Thumbnail

"არ დაუჯეროთ არავის, ვინც გეტყვით, რომ ფეხბურთი ომია. ეს სპორტია, თამაში, რომელსაც მეგობრებთან ერთად თამაშობ", - ეს ჯანლუკა ვიალის ფრაზაა და ძალიან კარგად აღწერს მის მსოფლმხედველობას. ვიალი, იუვენტუსის ყოფილი კაპიტანი, კარიერის მიწურულს ინგლისში გადაბარგდა და იქ ბევრი ისეთი რამ ნახა, რამაც მისი საფეხბურთო მსოფლმხედველობა რადიკალურად შეცვალა.

წიგნიც აქვს ამაზე - "იტალიური საქმე" ("The Italian Job") ჰქვია და მასში ლუკა ბრიტანულ და იტალიურ საფეხბურთო კულტურებს ადარებს. ვიალის თამაშის ომად ქცევის იტალიურ თუ იუვენტინურ ხელოვნებას, ბრიტანული Fair Play ურჩევნია. ვფიქრობ, მაგალითად, ანტონიო კონტე ლუკა ვიალის არ დაეთანხმებოდა, მაგრამ ეს სხვა ამბავია.

ამ სულისკვეთებით მოიგო ვიალიმ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ბრძოლა - კიბოს წინააღმდეგ. "მე კიბოს არ ვებრძვი. ის ზედმეტად ძლიერი მტერია და ამ ბრძოლაში შანსი არ მაქვს. მე ჩემი ცხოვრების გზას მივდევ და კიბო ამ მოგზაურობაში შემომიერთდა, როგორც არასასურველი მეგზური. ჩემი მიზანია, ეს გზა გავაგრძელო იქამდე, სანამ კიბო თავისით არ დარწმუნებდა, რომ უნდა წავიდეს". ამ პათოსით მოიგო ლუკამ ეს ომი.

ინსინიე და ბარელა - გოლების ავტორები

ვიალი საინტერესო კაცია, ძალიან მაღალი წრის ოჯახიდან მოდის. მის ოჯახს თავისი ციხე-სიმაგრე ჰქონდა, ლუკაც იქ გაიზარდა. თავის დროზე ამაზე პაოლო დი კანიო ბევრს ხუმრობდა. იუვენტინურ პერიოდში დახვეწილი, ინტელიგენტი ვიალისა და რომაელი ქუჩის ბიჭი დი კანიოს მეგობრობა სიურეალისტური სცენარი იყო.

დღეს ლუკა ვიალი იტალიის ნაკრების თავია და თავის ყველაზე ახლო მეგობართან, რობერტო მანჩინისთან ერთად, ამ გუნდს უძღვება. მანჩინიც ვიალის სოციალური წრიდან მოდის - სპორტსმენის კვალობაზე გემოვნებიანი კაცია, რომელმაც თავისი კარიერის ერთი ეტაპი ასევე ინგლისში გაატარა.

ეს წყვილი 30 წელზე მეტია მეგობრობს - ჯერ კიდევ 1990 წლის იტალიის ნაკრებიდან და "სკუდეტოს" მომგები ლეგენდარული სამპდორიადან მოყოლებული.

ნაკრებს მათი ხელი და სტილი ეტყობა - ასეთი პროგრესული და თანამედროვე იტალია ვის გახსოვთ? ბელგიას ბურთის ფლობის და გათამაშების გაკვეთილი იქით ჩაუტარა. დე ბრუინი და ვიტცელი მატჩის დიდი ნაწილი ბურთს იქით დასდევდნენ. ბურთი ვერატის და ჟორჟინიოს ჰქონდათ.

ბელგიამ რაც შექმნა, კონტრშეტევებზე. იმ სწრაფი ბიჭის, დოკუს გამოჩენა, სიურპრიზი იყო ყველასთვის და ერთადერთი პრობლემაც იტალიისთვის ეს ბიჭი აღმოჩნდა. დოკუ და შეხვედრის მსაჯი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. არარსებული პენალტი რომ არა, იტალია უფრო მშვიდადაც მოიგებდა.

ყველამ ვიცოდით, რომ იტალიას ასე თამაში შეუძლია. შვეიცარიას რა უქნა, ხომ გახსოვთ? შვეიცარია რა გუნდია, ფრანგებს და ესპანელებს ჰკითხეთ. ძალიან რთული სათამაშოა.

მაგრამ ბევრი კითხვა იყო იმის შესახებ, ეს "ახალი იტალია" ძველი, პლეიოფური ჭიდაობის ხელოვნებებს როგორ იცნობდა. როცა დასჭირდათ, აღმოჩნდა, რომ იტალიას დაცვა და თამაშის მოკვლა ისევე კარგად შეუძლია, როგორც "სკუადრა აძურას" სხვა დიდ გუნდებს. კიელინიმ ლუკაკუ კიდევ ერთხელ გააქრო. ზოგადად, როცა "ვან დაიკებზე" საუბრობენ და რატომღაც კიელინი-ბონუჩის ისტორიული დუეტის ძალა ავიწყდებათ, ცოტა მეცინება ხოლმე. "ეს დაცვის ჰარვარდის უნივერსიტეტია", - მახსოვს, ერთხელ ასე შეაფასა ჟოზე მოურინიომ ეს წყვილი.

იტალია ზეიმობს - სპინაცოლამ ლუკაკუს არ გაატანინა

მაგრად იდგა ჯიჯო დონარუმა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ლეონარდო სპინაცოლა. მეორე ტაიმში იტალიამ აჩვენა დაცვაში დგომის, მოთმენის, ტკივილის ატანის, თამაშის მოკვლის უნარები. ბევრს შეიძლება ეს არ მოგწონთ, მაგრამ ჩემპიონობას ესეც სჭირდება. სხვანაირად არ გამოდის.

ზემოთ ვიალის ფრაზა იყო, მეგობრებზე, რომლებიც ერთად თამაშობენ. მეგობრობის და ერთობის სული ამ გუნდში ყველგან იგრძნობა! გრძნობ, რომ მზად არიან მოედანზე ერთად მოკვდნენ და ერთად იცოცხლონ. სპინაცოლამ, რომ ლუკაკუს არ გაატანინა, როგორ შეხვდნენ?! კიელინი, რომელიც აღიარებს, რომ ბონუჩის ცოლზე უკეთ იცნობს. მიუნხენიდან უკანა გზაზე თვითმფრინავში ტრავმირებულ სპინაცოლას მთელი გუნდი უმღეროდა - ერთობის ძალიან შთამბეჭდავი კადრები იყო.

სწორედ ამიტომ არის ეს დიდი გუნდი. გუნდი ლიდერების გარეშე. ყოველთვის იცი, რომ ვიღაც გამოვა და თავის თავზე აიღებს - თანაგუნდელებისთვის, იტალიისთვის...

გუშინ ასეთები ბარელა და ინსინიე იყვნენ, იმის წინ - კიეზა, შვეიცარიასთან - ლოკატელი. ესპანეთთანაც ვინმე იქნება. ლუის ენრიკეს ადგილზე მე მშვიდად არ დამეძინებოდა. ეს დიდი გუნდია და ეს გუნდი მისიაზეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები