Thumbnail
  • ფინიქს სანსი 118:105 მილუოკი ბაქსი
  • სუპერფინალის I მატჩი კრის პოლმა და დევინ ბუკერმა მოიგეს

მიუხედავად იმისა, რომ იანისი თამაშობდა, ეს მაინც კრის პოლის საღამო გამოვიდა! და დევინ ბუკერისაც…

NBA-ს სუპერფინალის პირველ შეხვედრაში ფინიქსმა მილუოკის დამარცხება შეძლო (118:105) და სერიაში 1:0 დაწინაურდა. სანსმა ზუსტად ისე ითამაშა, როგორც ამ სეზონის პლეი ოფში მიგვაჩვია. კრის პოლმა (32 ქულა, 12/19, 9 პასი) და დევინ ბუკერმა (27 ქულა, 8/21) სტუმრებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს, დეანდრე ეიტონი (22 ქულა, 8/10, 19 მოხსნა) სამწამიანში დომინირებდა და მიკალ ბრიჯესმაც 14 ქულა ჩააგდო.

მილუოკიდან ყველაზე პროდუქტიული კრის მიდლტონი გახლდათ (29 ქულა, 12/26), ბრუკ ლოპესის ანგარიშზე 17 ქულა იყო (მეოთხე პერიოდში აღარ უთამაშია), ხოლო იანის ანტეტოკუნმპომ კი, მართალია, თამაში შეძლო, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ფაზებში ახერხებდა თავისი ძალისა და ტექნიკის დემონსტრირებას (20 ქულა, 6/11, 17 მოხსნა). ჯრუ ჰოლიდეიმ ფაქტობრივად ვერაფერი მოახერხა (10 ქულა, 4/14, 9 პასი).

ფინალური სერიის პირველი მატჩის აბსოლუტური გმირი კრის პოლია. CP3 არცისე კარგი პირველი პერიოდის შემდეგ “აფეთქდა” და მილუოკის დაცვას რეგულარულად ანადგურებდა. ბაქსის მოთამაშეები მის წინააღმდეგ უბრალოდ ვერაფერს ახერხებდნენ. მესამე პერიოდში სწორედ მისმა 16-მა ქულამ გაიყვანა ფინიქსი მოგების გზაზე, იანისის წინააღმდეგ შესრულებული And-One კი ფაქტობრივად განაჩენი გახლდათ.

“მეორე შეხვედრაში გაცილებით უკეთესად უნდა ვითამაშოთ. ახლა ამ თამაშს ვუყურებთ და ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ. ფინიქსის რიტმის შეწყვეტის გზები უნდა ვიპოვოთ. კრის პოლი ასე ადვილად არ უნდა ისროდეს,” - ეს მილუოკის მთავარი მწვრთნელის, მაიკ ბუდენჰოლცერის სიტყვებია.

მეორე მატჩი ასევე ფინიქსის არენაზე, 9 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები