Thumbnail

ჟაკ ნინაბერი: საქართველომ შოკში ჩაგვაგდო, თუმცა, ეს საჭიროც იყო

სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა “ბორჯღალოსნებთან” მატჩი შეაფასა და მეტოქის თამაშს მაღალი შეფასება მისცა. მსოფლიოს ჩემპიონების თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ “ქურციკები” ქართველ მორაგბეებთან მე-2 ტესტს უფრო კარგად მომზადებულნი შეხვდებიან.

“საქართველოს ნაკრებს კომპლიმენტი ეკუთვნის. ველოდით, რომ ისინი ფიზიკურად დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ, თუმცა, გვინდოდა, გაგვეგო, ამაზე რა პასუხი გვექნებოდა. მართალი გითხრათ, პირველ ტაიმში მათ მცირედით შოკში ჩაგვაგდეს, მე-2 მატჩისთვის კი უკვე ვიცით, რას უნდა ველოდეთ. გასულ შეხვედრაში მათ თამაშზე პასუხი დავაგვიანეთ, დისციპლინის მხრივაც პრობლემები გვქონდა და საქართველოს დამსახურებაც ეს იყო, ასეთი ზეწოლის ქვეშ რომ მოგვაქცია. სხვა საქმეა, რომ ამხელა პაუზის შემდეგ, სწორედ ასეთი სტარტი გვჭირდებოდა. მსგავსი ტესტები ძალიან სასარგებლოა და ისიც კარგი იყო, რომ მე-2 ტაიმში ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს. ვარჯიშზე შესაძლოა მაქსიმუმი გააკეთო, თუმცა, თამაში სხვაა. აქ თავს ვერავინ დაზოგავს”.

საქართველოს ნაკრებთან ტესტ-სერიის შესახებ ისაუბრა სამხრეთაფრიკელთა კაპიტანმა სია კოლისიმაც:

“ამ მატჩზე მოსაგებად გავედით. ტესტ-შეხვედრა იყო, თუმცა, სხვა შედეგი არც განიხილებოდა. ცუდად დავიწყეთ, ბევრი ჯარიმა გვქონდა და ადაპტაცია გაგვიჭირდა. ვერ ვიტყვი, რომ ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან მატჩების წინ რაიმე დავმალეთ. ის ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია. ქართველებმა გვანახეს, რა შეუძლიათ და ჩვენი პასუხიც სათანადო იყო. ამიტომაც, მაქსიმუმი გავაკეთეთ და მაშინ ლომებზე ნამდვილად არ ვფიქრობდით. საქართველოს ნაკრებთან მე-2 ტესტში უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. თამაშის გეგმას პირველივე წუთებიდან უნდა მივყვეთ და მეტოქეს ამდენი შანსი აღარ უნდა მივცეთ”.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” “ქურციკებთან” პირველი ტესტი 2 ივლისს პრეტორიაში ჩაატარეს და 9:40 წააგეს, 9 ივლისს კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, უკვე იოჰანესბურგში, Emirates Airline Park-ზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაიწყოს, ქომაგებს კი სტადიონზე არ შეუშვებენ, რადგანაც ამას სამხრეთ აფრიკაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები კრძალავს.

📺 ვიდეო: ტელეკომპანია იმედი

კომენტარები

ბოლო ამბები