Thumbnail

ტრავმა დიდი ალბათობით, სერიოზულია - იტალიამ მთავარი გმირი დაკარგა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ეს იყო მომენტი, რომელმაც იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი და “სკუადრა აძურას” გულშემატკივრები ძალიან დაამწუხრა!

მორიგი სპრინტის შემდეგ, იტალიის ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლეონარდო სპინაცოლამ “აძურის” მწვრთნელს ანიშნა, რომ თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებდა.

მარცხენა მცველი მინდორზე დაწვა და ტირილი დაიწყო - როგორც ჩანს, მალევე მიხვდა, რომ მისი ტრავმა, დიდი ალბათობით, სერიოზულია. სპინაცოლა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

მისი სახით, იტალიას ნახევარფინალში ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დააკლდება. 28 წლის სპინაცოლა ტურნირის აღმოჩენაა - თურქეთთან და ავსტრიასთან მატჩებში მან საგოლე პასები გააკეთა, ზოგადად კი, უეფას სტატისტიკის მიხედვით, კონტინენტის პირველობის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია.

ზუსტი და ოფიციალური დიაგნოზი ჯერ, რა თქმა უნდა, უცნობია. Sky Italia-ს და “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, მას აქილევსის მყესი შეიძლება ჰქონდეს გაწყვეტილი. თუ ეს მოლოდინი გამართლდა, სპინაცოლა ფეხბურთს 5-6 თვე ვეღარ ითამაშებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები