Thumbnail

საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ახლა ევროპის ჩემპიონატია, მაგრამ პარალელურად, 2021/22 წლების სეზონი იწყება და ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დროც მოვიდა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს ნეფთჩის დაუპირისპირდება. პირველი თამაში ოთხშაბათს, თბილისში გაიმართება. შარშანდელისგან განსხვავებით, როცა კოვიდპანდემიის გამო ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპები არასტანდარტულ ფორმატში წარიმართა და ერთმატჩიანი დაპირისპირებები იყო, ახლა ყველაფერი ჩვეულ რეჟიმშია: მომდევნო ეტაპზე გასულის ვინაობას ორმატჩიანი დაპირისპირება გაარკვევს.

საქართველოში სეზონი მიმდინარეობს და დინამო თბილისი, წესით, უკეთეს სათამაშო კონდიციაში უნდა იყოს. ეროვნულ ლიგაში უკვე 21 ტურია ჩატარებული და კახა ცხადაძის გუნდი საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული დინამო ბათუმთან, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ საკუთარ მოედანზე წააგო. აზერბაიჯანში კი სეზონი მაისში დასრულდა და ნეფთჩის ბოლო დროს მხოლოდ ტესტ-მატჩები ჰქონდა.

ბაქოელებმა ბოლო ამხანაგურში მოსკოვის სპარტაკსაც მოუგეს, ხოლო მანამდე სლოვენიურ ოლიმპიასთან ფრე (1:1) ითამაშეს, დომჟალესთან კი დამარცხდნენ (1:2). ამგვარად, სამირ აბასოვის გუნდს ოფიციალური თამაში თითქმის ორი თვეა არ ჩაუტარებია, მაგრამ სამაგიეროდ, საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა. აზერბაიჯანული გუნდი უკვე თბილისშია და მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის სწორედ საქართველოს დედაქალაქში ემზადება.

ნეფთჩისთან დაპირისპირება დიდი გამოწვევაა დინამოს მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძისთვის, რომელიც აზერბაიჯანში წლების განმავლობაში მუშაობდა და მეტოქეს კარგად იცნობს. ქართველ სპეციალისტს აზერბაიჯანში 2009-2015 წლებში უმუშავია და იმ პერიოდში სწორედ ნეფთჩის მთავარი კონკურენტის, ბაქოს ინტერის დამრიგებელი იყო. 2011/12 და 2012/13 წლების სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტებიც იყვნენ და მაშინ ორჯერვე გამარჯვება ნეფთჩის დარჩა, ხოლო ინტერი მე-2 ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, 2009/10 წლების სეზონში ცხადაძემ ინტერი გააჩემპიონა, მაგრამ იმ სეზონში კონკურენციას ნეფთჩი არ უწევდა.

დინამო ნეფთჩისთან მატჩისთვის აქტიურად ემზადება
📸 | დინამო თბილისი

ბაქოელთა მთავარი მწვრთნელი აბასოვი თავის დროზე ცხადაძის შეგირდი იყო. იგი 2009/10 წლების სეზონში იმ ინტერში თამაშობდა, რომელსაც კახა წვრთნიდა და მაშინ ისინი აზერბაიჯანის ჩემპიონებიც გახდნენ. სხვათა შორის, აზერბაიჯანული მედია ყველაზე მეტად დინამოს რიგებიდან სწორედ მწვრთნელს უფრთხის - ამბობენ, რომ ქართველი კარგად იცნობს აზერბაიჯანულ ფეხბურთს. სხვა მხრივ, აზერბაიჯანში ნეფთჩი ფავორიტად მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ ეს ბარიერი ბაქოელებმა აუცილებლად უნდა დაძლიონ. ნეფთჩი აზერბაიჯანის ჩემპიონი გასული სეზონის ბოლო ტურში გახდა, როცა უშუალო კონკურენტი ყარაბაღი დაამარცხა და ნანატრი ტიტული მოიგო.

ნეფთჩი ევროპაში

ნეფთჩი გასულ სეზონში ევროპალიგაზე თამაშობდა და სტამბოლის გალათასარაის შეხვდა, რომელთანაც 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ევროისტორიაში ბაქოელებს ყველაზე დიდი წარმატებისთვის 2012/13 წლების სეზონში აქვთ მიღწეული, როცა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. მართალია, გუნდმა მილანის ინტერთან, ბელგრადის პარტიზანთან და ყაზანის რუბინთან 6 მატჩში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, მაგრამ "სან სიროზე" ინტერთან ფრე (2:2) ნეფთჩისთვის დაუვიწყარი შედეგია.

ნეფთჩი ქართულ კლუბებთან

აზერბაიჯანის მოქმედი ჩემპიონისა და ქართული კლუბის გზები ბოლოს 2013 წლის აგვისტოში გადაიკვეთა, როცა ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა. პირველი მატჩი ბაქოში გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო თბილისში სტუმრებმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოიგეს და იმერული გუნდი ასპარეზობას გამოთიშეს. კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე ნეფთჩის ჯგუფურ ეტაპზე არასდროს უთამაშია, ხოლო ქართულ გუნდს ერთხელ შეხვდა. 2012 წლის ივლისში ბაქოელებმა ზესტაფონს ორი მატჩის ჯამში 5:2 მოუგეს (3:0, 2:2).

ნეფთჩი თბილისში, ს.კ ზესტაფონის ბაზაზე ემზადება

ამგვარად, ნეფთჩი ევროთასებზე ქართული გუნდების წინააღმდეგ დაუმარცხებელია - 2 მოგება, 2 ფრე და ორჯერვე მომდევნო ეტაპზე გავიდა. ცხადია, ეს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან კი დინამო თბილისი და ნეფთჩი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ და სტატისტიკა ქართული კლუბის მხარესაა - 25 მოგება, 16 ფრე და 11 წაგება.

დინამო თბილისი აზერბაიჯანულ კლუბებთან

დინამო თბილისს აზერბაიჯანული მეტოქე ორჯერ ჰყავდა და ორჯერვე გაბალა. 2015/16 წლების სეზონში ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისურმა გუნდმა შინ 2:1 მოიგო, მაგრამ სტუმრად 0:2 დამარცხდა და გავარდა, ხოლო სრულფასოვანი რევანში 2019/20 წლების სეზონში აიღო, როცა მეტოქეს ჯერ სტუმრად აჯობა 3:0 და მერე თბილისშიც მოუგო - 2:0 (ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე).

დინამო თბილისისა და ნეფთჩის მატჩს ისრაელის წარმომადგენლები იმსაჯებენ. მთავარი არბიტრი დავიდ ფუქსმანი იქნება, რომელმაც ევროთასებზე ბოლოს 2020 წლის 4 დეკემბერს, ესპანური გრანადასა და ნიდერლანდური პსვ ეინდჰოვენის თამაში იმსაჯა.

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ წელსაც ითამაშა და ალბანურ ტირანასთან მარცხის შემდეგ (0:2) ასპარეზობას გამოეთიშა. დინამოს ამ ტურნირზე ბოლო 3 მატჩი წაგებული აქვს, ხოლო ბოლო 4 შეხვედრა ვერ მოიგო (1 ფრე, 3 წაგება). უკანასკნელად დინამომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 2016 წლის 12 ივლისს გაიმარჯვა - შინ სომხურ ალაშკერტთან (2:0).

⚽ დინამო თბილისმა გასულ სეზონში ევროპალიგაზეც ითამაშა, სადაც უელსური კონაჰის ბარიერი დაძლია, მაგრამ ფარერების კლუბთან ფიასკო განიცადა.

⚽ ნეფთჩი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2013 წლის შემდეგ პირველად თამაშობს და მაშინ ასპარეზობას შკენდერბეუსთან მარცხით გამოეთიშა (0:0, 0:1). ზოგადად, ბაქოელებს ამ ტურნირზე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და ბოლოს 2012 წლის ივლისში სწორედ ქართულ გუნდს აჯობეს - ზესტაფონთან 3:0.

⚽ სამაგიეროდ, ნეფთჩიმ გასულ სეზონში ევროპალიგაზე ერთი ბარიერი დაძლია და შკუპი 2:1 დაამარცხა, მაგრამ მერე გალათასარაისთან ვერაფერს გახდა - 1:3.

⚽ კახა ცხადაძე და სამირ აბასოვი ბაქოს ინტერში ერთად გახდნენ აზერბაიჯანის ჩემპიონები - ცხადაძე მწვრთნელი იყო, აბასოვი - ფეხბურთელი.

⚽ ნეფთჩის ამხანაგური მატჩების ჩათვლით 9 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლოს 4 აპრილს, სუმგაითთან დამარცხდა (0:2).

⚽ ბაქოელთა ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ დინამო თბილისის ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ დინამო თბილისს ბოლო ორი საშინაო მატჩი წაგებული აქვს, ხოლო ნეფთჩიმ ბოლო 3 საგარეო თამაში მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო თბილისი (3-4-2-1): კვასხვაძე - კობოური, პაპავა, ბენიო - სპორკსლედე, ქარდავა, რადინი, ხარაბაძე - კუცია, გაბედავა - მარუშიჩი

ნეფთჩი (4-2-3-1): მამადოვი - მბოჯი, სტანკოვიჩი, ჩელიკი, ლავალი - მაჰმუდოვი, კოლი - სუარესი, ბუქრინი, კანე - ალასკაროვი

კომენტარები

ბოლო ამბები