Thumbnail

6111 დღე... ჯიჯი ბუფონის გამოსამშვიდობებელი წერილი იუვენტუსის ქომაგს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტურინის იუვენტუსის ლეგენდარული მეკარე დღეს კლუბის მაისურით ბოლო მატჩს ჩაატარებს
  • 40 წლის გოლკიპერმა კლუბის გულშემატკივრებს ემოციური წერილით მიმართა


იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც გუნდში უკანასკნელ მატჩს დღეს ვერონასთნ ჩაატარებს, ტურინელ გულშემატკივრებს გამოსათხოვარი წერილი მისწერა.

დღეს, სერია A-ს 2017/18 წლების სეზონის ბოლო მატჩში იუვენტუსი შინ ვერონას მიიღებს. ეს შეხვედრა 40 წლის მეკარისთვის უკანასკნელი იქნება "ბებერი ქალბატონის" მაისურით.

► ფანტასტიკური თავგადასავლის დასასრული | ჯიჯი ბუფონი იუვეში ბოლო მატჩს ჩაატარებს 

"6111 დღე. წრფელი ვნების, სიხარულის, ცრემლის, მარცხისა და გამარჯვების 6111 წვეთი. 

მადლობა ყველა თქვენთაგანს. თქვენ ყველამ შეიტანეთ წვლილი იმაში, რომ შავ-თეთრ მაისურში გატარებული ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი განსაკუთრებული იყო. ეს მაისური ჩემს სხეულს შეესისხლხორცა. მას ვატარებდი, მიყვარდა და პატივს ვცემდი. 

ხვალიდან ეს გზა დასრულდება. დაიხურება წიგნი, რომელიც ერთად დავწერეთ. სავსე ვარ ემოციებით. ახალი გზა აუცილებლად დაიწყება. გადაიფურცლება ახალი წიგნი. ეს უნდა მომხდარიყო. 

იუვენტუსი ყოველთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე ერთი მოთამაშე! კლუბი გააგრძელებს თავისი წიგნის ფურცლების წერას და ვფიქრობ, ეს უსასრულოდ გაგრძელდება. იუვენტუსის უნიკალური გენი აქვს. ეს განუმეორებილი და დიდებულია.

იუვენტუსი ჩემი ოჯახია. არასდროს გადამიყვარდება ის, ყოველთვის ვიქნები მისი მადლიერი და ჩავთვლი საკუთარ სახლად. მან ძალიან ბევრი მომცა, მან ყველაფერი მომცა - იმაზე მეტი, ვიდრე მე მივეცი.

ვისწავლი, როგორ შევხედო მომავალს სხვა თვალით. მივიღებ ახალ გამოწვევებს. 

ზოგჯერ ვიმარჯვებდი, ხშირად ვმარცხდებოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ თითოეული მათგანი განსხვავებული იყო უწინდელისგან.

სტადიონზე ველოსიპედით მოვედი. ისეთი ახალგაზრდა ვიყავი. ხვალ კი მინდა ისე წავიდე, რომ დავტკბე თითოეული ნიუანსით, შევიგრძნო გამომშვიდობების ნაღველი და ოვაციების სიხარული. მინდა დავრწმუნდე, რომ არასდროს ვიქნები იმ ადგილისგან შორს, რომელსაც საკუთარ სახლს ვუწოდებ. სამუდამოდ! მინდა დავემშვიდობო თანაკლუბელებსა და მეგობრებს, რომლებსაც ყოველთვის ძმებად მოვიხსენიებ!

მუდამ თქვენი ჯანლუიჯი ბუფონი", - დაწერა 40 წლის მეკარემ თავის ოფიციალურ გვერდზე "ინსტაგრამში".

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავს, რომელთან ერთადაც იტალიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა, 4-ჯერ იტალიის თასი მოიგო, 5-ჯერ კი - იტალიის სუპერთასი.

ჯიჯი გუნდთან ერთად სამჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2003, 2015 და 2017 წლებში), მაგრამ ტიტული ვერცერთხელ მოიგო. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბუფონის გადაბირებით ლივერპული და პარი სენ-ჟერმენი არიან დაინტერესებულნი.

კომენტარები

ბოლო ამბები