Thumbnail

ახალი კონტრაქტი ჰემილტონს - ლუისი მერსედესში რჩება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ჰემილტონმა მერსედესთან კონტრაქტი წელს მეორედ გაახანგრძლივა
  • ფორმულა 1-ის პილოტი მერსედესში 2013 წლიდან გამოდის 

ლუის ჰემილტონმა მერსედესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ბრიტანელი პილოტი გუნდში კიდევ 2 წლით, 2023 წლამდე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორმულა 1-ის რეკორდსმენი მერსედესთან ერთად მე-10 და მე-11 სეზონებს ჩაატარებს.

თებერვალში ჰემილტონმა მერსედესთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2021 წლის სეზონის დაწყებამდე ბევრი გულშემატკივარი დაამშვიდა. როგორც ჩანს, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტს ახალი მიზნები აქვს.

ჰემილტონი მერსედესში კიდევ 2 წლით დარჩება

"ძნელი დასაჯერებელია, რომ თითქმის 9 წელია ამ ფანტასტიკურ გუნდთან ერთად ვმუშაობ. აღფრთოვანებული ვარ, რომ მასთან პარტნიორობას კიდევ 2 წლის განმავლობაში გავაგრძელებ. ერთად ძალიან ბევრს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრს უნდა მივაღწიოთ, როგორც ტრასაზე, ისე მის გარეთ. ახალ ერაში შევდივართ, რომელიც რთული და ამაღელვებელი იქნება და ვერ ვითმენ, ისე მსურს იმის ნახვა, თუ კიდევ რამდენი რამის მიღწევა შეგვიძლია ერთად", - განაცხადა 36 წლის პილოტმა.

სერ ლუის ჰემილტონმა (წოდება წლის დასაწყისში მიიღო) მერსედესში 2013 წელს მიხაელ შუმახერი შეცვალა და ბოლო წლებში ფორმულა 1-ის აბსოლუტური დომინანტი ჩემპიონია. თავისი 7 ჩემპიონობიდან მან 6 სწორედ მერსედესთან ერთად იზეიმა, რითაც სწორედ შუმახერის რეკორდს იყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები