Thumbnail
  • ქართველი ფალავნების მონაგარი 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია
  • საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში კონკურენტებს დიდი სხვაობით აჯობა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტრიუმფალურად დაასრულა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართული ევროპის ჩემპიონატი. რევაზ ლაშხის შეგირდებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში დიდი უპირატესობით იმარჯვეს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ.) ავიდა, ვერცხლის მედლებს კი გიორგი თოხაძე (55 კგ.) და გიორგი შპეტიშვილი (77 კგ.) დაეუფლნენ. დღევანდელი მონაგარი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე (60 კგ.) და გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს კი ლუკა ოჩიგავა (67 კგ.) დაეუფლა.


აბულაძემ ებრაელი აბერე ფეტენე 5:1 დაამარცხა, პოლონელ არსლანბეკ სალიმოვს 9:7 მოუგო, ნახევარფინალში ბულგარეთის სახელით მოჭიდავე სომეხ არმენ ნაზარიანს (გასული წლის ევროპის ჩემპიონი დიდებში) 3:2 სძლია, ფინალში კი რუს დინისლამ ბამატოვს ასევე დაძაბულ ორთაბრძოლაში აჯობა – 5:4.

ჩხიკვაძემ საჩემპიონო გზაზე ბელარუს ანდრეი კავალეუსკის (7:5), შვეიცარიელ მიხაელ პორტმანს (10:0), აზერბაიჯანელ ხასაი ჰასანლის (8:0), ხორვატ ლუკა მალობაჩიჩსა (9:0) და უნგრელ ატილა ტოესმაგის (4:1) აჯობა.


ოჩიგავამ გერმანელ აარონ ბელშეიდტს (1:1-ზე უპირატესობით) და უკრაინელ მიკიტა ხოხლაჩოვს (8:0) მოუგო, რასაც ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ჰასრატ ჯაფაროვთან (აზერბაიჯანი) მარცხი (0:6) მოჰყვა, ბრინჯაოს მედლისთვის კი, ქართველმა ფალავანმა უნგრელ ადამ პოჰილეჩს შანსი არ დაუტოვა – 10:0.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 154 ქულა მაოგროვა და დიდი უპირატესობით აჯობა რუსეთისა (118) და თურქეთის (100) გუნდებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები