Thumbnail

რა შანსი აქვს გიორგი არაბიძეს შახტარის პირველ გუნდში? ჯერ კონტრაქტი

  • 20 წლის ქართველის მომავალზე უკრაინულმა sport.ua-მ დაწერა
  • უკრაინული საიტი შახტარის მთავარ გუნდში არაბიძის შანსებს აფასებს
  • ყველაფერი ივნისის ბოლოს გაირკვევა

ახლახან გიორგი არაბიძემ დონეცკის შახტარის დუბლებთან ერთად უკრაინის ახალგაზრდულ პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა. კიევის დინამოსთან გადამწყვეტ მატჩში დონეცკელებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს (2:2), 20 წლის ქართველმა შემტევმა კი ჯერ 11-მეტრიანი აქცია გოლად, შემდეგ კი საგოლე პასი მიითვალა.

► გიორგი არაბიძე ჩემპიონია | ქართველის გოლი და საგოლე პასი

ცნობილმა უკრაინულმა საიტმა sport.ua-მ შახტარის ის 10 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომლებიც კლუბის მთავარ გუნდში კონკურენტუნარიანები იქნებოდნენ. მათ შორის მოხვდა გიორგი არაბიძეც.

შახტართან კონტრაქტი 2018 წლის ივნისში უსრულდება.
შახტარის ძირითადში ადგილისთვის ბრძოლის მზადყოფნა - 50%
შახტარის პირველ გუნდში მოხვედრის ალბათობა - 25%.

"ქართველი ჰავბეკი, რომელიც მირჩა ლუჩესკუს მწვრთნელობის დროს პერიოდულად უშინაურდებოდა პირველ გუნდს, პაულუ ფონსეკას მოსვლის შემდეგ მხოლოდ ახალგაზრდული გუნდის ძირითადის მოთამაშედ იქცა. თუმცა, არაბიძეს უდიდესი პოტენციალი აქვს და თუკი მის გამომჟღავნებას მოახერხებს, ეჭვგარეშეა, ძალიან კაშკაშა ფეხბურთელად გადაიქცევა. შახტარის დღევანდელ პირველ გუნდში არაბიძე სავსებით შეძლებდა უახლოეს რეზერვში ადგილისთვის ბრძოლასა და ცვლილებაზე თამაშს, მაგრამ მისი მომავალი პირველ რიგში დამოკიდებულია დონეცკურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც ამა წლის ივნისში სრულდება", - წერს საიტი.

გიორგი არაბიძე უკრაინულ კლუბში თბილისის ლოკომოტივიდან 2015 წლის ზაფხულში გადავიდა, უკრაინის ახალგაზრდული ჩემპიონატის 2017/18 წლების სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში კი 8 გოლი გაიტანა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის აქტივში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი და ერთი საგოლე პასია.

შეგახსენებთ, რომ შახტარის პირველ გუნდში საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის.

კომენტარები

ბოლო ამბები