტინა შეხვდებიან

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე ფინალისტთა ვინაობა გაირკვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ტიტულისთვის ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 

მეორე ფინალისტი არგენტინისა და კოლუმბიის ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვა, სადაც გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო - 1:1 (პენ. 3:2).

"მანე გარინჩაზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში არგენტინელთა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა უკვე მე-7 წუთზე, ლიონელ მესის პასის შემდეგ გახსნა. კოლუმბიელებმა კი გათანაბრება 61-ე წუთზე, ლუის დიასის გოლით მოახერხეს. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, პენალტების სერია კი უკეთესად ლიონელ სკალონის გუნდმა შეასრულა.  

ემილიანო მარტინესმა ხუთიდან სამი პენალტი მოიგერია

გამარჯვების მომტანი იმავე ლაუტარო მარტინესის ზუსტი დარტყმა აღმოჩნდა, რის შემდეგაც არგენტინელთა გოლკიპერმა ემილიანო მარტინესმა 11 მეტრიდან კოლუმბიელ ედვინ კარდონას არ გაატანინა. 

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ არგენტინელთა მეკარე დასახელდა, რომელმაც პენალტების სერიაში სამი სეივი მიითვალა.კოლუმბიელთა რიგებში გატანა მხოლოდ ხუან კუადრადომ და მიგელ ბორხამ შეძლეს, ხოლო არგენტინის ნაკრებიდან, ლაუტაროს გარდა, ზუსტად ლიონელ მესიმ და ლეანდრო პარედესმა დაარტყეს. 

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში 29-ედ ითამაშებს

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ თამაშის შემდეგ სწორედ ემილიანო მარტინესი გამოარჩია: 

"უმძიმესი მატჩი გამოვიდა, მაგრამ მაინც დავიმსახურეთ ფინალში გასვლა, რადგან ძალიან გვსურდა ეს. დროდადრო გვიჭირდა, მაგრამ ჩვენ გვყავს ემი, რომელიც ფენომენია. ჩვენ მას ვენდობით. მიზანს მივაღწიეთ, გავედით ბოლოში და ახლა ფინალი გველის", - თქვა 34 წლის მესიმ, რომელმაც მიმდინარე კოპა ამერიკაზე ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია. 


კოპა ამერიკის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, რიო დე ჟანეიროში, “მარაკანაზე”, თბილისის დროით 11 ივლისს გამთენიისას გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მანამდე მასპინძლებმა 1/2-ფინალში მინიმალური ანგარიშით პერუს აჯობეს (1:0).

კომენტარები

ბოლო ამბები