Thumbnail

'ძმებივით ვართ და შედეგსაც ვიღებთ' - ფედერიკო კიეზა იტალიის ნაკრებზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფედერიკო კიეზამ ევრო 2020-ზე ვრცლად ილაპარაკა
  • იტალიელმა შემტევმა რობერტო მანჩინის წვლილი გამოარჩია

ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. იტალიელთა შემტევმა ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ უეფას ვებ-გვერდთან როგორც მოახლოებულ მატჩზე, ისე განვლილ შეხვედრებსა და იტალიის ნაკრებში არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი:

ფედერიკოს თავიდან 1/8-ფინალში ავსტრიის ნაკრებთან დამატებით დროში გატანილ გოლზე მოუწია საუბარი: "ფანტასტიკური შეგრძნება და უდიდესი სიხარული იყო. "უემბლიზე" თამაში შენი ქვეყნისთვის და გოლის გატანა ძალიან დიდი ემოციაა. ვფიქრობ, ეს არის ოცნება, რომელიც ბავშვობაში ყველას გვაქვს, როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებთ: თამაში ეროვნულ ნაკრებში, დიდ ტურნირებში მონაწილეობა და გოლების გატანა".

კიეზა ავსტრიასთან გოლს ზეიმობს

"სკუადრა აძურამ" 1/4-ფინალში ფიფას რეიტინგის ლიდერი ბელგიის ნაკრები დაამარცხა. კიეზა დარწმუნებულია, რომ გუნდის ასეთი პროგრესი მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის დამსახურებაა:

"შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ეს იმ სამუშაოს დამსახურებაა, რომელიც მწვრთნელმა ბოლო ორ წელიწადში გასწია. თამაშის იდეა, რომელმაც ენთუზიაზმი მოგვცა და ახლა შედეგებსაც ვიღებთ. ეს არის ჩვენი გუნდის ძალა, ყველას გვიყვარს ერთმანეთი. მანჩინიმ ნაკრები ტოპ-დონეზე დააბრუნა, გუნდში ყველანი ძმებივით ვართ, რობერტომ გვითხრა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გვევლო".

იმავე ბელგიასთან მატჩში იტალიას გამორჩეული ფეხბურთელი ლეონარდო სპინაცოლა დაუშავდა, რომელმაც აქილევსის მყესი გაიწყვიტა და 6 თვე ვერ ითამაშებს. კიეზა იმედოვნებს, რომ თანაგუნდელს ჩემპიონობით გაახარებენ.

"ძალიან ვწუხვარ სპინას გამო. ის შესანიშნავად თამაშობდა, ჩვენთვის ფუნდამენტური ფეხბურთელი იყო. ძალიან დაგვაკლდება, რადგან საოცარი მოთამაშეა და საუკეთესოს ვუსურვებ. ახლა მან მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე უნდა იფიქროს, ჩვენ კი ვეცდებით, რომ ის ძალიან გავახაროთ", - განაცხადა კიეზამ და იქვე ნახევარდაცვის რგოლის სიძლიერეც ახსენა: "ფანტასტიკური ნახევარდაცვა გყვავს, თავდამსხმელისთვის ეს ძალიან კარგია, რადგან ბურთი ყოველთვის სწორ დროს მოგდის, მთავარია კონცენტრირებული და მზად იყო".

ფედერიკო ბელგიელების კარს უტევს

იტალიელებს ფინალში გასასვლელად ესპანეთის ნაკრების ბარიერის დაძლევა მოუწევთ. "ესპანეთთან ძალიან რთული თამაში იქნება. ისინი ბურთს იშვიათად კარგავენ, ისევე, როგორც - ჩვენ. მძიმე ბრძოლა იქნება, თუმცა აქამდეც ასე იყო. ისინი განსხვავებული სისტემით თამაშობენ. 4-3-3-ით, როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენ უფრო დინამიურები ვართ, პოზიციებს ვცვლით, როგორც შეტევაში, ისე - დაცვაში. თუმცა, მთლიანობაში იდეოლოგია იგივეა: ბურთის შენარჩუნება, მაღალი პრესინგი, მეტოქეზე დომინირება", - დასძინა იტალიელმა შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ იტალია-ესპანეთის თამაში 6 ივლისს, ლონდონის "უემბლის" სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები