Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში დანიის ნაკრებმა ჩეხეთი 2:1 დაამარცხა და 29-წლიანი პაუზის შემდეგ ამ ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ კომენტარები ორივე გუნდის წევრებმა გააკეთეს.

კასპერ ჰიულმანდი (დანიის ნაკრების მწვრთნელი): "ეს ყველაფერი ჯადოსნურია. პირველი, რაც ბიჭებს შეკრებაზე პირველ შეხვედრაზე ვაჩვენე, ეს იყო "უემბლის" ფოტო, როდესაც იქ შემოდგომაზე ვიყავით. ვუთხარი, რომ იქ უნდა დავბრუნებულიყავით. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა ძალიან დიდი მიღწევაა".

სიმონ კიაერი: "დაცვაში თამაში მოგვიწია? საბედნიეროდ, ეს თამაშის ის ნაწილია, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს, საჯარიმოში ვიყავი და ბურთებს ვიგერიებდი. უკეთ თამაშიც შეგვეძლო, მათ ინიციატივა დავუთმეთ, მაგრამ დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩვენი მიზანი იყო „უემბლიზე“ მოხვედრა. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ნახევარფინალი ჩვენი მაქსიმუმია. ენერგიის აღდგენა გვჭირდება, ოთხ დღეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს".

კასპერ შმეიხელი: "სიტყვების პოვნა რთულია. რთული იყო ჩეხეთთან თამაში. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე უფრო რთული გამოდგა. ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ და ეს გავაკეთეთ. თამაშის დასრულების შემდეგ დიდი შვება იყო, ასეთი მომენტები ძალიან იშვიათია. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, გვინდა, რომ ფანებმა ჩვენით იამაყონ".

პატრიკ შიკი: "ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, ჩვენთვის ყველაფერი აქ დასრულდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ წარმატების მისაღწევად, მაგრამ ბოლო წუთებში საკმარისი ძალა არ გვქონდა. მეორე ტაიმში კიდევ ერთი თავდამსხმელი დავამატეთ, ვცდილობდით უფრო სწრაფად გვეთამაშა და მეტი წნეხის ქვეშ მოგვექცია მეტოქე. სწრაფად შევამცირეთ სხვაობა და გათანაბრების იმედი გვქონდა, უბრალოდ ბოლოს ძალა აღარ გვქონდა. ჩემთვის კარგი ტურნირი იყო, თუმცა ყველანი ვგრძნობთ, რომ დღეს უფრო მეტი შეგვეძლო. დანია არ იყო დაუმარცხებელი და ამიტომაც ვწუხვართ".

ტომაშ ვაცლიკი: "წავაგეთ და სახლში მივდივართ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამ გუნდით ვამაყობ. ჩვენი თამაშით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, შეგვიძლია თავი მაღლა ავწიოთ - ყველაფრის გათვალისწინებით. ჩვენი არავის სჯეროდა, მაგრამ ერთად ვიყავით, გუნდს ძლიერი სულისკვეთება ჰქონდა, ამ გუნდს რაღაც განსაკუთრებული აქვს. ვფიქრობ, რომ ამ ტურნირიდან მხოლოდ პოზიტივი უნდა ვიპოვოთ. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს ჩემი ნდობისთვის, ისინი დამეხმარნენ ტურნირისთვის საჭირო ფორმაში შესვლაში".

შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში 7 ივლისს, ინგლისის ნაკრებს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები