Thumbnail

ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე 1/4 ფინალურ მატჩში დანიის ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ჩეხეთი და ნახევარფინალში გავიდა. კასპერ ჰიულმანდის გუნდი პირველ ტაიმში დილეინისა და დოლბერგის გოლებით დაწინაურდა, ჩეხებმა ამას შიკის გოლით უპასუხეს, რაც საკმარისი არ იყო. 7 ივლისს დანიის ნაკრები ნახევარფინალში უკრაინისა და ინგლისის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია პირველი ნახევარფინალური წყვილი ევრო 2020-ზე - 6 ივლისს იტალია ესპანეთს შეხვდება. ორივე 1/2 ფინალური მატჩი ლონდონში გაიმართება.

მერვედფინალში დანიელთა გმირმა დოლბერგმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ვასს სტიგერ ლარსენი არჩიეს. ჩეხეთის ნაკრების თავკაცმა იან ბორჟილი მარცხენა მცველად დააყენა, კადერჟაბეკი  კი სკამზე გადასვა. 

მხარდაჭერა კრისტიან ერიკსენს

დანიის ნაკრებმა ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გახსნა - სტიგერ ლარსენმა კუთხური მოაწოდა და ყველასგან უმეთვალყურეოდ დატოვებულმა თომას დილეინიმ ვაცლიკს თავით გაუტანა. მალევე იუბილარ დამსგაარდს შეეძლო უპირატესობის გაზრდა,მას მერე, რაც ჰოიბერგის პასით მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა და ჩეხმა მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან იოლად გამოიტანა. ჩეხების პასუხი ჰოლეშის მომენტი იყო, მაგრამ შმეიხელმა ბურთი მოიგერია.

ანგარიში თომას დილეინიმ გახსნა

ჩეხეთის ნაკრები სერიოზულს ვერაფერს ქმნიდა, დანია კი კონტრშეტევებზე მწვავედ "იჩხვლიტებოდა", ჯერ დამსგაარდს აჯობა ვაცლიკმა, მაგრამ 42-ე წუთზე იოაკიმ მეჰლემ მარცხნიდან შესანიშნავად ჩააწოდა, ბრაიტვაიტი თავით ბურთს ვერ შესწვდა, მაგრამ კომბინაციის გოლით დასრულება კასპერ დოლბერგმა შეძლო. 

ბრაიტვაიტი ბურთს ვერ შესწვდა, მაგრამ კომბინაცია დოლბერგმა დაასრულა

მეორე ტაიმი ჩეხების შტურმით დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა შედეგი - ცოუფალის პასით პატრიკ შიკმა ამ ტურნირზე მე-5 გოლი გაიტანა და კრიშტიანო რონალდოს დაეწია. 

პატრიკ შიკის მე-5 გოლი ევრო 2020-ზე

82-ე წუთზე პოულსენი-მეჰლეს კომბინაციის შემდეგ ვაცლიკმა ჩეხეთი აშკარა გოლისგან იხსნა. ბოლო წუთებზე ჩეხების შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო.

TOP - თომას დილეინი (დანია)

დანიელთა პირველი გოლის ავტორი. მან შვიდი საჰაერო დუელი მოიგო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 მიკელ დამსგაარდი (დანია) ყველაზე ახალგაზრდა იუბილარია, ვინც ევროზე თავის დაბადების დღეზე ითამაშა. სულ ასეთი 21 ფეხბურთელი იყო. დამსგაარდი 21 წლის გახდა.

📌 ამ მატჩამდე ამ ორი გუნდის ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5 ფრედ დასრულდა.

📌 დანიის ნაკრებმა დილეინის გოლით ევრო 2020-ზე მე-10 გოლი გაიტანა, რაც ამ გუნდისთის ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში რეკორდია. დოლბერგის გოლით კი გუნდმა დიდ ტურნირებზე საკუთარი რეკორდიც მოხსნა.

📌 ევრო 2020-ზე უკვე 24 გოლი გავიდა თავით, ყველაზე მეტი ტურნირის ისტორიაში.

📌 კასპერ დოლბერგმა 3 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატებზე დანიის ნაკრების ყველა დროის თანაბომბარდირი გახდა. 4 სხვა ფეხბურთელთან.

📺 ჩეხეთი v დანია [მიმოხილვა]

ჩეხეთი 1:2 დანია

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი - ცოუფალი, ჩელუსტკა (65. ბრაბეცი), კალასი, ბორჟილი - ჰოლეში (46. იანკტო), სოუჩეკი - მასოპუსტი (46. კრმენჩიკი), ბარაკი, შევჩიკი (80. დარიდა) - შიკი (79. ვიდრა)

დანია (3-4-3): შმეიხელი - კრისტენსენი (81. ანდერსენი), კიაერი, ვესტერგაარდი - სტიგერ ლარსენი (71. ვასი), ჰოიბერგი, დილეინი (81. იენსენი), მეჰლე - ბრაიტვაიტი, დოლბერგი (59. პოულსენი), დამსგაარდი (60. ნორგაარდი)

კომენტარები

ბოლო ამბები