Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კვირის ბოლოს, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკის ნაცვლად ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს გაეჯიბროს, რაც ქართული რაგბისთვის მორიგი ისტორიული მოვლენა იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს პრეტორიაში გაეჯიბრნენ და 9:40 წააგეს, ლომებმა კი იოჰანესბურგში ადგილობრივ ლაიონსს 56:14 სძლიეს. 9 ივლისს ქართველმა მორაგბეებმა აფრიკელებთან მეორედ უნდა ითამაშნონ, ლომებს კი 7-ში ბულსთან შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, თუმცა, კორონავირუსმა, შესაძლოა, ამ გეგმებში ცვლილებები შეიტანოს.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, კოვიდ 19 დაუდასტურდა “ქურციკების” წევრ ლუ დე იახერს და ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა ბულსის რიგებშიც. როგორც Walesonline წერს, ამ ვითარებამ ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს გამოსავლის ძიებისკენ უბიძგა და ქართველი ქომაგისთვის სასიხარულო გადაწყვეტილებაც განიხილება.

თუკი ჩაიშალა როგორც სამხრეთ აფრიკა-საქართველოს, ასევე ლომებისა და ბულსის დაპირისპირება, ბრიტანელი და ირლანდიელი მორაგბეები მზად არიან ბორჯღალოსნებს გაეჯიბრნონ. ვინაიდან აღნიშნულ მატჩებამდე სულ მცირე დროღა რჩება, მოსალოდნელია, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

ის, რომ “ქურციკებთან” მე-2 ტესტის ჩატარება მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ერთი ფაქტიც მოწმობს. სამხრეთ აფრიკის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გადადო საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობის გამოცხადება, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ აფრიკელებთან პირველი ისტორიული ტესტი 2 ივლისს შედგა და ის მასპინძლებმა 9:40 წააგეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებს არასდროს უთამაშია ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ, რომელიც უელსელი, ინგლისელი, შოტლანდიელი და ირლანდიელი მორაგბეების ნაკრებია და ამჯერადაც, უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს შეკრებილი. ლომები სამხრეთულ ტურნეებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან მართავენ, 1989 წლიდან მოყოლებული კი, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში ან სამხრეთ აფრიკაში, ოთხ წელიწადში ერთხელ ჩადიან.

კომენტარები

ბოლო ამბები