Thumbnail

ლონდონის "უემბლიზე" ევრო 2020-ის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, იტალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 მორჩა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც იტალიის ნაკრებმა 4:2 მოიგო. რობერტო მანჩინის გუნდი ფინალში ინგლისის ნაკრებისა და დანიის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. 

რობერტო მანჩინიმ მარჯვენა ფლანგზე ჯოვანი დი ლორენცო და ფედერიკო კიეზა დააყენა. ტრავმირებული სპინაცოლა კი ემერსონით შეცვალა. ლუის ენრიკემ სასტარტოში მიკელ ოიარზაბალი და დანი ოლმო დააყენა. 

პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო დანი ოლმოს ეპიზოდი იყო

ესპანეთის ნაკრებმა შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება, თუმცა დაძაბულ მატჩში მომენტები იშვიათად იქმნებოდა და ეს უფრო კონკრეტული შეცდომების შემდეგ ხდებოდა. პირველ ტაიმში ორი საგოლე მომენტი იყო - დანი ოლმოს დარტყმული 25-ე წუთზე დონარუმამ მოიგერია, ხოლო 45-ე წუთზე ემერსონმა ბურთი ძელს გაარტყა.

ფედერიკო კიეზამ ანგარიში მე-60 წუთზე გახსნა

მე-60 წუთზე იტალიამ ანგარიში კონტრშეტევაზე გახსნა - ფედერიკო კიეზამ ოდნავ წინ გამოსულ უნაი სიმონს გაუტანა. 

ალვარო მორატას საპასუხო გოლი

"ფურია როხამ" მე-80 წუთზე გაათანაბრა, ოლმოს პასით შეცვლაზე შესულმა ალვარო მორატამ გაიტანა და ევროპის ჩემპიონატებზე გოლების რაოდენობით ფერნანდო ტორესს გადაუსწრო. 90 წუთი 1:1 დასრულდა. პირველ დამატებით ტაიმში ესპანეთის ნაკრებს ჰქონდა უდიდესი უპირატესობა, დონარუმას კართან მუდმივი დაძაბულობა იყო. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა.

პენალტების სერიაში იტალიისგან ლოკატელიმ ვერ გაიტანა, თუმცა ესპანეთისგან ოლმომ და მორატამ გააფუჭეს პენალტები და ჟორჟინიომ იტალიას ფინალის საგზური მოუტანა. 

TOP - ფედერიკო კიეზა (იტალია)

ბრწყინვალედ ითამაშა: გაიტანა გოლი და მუდმივად სახიფათო იყო, სანამ ტრავმას მიიღებდა. ორჯერ დაარტყა უნაი სიმონის კარში, 86-დან 77 ზუსტი პასი გააკეთა და ამ კომპონენტში ესპანელთა დომინაცია შეამცირა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ჟორდი ალბამ ევროპის ჩემპიონატზე მე-16-ედ ითამაშა და ნაკრებში ამ მხრივ ლიდერებს, ანდრეს ინიესტასა და სესკ ფაბრეგასს გაუთანაბრდა.

📌 ჯორჯო კიელინი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ერთი და იმავე მეტოქის (ესპანეთი) წინააღმდეგ ხუთჯერ ითამაშა.

📌 ლეონარდო ბონუჩიმ ევროპის ჩემპიონატზე მე-17-ედ ითამაშა და ამ მხრივ რეკორდსმენს, ჯანლუიჯი ბუფონს გაუთანაბრდა.

📌 პედრი გონსალესის 31-ვე პასი (22 მეტოქის მოედანზე) ზუსტი იყო პირველ ტაიმში.

📌 ევრო 2000-ის შემდეგ პირველად, იტალიამ პირველ ტაიმში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

📌 იტალია მეორე ნაკრებია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელსაც ერთ ტურნირზე 5 და მეტი მეგოლე ჰყავს 2+ გოლით.

📌 ალვარო მორატა კრიშტიანო რონალდოს შემდეგ მეორე ფეხბურთელია, ვინც ორ ევროზე შეძლო 3 და მეტი გოლის გატანა. კრიშტიანოს სამ ევროზე აქვს ასეთი შედეგი.

📌 ალვარო მორატამ 6 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატებზე ესპანეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

📺 იტალია v ესპანეთი [მიმოხილვა]

იტალია 1:1 (4:2 პენ) ესპანეთი

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი (74. ტოლოი) - ბარელა (85. ლოკატელი), ჟორჟინიო, ვერატი (74. პესინა) - კიეზა (107. ბერნარდესკი), იმობილე (61. ბერარდი), ინსინიე (85. ბელოტი)

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - ასპილიკუეტა (85. მ. ლორენტე), ე. გარსია (109. პ. ტორესი), ლაპორტი, ალბა - კოკე (70. როდრი), ბუსკეტსი (106. ტიაგო ალკანტარა), პედრი - ფ. ტორესი (62. მორატა), ოიარზაბალი (70. მორენო), ოლმო

პენალტების სერია

ლოკატელი ❌ ოლმო ❌ ბელოტი ✅ მორენო ✅ ბონუჩი ✅ ტიაგო ალკანტარა ✅ ბერნარდესკი ✅ მორატა ❌ ჟორჟინიო ✅

კომენტარები

ბოლო ამბები