Thumbnail

ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩამდე, "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, იტალია ესპანეთის მსგავსად, ერთიანი და შეკრული გუნდია, რის გამოც საინტერესო თამაშს ელის.

ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "გუნდურ სპორტში შეუძლებელია დიდი შედეგის მიღწევა თუ ფიქრობ, რომ ინდივიდები უფრო მნიშვნელოვანები არიან, ვიდრე გუნდური ერთობა. პრობლემა ისაა, რომ ვხედავ იტალიის ნაკრებს, რომელიც ჩვენნაირია და იგივე დამოკიდებულებას ავლენს. მათ გუნდშიც დიდი ერთობაა. ისინი ძალიან ბედნიერნი არიან და საკუთარ თავში დარწმუნებულნი. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდნენ. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ვთამაშობდი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, მაგრამ ნახევარფინალში არასდროს მითამაშია, თუ არ ჩავთვლით ოლიმპიურ თამაშებს (1992 წელს). წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის. იტალიას საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს და ნამდვილი გუნდია. ისინი ერთად უტევენ და თავსაც ერთად იცავენ, ეს ნამდვილად ჰგავს იმას, როგორც ჩვენ ვთამაშობთ. ისინი მაღალ პრესინგს მიმართავენ, რაც ძნელი წარმოსადგენი იყო იტალიის მხრიდან წარსულის გამო. თამაში თავიდან ბოლომდე ძალიან საინტერესო იქნება. მომენტები ორივე გუნდს ექნება".

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის შეხვედრა 6 ივლისს, ლონდონში, უემბლიზე გაიმართება და ევრო 2020-ის პირველი ფინალისტი გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები