Thumbnail
  • დინამო თბილისი ვიქტორ მონხილმა და ფილიპ ორშულამ დატოვეს
  • საქართველოს ჩემპიონს 7 ივლისს ნეფთჩისთან მატჩი აქვს

საქართველოს ჩემპიონი ესპანელმა მცველმა ვიქტორ მონხილმა და სლოვაკმა ნახევარმცველმა ფილიპ ორშულამ დატოვეს. ორივე ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

მონხილმა დინამოს კონტრაქტის გაწყვეტა თავად სთხოვა და მიზეზად პირადი პრობლემები დაასახელა. ის კლუბს ასე დაემშვიდობა:

ვიქტორ მონხილი: "მინდა მივმართო დინამო თბილისის დიდ ოჯახს. დღეს ჩემთვის მძიმე და რთული დღეა. თქვენ ჩემთვის ბევრს ნიშნავთ, ქართველი ხალხი გულით მიყვარს. მიყვარს ეს დიდი გუნდი, რომელმაც მომცა საშუალება ისეთი ოცნებების ახდენის, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი. ფეხბურთში არაა იოლი წარმატების მიღწევა და მე თქვენთან ერთად ეს შევძელი. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მიმიღეთ და გვერდში მედექით, როგორც თქვენიანს. თავს ყოველთვის ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. ვთხოვე კლუბს და ორმხრივად გავწყვიტეთ კონტრაქტი. გუნდი ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დგას. დინამოზე უამრავი რამის თქმა შემიძლია და ამაყი ვარ, რადგან ამ ისტორიული და საამაყო კლუბის წევრი ვიყავი და რამდენიმე წარმატებაში თავადაც მივიღე მონაწილეობა. მინდა, კლუბის თითოეულ წევრს მადლობა ვუთხრა. დაწყებული გუნდის პრეზიდენტით და დამთავრებული თითოეული თანამშრომლით. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და 100% დახარჯვის მთავარი სტიმული იყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს. მომენატრებით ბიჭებო, თქვენთან ერთად ყოველთვის ამ ოჯახის წევრად ვთვლიდი თავს. მიხარია თქვენთან მეგობრობა და ყველას წარმატებას გისურვებთ. იმედი მაქვს ჩვენ კიდევ შევხვდებით - თქვენ ჩემი სახლი ხართ".

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ მონხილი დინამო თბილისში 2019 და შემდეგ 2020-2021 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მოედანზე კი 69-ჯერ გავიდა და 1 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ფილიპ ორშულას, სლოვაკი დინამოში 2020 წელს მივიდა და მხოლოდ 10 უგოლო მატჩი ჩაატარა. დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 7 ივლისს, ბაქოს ნეფთჩის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები