Thumbnail
  • 📅 7 ივლისი | 🏟 ლონდონი | ⌚ 23:00 | ⚽ ინგლისი V დანია
  • გარეთ საუთგეტის გუნდს ევროზე გოლი არ გაუშვია  
  • დანიელებს 1992 წლის ტრიუმფის გამეორება სურთ
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტის ვინაობა "უემბლიზე" გაირკვევა, სადაც ინგლისის ნაკრები ლონდონში დანიას დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებული ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიას შეხვდება.

დანია 1992 წლის ტრიუმფის შემდეგ, ნახევარფინალურ ეტაპზე აღარ ყოფილა. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც "სამმა ლომმა" კონტინენტის ამ ეტაპზე გასვლა შეძლო. ბრიტანელებმა ბოლოს ეს 1996 წელს შეძლეს. მოკლედ, ორივე ნაკრები მონატრებულია კონტინენტის პირველობაზე დასკვნით ფაზაში ასპარეზობას და შეეცდება, ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენოს.

მატჩი განსაკუთრებულია ინგლისელებისთვის, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის ფინალში აქამდე არასდროს არ გასულან. გარდა ამისა, ბრიტანელებისთვის დამატებით მოტივაციად შეიძლება იქცეს ის ფაქტი, რომ მიმდინარე ევროს ფინალიც "უემბლიზეა" დაგეგმილი - იქ, სადაც ინგლისმა პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი დიდი სანაკრებო ტურნირი მოიგო (მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატი). 

"უემბლიზე" თამაში ინგლისისთვის დიდი უპირატესობაა. გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე იმყოფებიან, ნაკრების ფეხბურთელებს მოტივაციას უზრდიან. ამ მხრივ პრობლემა აქვს დანიის ნაკრებს, რომლის ფანებიც ლონდონში ჩაფრენას კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საფრთხის გამო ვერ ახერხებენ. დანიელები მხოლოდ ინგლისში მცხოვრებ თანამემამულეებზე არიან დამოკიდებულნი, რომლებსაც “უემბლიზე” თავიანთი ქვეყნის გულშემატკივრობა შეეძლებათ.

დანიელებისთვის ეს ევრო ძალიან ცუდად დაიწყო. კრისტიან ერიკსენის ამბების შემდეგ, გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი შეხვედრა დათმო და მესამე ტურის წინ ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა რუსეთის ნაკრები დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც პირველი ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, შემდეგ ეტაპზე გავიდა. პლეი ოფში კი დანიამ ჯერ უელსს აჯობა (4:0), შემდეგ კი ჩეხეთს (2:1). მიუხედავად იმისა, რომ კასპერ ჰიულმანდის გუნდი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მას რამდენიმე მინუსი აქვს, ერთ-ერთი კი დაცვაში თამაშია. დანიის ნაკრებმა მიმდინარე ევროზე გოლი, გარდა უელსთან დაპირისპირებისა, ყველა შეხვედრაში გაუშვა.

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

საპირისპიროდ, დაცვაში კარგად გამოიყურება გარეთ საუთგეიტის გუნდი, რომელსაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოლი ჯერ არ გაუშვია. ინგლისელები ჯგუფურ ეტაპზე მძიმედ გამოიყურებოდნენ, თუმცა პირველ ადგილზე გავიდნენ. პლეი ოფში "სამმა ლომმა" ჯერ გერმანია (2:0), ხოლო შემდეგ უკრაინის ნაკრები (4:0) დაამარცხა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.ზოგადად, საუთეიტის გუნდი ბოლო პერიოდში დაუმარცხებელია. ინგლისელების დამარცხება ზედიზედ 11 შეხვედრაა, ვერავინ შეძლო. 

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ამ ორ ნაკრებს შორის ბოლო დაპირისპირება 2020 წელს სწორედ "უემბლიზე" გაიმართა და მაშინ დანიის ნაკრებმა ერიკსენის გოლით 1:0 მოიგო. ზოგადად, ინგლისელებს დანიელებთან თამაში უჭირთ. ბოლო 5 დაპირისპირებიდან ბრიტანელებმა 2 მოიგეს და ისიც მინიმალური სხვაობით (1:0 და 2:1). 

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. ეს არის შანსი, დავწეროთ ისტორია, რადგან არასდროს ვყოფილვართ ევროპის ჩემპიონატის ფინალში. გუნდისთვის ეს არ არის დიდი ზეწოლა. ეს კიდევ ერთი გამოწვევაა და ფეხბურთელები ამ გამოწვევისთვის მზად არიან. შემოდგომაზე დანიის წინააღმდეგ ორი შეხვედრა ჩავატარეთ და ვიცოდით, რომ კარგი გუნდი იყო, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ამ ტურნირზე. ეს იქნება ფანტასტიკური თამაში, რომლის ნაწილიც ვიქნებით".

კასპერ ჰიულმანდის (დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ეს სტუმრად თამაშს ჰგავს, თუმცა ამას თავისი ხიბლიც აქვს და ველოდებით. ბედნიერი ვარ, რომ ხალხი მოედანზე დაბრუნდება, თუმცა კარგი იქნებოდა, სტადიონის ნახევარი დანიელი ფანებით ყოფილიყო შევსებული. ჩვენი მოტივაცია "უემბლიზე" შეკრებილი მაყურებლის გაჩუმებაა, თუმცა ვიცი, რომ ეს რთული იქნება".  

საინტერესო ფაქტები

⚽ 1992 წლის ტრიუმფის შემდეგ, დანიის ნაკრები ევროს ნახევარფინალში აღარ ყოფილა.

⚽ ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბოლოს 1996 წელს ითამაშა.

⚽ "სამი ლომი" კონტინენტის პირველობის ფინალში არასდროს გასულა. 

⚽ გარეთ საუთგეიტის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ინგლისელებმა ამ 11 თამაშიდან 10 მოიგეს და მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს.

⚽ გარეთ საუთგეიტის გუნდს ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე გოლი არ გაუშვია.

⚽ ამ ევროზე ჰიულმანდის გუნდმა გოლი, ერთის გარდა ყველა შეხვედრაში გაუშვა

⚽ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება "უემბლიზე" დანიელებმა მოიგეს - 1:0.

⚽ ინგლისი-დანიის ბოლო სამივე შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ჰარი კეინი მეოთხე ინგლისელია, ვინც ევროზე დუბლი შეასრულა - უეინ რუნის (2-ჯერ), ალან შირერის და ტედი შერინგემის შემდეგ.

⚽ კეინი დიდ ტურნირებზე გატანილი გოლებით ალან შირერს დაეწია (9 გოლი) და ნაკრების ისტორიაში მხოლოდ გარი ლინეკერს ჩამორჩება.

⚽ კასპერ დოლბერგმა მიმდინარე ევროზე 3 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატებზე დანიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა, 4 სხვა ფეხბურთელთან ერთად.

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი (4-3-3): პიკფორდი - უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ - ფილიპსი, რაისი, მაუნტი - სანჩო, კეინი, სტერლინგი.

დანია (3-4-3): შმეიხელი - კრისტენსენი, კიაერი, ვესტერგაარდი - სტრიგერი, ჰოიბერგი, დილენი, მეჰლე - ბრაიტვაიტი, დოლბერგი, დამსგაარდი.

კომენტარები

ბოლო ამბები