Thumbnail

დინამო თბილისის შემტევმა ნახევარმცველმა, ლუკა გაგნიძემ მოსკოვის დინამოსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 18 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენტარი რუსული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჟელკო ბუვაჩმა გააკეთა.

"ლუკა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ასაკის გათვალისწინებით, ის ბურთს ბრწყინვალედ ფლობს, მშრომისმოყვარე და სწრაფი ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგ თამაში არცთუ იოლია. გაგნიძე არ უშინდება საკუთარ თავზე თამაშის აღებას - ეს დიდი პლუსია.

ჩვეულებრივ, ის "რვიანის" პოზიციაზე გამოდის, მაგრამ მას საკმაოდ კარგი დაცვითი უნარებიც აქვს, შესაბამისად, ის უპრობლემოდ ითავსებს "ექვსიანის" როლსაც. დარწმუნებული ვარ, ლუკა მომავალში დინამოს ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდება", - განაცხადა მოსკოვის დინამოს პრესსამსახურთან ბოსნიელმა ფუნქციონერმა. 

ჟელკო ბუვაჩი ლივერპულის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის ყოფილი ასისტენტია. ისინი ერთმანეთს მაინცში თამაშიდან იცნობენ. მაშინ დათქვეს, რომ ვინც პირველი იშოვნიდა სამსახურს, მეორეს ასისტენტად წაიყვანდა. ბუვაჩი იურგენ კლოპის სწრაფი და აგრესიული თამაშის ერთ-ერთ შემოქმედად მიიჩნევა, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის გერმანელის წარმატებულ 17-წლიან სამწვრთნელო კარიერაში. ბუვაჩმა ლივერპული 2018 წლის აპრილიდან დატოვა.

ლუკა გაგნიძე დინამოს აკადემიის აღზრდილია. ეროვნულ ლიგაში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს (14 თამაშიდან). "ტრანსფერმარკტი" მას 700 000 ევროდ აფასებს. გაზაფხულზე დაიწერა, რომ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელით რამდენიმე ევროპული კლუბის, მათ შორის ტურინის იუვენტუსის სკაუტები დაინტერესდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები