Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრები ტოქსიკურ ატმოსფეროს შეეწირა
  • ფრანგების გაერთიანება რთული ამოცანაა
  • დიდიე დეშამის გუნდი ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი იყო

ფრანგების წაგება ყოველთვის მტკივნეული პროცესია. ჩემს მახსოვრობაში ფრანგებს იშვიათად წაუგიათ სკანდალის გარეშე. შვეიცარიასთან სენსაციური მარცხის შემდეგ 1 კვირა გავიდა და პრესაში ბევრი ახალი დეტალი ამოტივტივდა. ჩანს, რომ ეს კლასიკური ფრანგული მარცხი იყო ბევრი ისტერიკით და ურთიერთბრალდებებით.

ამ ყველაფერზე პასუხი ფრანგულ ეთნოკულტურაში უნდა ვეძიოთ. ფეხბურთი არამხოლოდ სპორტის, არამედ კულტურის ნაწილია. ისტორიულად, გერმანიას ბუნებრივი კოლექტივიზმი და საერთო მიზნებისადმი ერთგულება აერთიანებდა. ინგლისს თავისი სახელმწიფოს საუკუნოვანი განცდა აქვს - არ არსებობს ინგლისელი, რომლისთვისაც ‘უემბლიზე’ თეთრი მაისურით გასვლაზე დიდი პატივი არსებობდეს. იტალია, რომელსაც მე-19 საუკუნემდე თავისი სახელმწიფო იშვითად თუ ჰქონია, გუნდში უფრო მეტად ოჯახის ტიპის ერთობას ქმნის. კარგი იტალიური გუნდი ყოველთვის ‘ოჯახურად’ შეკრულია. ესპანეთის საფეხბურთო იდენტობა ძალიან კარგად მოერგო ‘ტიკი-ტაკას’ ფილოსოფიას - ერთად გართობის, თამაშის ერთად ზეიმის კულტურას. შენ ბურთს დასდევ, ის ბიჭები კი ამ ბურთს აქეთ-იქით დააგორებენ და თან შენი სირბილით ერთობიან. აქვე კითხვა ჩნდება - რა აერთიანებთ ფრანგებს?

დეშამი ამ გუნდის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო

ფრანგების გაერთიანება რთული საქმეა. ისტორიულად, ეს ის ხალხია, რომელსაც ინდივიდუალიზმის და თავისუფლებისკენ სწრაფვის განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვს. დიდი ევროპული ცვლილებები საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციით იწყება. აჯანყებაზე, პროტესტზე, რევოლუციაზე ფრანგები ყველაზე იოლად მიდიან.

საქმე ის არის, რომ ფეხბურთს აჯანყებაზე მეტად ერთობა უხდება. ამ ერთობას ფრანგები მაშინ აღწევენ, როცა ვინმე დიდი კაცის გარშემო არიან გაერთიანებულები და როცა ინდივიდუალიზმის და ისტერიკის ადგილი აღარ რჩება. წინა საუკუნეში ფრანგების ორი დიდი გუნდი ორი დიდი კაცის, მიშელ პლატინის და ზინედინ ზიდანის გარშემო იყო გაერთიანებული. ისევ ისტორიული პარალელი იყოს - ფრანგული რევოლუციური დომხალი დიდმა კაცმა, ნაპოლეონმა დაასრულა თავისი დიდი იმპერიული წესრიგით. საფეხბურთო საფრანგეთი თითქოს მუდამ თავის ნაპოლეონს ელოდება, რომ გაერთიანდეს.

სწორედ ამიტომ, ნაკრებშიც მწვრთნელად ბლანის და დეშამისნაირი ხალხი მიჰყავთ (ადრე თუ გვიან, ზიდანის ჯერიც მოვა) და არა ტაქტიკოსებს. საფრანგეთის ნაკრების მართვა პირველ რიგში პოლიტიკა, ლიდერობა და მენეჯმენტია და მხოლოდ ამის შემდეგ ტაქტიკა და წმინდა საფეხბურთო ამბები.

პრობლემას მხოლოდ აღრმავებს გათიშულობა თანამედროვე ფრანგული საზოგადოების შიგნით. აფრიკულ-არაბული მუდამ მზარდი უმცირესობების ფრანგულ სახელმწიფოში ინტერგრაცია ძალიან რთული და მტკივნეული პროცესია.

დეშამი, კიდევ ერთი დიდი კაცი, ამ როლისთვის იყო. როგორც ჩანს, ამჯერად მას ეს არ გამოუვიდა. ვარანი, გრიზმანი და ლენგლე გავარდნის შემდეგ გუნდთან ერთად კი არა, ცალკე გაფრინდნენ - დასასვენებლად. ბენზემას და ჟირუს დეშამი სადილის დროს ერთ მაგიდაზე სვამდა, თუმცა მათი ურთიერთობა იდეალური მაინც არ იყო, პოგბა ბუდაპეშტის სასტუმროში იმაზე წუწუნებდა, რომ ფანჯრები ბოლომდე არ იღებოდა. მოკლედ, ტოქსიკური ატმოსფერო, თუ გინდათ, სწორედ ეს არის. მთლად ჩხუბამდე და გაფიცვამდე საქმე არ მისულა, რადგან დეშამი დომენეკი არ არის.

ამასობაში, ტრიბუნებზე რაბიოს და მბაპეს მშობლები ჩხუბობდნენ. რაბიოს დედა თავის მხრივ ანეკდოტური პერსონაჟია. იუვენტუსის ნახევარმცველის მამას ინსულტი ჰქონდა და ბევრი წელი პარალიზებული იყო. სამი შვილი ამ ქალმა გაზარდა. ძალიან რთული ხასიათი აქვს და დარწმუნებულია, რომ მის შვილს მუდამ უსამართლოდ ექცევიან. რაბიოს პარიზში ყოფნის დროს გუნდთან ერთად ყატარში არ გაუშვეს (ან კი, დედა რატომ უნდა გაეშვათ?!) და ოფისთან მაშინდელ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის დახვდა და მაგრად გამოლანძღა. ხვდებით ალბათ, რა რთული საქმეა ამ გუნდის მწვრთნელობა.

მოედანზე ამ გუნდს ზიდანივით ლიდერი აღარ ჰყავდა. ვარსკვლავები კი, მაგრამ ლიდერი არა. პოგბას ლიდერობის საერთოდ არ მჯერა, გრიზმანის - გაჭირვებით.

კიდევ ერთი ისტორიული პარალელიც: ფრანგებს უყვართ, როცა აუტსაიდერები არიან. მსოფლიო ჩემპიონის სტატუსმა და ობიექტურად ძალიან ძლიერმა შემდგენლობამ საფრანგეთს ცუდი სამსახური გაუწია. გუნდი თითქოს გაზარმაცდა. არადა, საფრანგეთის თამაში ყოველთვის ბრძოლა, ძალა და დაცვა იყო. წინა მუნდიალიც ასე მოიგეს. ‘ესენი აქ სასეირნოდ ჩამოვიდნენ’ - ასე შეაფასა ჟოზე მოურინიომ საფრანგეთის თამაში.

მბაპეს გადამწყვეტი პენალტი

შემთხვევითი არ იყო, რომ საუკეთესო შეხვედრა დეშამის გუნდმა ისტორიული მეტოქის, გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარა. იქ მოტივაციის პრობლემა არ იყო. უფრო ‘პატარა’ უნგრეთთან და შვეიცარიასთან გუნდი თავის თავს არ ჰგავდა. თითქოს სჯეროდათ, რომ მბაპეს, პოგბას და გრიზმანის წინააღმდეგ უნგრეთს ან შვეიცარიას თავიდანვე კაპიტულაცია უნდა გამოეცხადებინა.

სათამაშო პრობლემებიც იყო. საფრანგეთის ნაკრები ყოველთვის გაუვალ დაცვაზე იდგა. ამ ტურნირზე ნულზე თამაში აღარ გამოდიოდა - გერმანიის მერე დეშამის გუნდი გოლს თუ გოლებს სტაბილურად უშვებდა. პავარი სუსტად გამოიყურებოდა, შვეიცარიასთან ტაქტიკის შეცვლა და ლენგლეს გამოშვება უაზრო რისკი გამოვიდა. უკვე ფავორიტის რანგში მოთამაშე გუნდს მოედნის ცენტრში შემქმნელი ნახევარმცველი უჭირდა. კანტე მსოფლიოში საუკეთესოა, როცა მეორე ნომრად თამაშობ. ასეა ჩელსიშიც და ასე იყო 2018 წლის მუნდიალზეც. მაგრამ ამ ტურნირზე აშკარა ფავორიტ ფრანგებს მეორე ნომრად თამაშის ფუფუნება აღარ ჰქონდათ. მბაპეს თამაში საერთოდ არ წაუვიდა. მოკლედ, ბევრი სათამაშო ნიუანსიც არ აეწყო.

წაგების მეორე დღეს, უკანასკნელ სადილზე, დეშამმა სიტყვა აიღო და ყველას დაპირდა, რომ წაგებას პრესის წინაშე და გულშემატკივრისთვის თავის თავზე მხოლოდ ის აიღებდა. ასეც მოიქცა - ნახეთ მისი ყველა ინტერვიუ. და კიდევ ერთი უბრალო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამეც უთხრა: ‘პატივი ეცით ერთმანეთს, ყოველთვის!’

 

კომენტარები

ბოლო ამბები