Thumbnail

მიუნხენის "ალიანც არენაზე" 1/4 ფინალურ მატჩში იტალიის ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და 2:1 მოიგო. ბარელასა და ინსინიეს გოლებს ლუკაკუმ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთით უპასუხა. იტალიის ნაკრები ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც პენალტების სერიაში მოუგო შვეიცარიას.

ბელგიის ნაკრების ფანების მთავარი კითხვა კევინ დე ბრუინსა და ედენ აზარს უკავშირდებოდა - პირველმა გამოჯანმრთელება მოასწრო და სასტარტო 11-ეულშიც ვიხილეთ, მეორე - განაცხადშიც ვერ მოხვდა. რობერტო მანჩინიმ ერთი მოულოდნელობა შემოგთავაზა - ბერარდის სასტარტოში კიეზა არჩია. კიელინი გამოჯანმრთელდა და დაცვის ცენტრს დაუბრუნდა.

მე-13 წუთზე იტალიელთა ჯარიმას ლეონარდო ბონუჩის გოლი მოჰყვა, მაგრამ ის VAR-მა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. ბელგიელებმა დე ბრუინის შორეული დარტყმით უპასუხეს, მაგრამ დონარუმამ ბურთი მოიგერია. მალევე მან ლუკაკუს დარტყმულიც მოიგერია. 

ბონუჩის ეს გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა

31-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა, ვერატის პასის შემდეგ მილანის ინტერის ნახევარმცველმა ნიკოლა ბარელამ ბრწყინვალედ ითამაშა საჯარიმოში და "სკუადრა აძურა" დააწინაურა. 

ნიკოლო ბარელას გოლი

44-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ შორი მანძილიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა კურტუას კარში. თუმცა ორბურთიანი უპირატესობა იტალიამ ტაიმის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა - დოკუს წინააღმდეგ საჯარიმოში დი ლორენცომ იუხეშა, პენალტი რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. 

რომელუ ლუკაკუმ პენალტით ერთი გოლი გაქვითა

მე-60 წუთზე ლუკაკუს გატანა შეეძლო, მას მერე, რაც დე ბრუინის პასი მიიღო, მაგრამ ახლო მანძილიდან სპინაცოლას გაარტყა.ანალოგიურ სიტუაციაში ლუკაკუ თავით ბურთს ვერ შესწვდა.

TOP - ლორენცო ინსინიე (იტალია)

როგორც იქნა, დაამტკიცა, რომ იმსახურებს იტალიის ნაკრების 10-ნომრიან მაისურს. კურტუას შესანიშნავი გოლი გაუტანა, რომელიც საბოლოოდ გამარჯვების აღმოჩნდა. კარისკენ სამჯერ დაარტყა, ერთხელ წარმატებული დრიბლინგითაც დაგვამახსოვრა თავი. დამარცხებულთა რიგებში ძალიან მაგრად ითამაშა 19 წლის დოკუმ.

FLOP - დი ლორენცო (იტალია)

ყველაზე სუსტი წერტილი იტალიის ნაკრებში. ფლანგზე დოკუმ გააწამა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 იტალიის და ესპანეთის ნაკრებები ზედიზედ მეოთხედ ხვდებიან ევროს პლეი ოფში: 
ევრო 2008 - მეოთხედფინალში. 0:0, ესპანეთმა პენალტებით მოიგო 4:2
ევრო 2012 - ფინალი. 4:0 ესპანეთი
ევრო 2016 - 1/8 ფინალი. 2:0 იტალია
ევრო 2020 - ?

📌 ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა.

📌 ჟერემი დოკუ ყველაზე ახალგაზრდა ბელგიელია, ვინც დიდ ტურნირზე პლეი ოფის მატჩში სასტარტოში ითამაშა - 19 წლის და 6 დღის.

📌 ინსინიეს გოლი 90-ე იყო იტალიის ნაკრებისთვის, მას მერე, რაც მას მანჩინი ხელმძღვანელობს.

📌 ბარელას გოლი მეათეა იტალიის ნაკრებისთვის, ევრო 2020-ზე, რაც ნაკრებისთვის სარეკორდოა ევროპის ჩემპიონატებზე.

📌 რომელუ ლუკაკუზე მეტი გოლი არ გაუტანია არც ერთ ბელგიელ ფეხბურთელს, არც ევროპის ჩემპიონატზე (6) და არც მუნდიალზე (5).

📌 ნასერ შადლი შესვლიდან ზუსტად 4 წუთში გამოცვალეს. ევროპის ჩემპიონატებზე ასე მალე შეცვლაზე შესული ფეხბურთელი არ შეუცვლიათ.

ბელგია 1:2 იტალია

ბელგია (3-4-2-1): კურტუა - ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი - მონიე (69. შადლი (74. პრაე), ვიტსელი, ტილემანსი (69. მერტენსი), ტ. აზარი - დე ბრუინი, დოკუ - ლუკაკუ 

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა (79. ემერსონი) - ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი (74. კრისტანტე) - კიეზა (91. ტოლოი), იმობილე (74. ბელოტი), ინსინიე (79. ბერარდი)

კომენტარები

ბოლო ამბები