Thumbnail

ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებმა ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და პირველი ფინალისტი გახდა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლეონარდო ბონუჩი: "ჩემს კარიერაში ყველაზე რთული თამაში იყო. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ამიტომაც სიხარული კიდევ უფრო დიდია. ესპანეთი დიდებული იყო, მაგრამ ჩვენ იტალიელების გულით ვითამაშეთ და ფინალში გავედით. ახლა ძალიან ცოტა რჩება, ერთი სანტიმეტრი. ისევ აქ ვიქნებით და კიდევ უფრო ცივსისხლიანად უნდა ვითამაშოთ, რათა სახლში წავიღოთ ის, რაც 50 წლის განმავლობაში გვაკლდა".

ფედერიკო კიეზა: "ეს გამარჯვება ლეონარდო სპინაცოლას ეძღვნება. ეს საოცარი გუნდია, ამ საღამოს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა და ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და ყოველ მეოთხე დღეს თამაში არ გვაწუხებს. ნახავთ, ჩვენ მზად ვიქნებით. ეს საღამო კი ჩემს კარიერაში საუკეთესოა, 60 მილიონი იტალიელისთვის თამაში ლამაზი ოცნებაა, ამას ვერც ვიფიქრებდი".

ჟორჟინიო: "გაგვიჭირდა დიდი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ბევრს დარბოდა. მაგრამ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, ბოლომდე გვჯეროდა და შედეგსაც მივაღწიეთ, გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ. ეს გუნდი არასდროს დანებდება, იტალია არასდროს დანებდება. საუკეთესოს ვიმსახურებთ, რადგან ერთად განვიცდით, ერთად ვთამაშობთ, ერთად ვხუმრობთ, ზოგჯერ ვკამათობთ, მაგრამ ეს ოჯახია. ვინც სკამზე რჩება, სხვებს ეხმარებიან, ეს ყველაფერი მშვენიერია".

ჯანლუიჯი დონარუმა: "აუწერელი ემოციაა! მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ გუნდის დახმარება შემეძლო, ეს ფანტასტიკური იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ხალხს, ვისაც ჩვენი სჯეროდა. ახლა ჩვენი ოცნების ასასრულებლად ბოლო ნაბიჯის გადადგმა რჩება. ესპანეთი დიდებული იყო, ძალიან ძლიერი. თუმცა ამ იტალიას დიდი გული აქვს, უდიდესი, არაფერს თმობს, არასდროს! ერთი სანტიმეტრის არ დაგვითმია და შემდეგ ყველაფერი საჩვენოდ დასრულდა. ფინალზე არ ვისაუბრებ, ცრუმორწმუნე ვარ. ამ საღამოთი უნდა დავტკბეთ და ხვალიდან ფინალზე ვიფიქრებთ. პენალტების სერია? იმ მომენტში ყველაფერი იდო, ვიცოდი, საით უნდა გადავმხტარიყავი, ახლა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვარ. გუნდის ძალისხმევით მივაღწიეთ ამას. ყველაფერს ვაკეთებ, რომ იმ მეკარეებს დავემსგავსო, რომლებმაც წარსულში "აძურის" ისტორია დაწერეს და ვცდილობ, მათ ვაჯობო. ემოციების გადმოცემა შეუძლებელია. გამარჯვებას სპინაცოლას ვუძღვნი".

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში მეოთხედ გავიდა - 1968 წელს მოიგო, ხოლო 2000 და 2012 წლებში დამარცხდა. ამჯერად "სკუადრა აძურა" 11 ივლისს, ინგლისის ან დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები