Thumbnail

ესპანეთი პირველი ნახევარფინალისტია! შვეიცარიამ პენალტების თრილერი ვეღარ მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შვეიცარია 1:1 (1:3 პენალტების სერია) ესპანეთი
  • გოლები: 0:1 ზაკარია (8, ავტოგოლი), 1:1 შაჩირი (68)

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლოდან აღებული ტემპი არც დღევანდელ მატჩში დააგდო და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს შეგირდებმა პლეი-ოფში გასვლა სლოვაკეთთან შთამბეჭდავი გამარჯვებით (5:0) გაინაღდეს, მერვედფინალში ხორვატიასაც 5 გოლი გაუტანეს (5:3 დამატებით დროში), მეოთხედფინალში კი შვეიცარიას პენალტების სერიაში მოუგეს. ვლადიმირ პეტკოვიჩის ნაკრებმა 11-მეტრიანების სერიაში ფავორიტ საფრანგეთს კი აჯობა, თუმცა, ამჯერად იგივე აღარ გამოუვიდა.

წამიც და ბურთი შეიცარიელთა კარში აღმოჩნდება

სანკტ პეტერბურგის სტადიონ კრესტოვსკიზე მიმდინარე ევროპირველობის ერთ-ერთი სწრაფი გოლი გავიდა. შეხვედრის მე-8 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კოკემ კუთხური მოაწოდა, ჟორდი ალბას დარტყმულს კი დენის ზაკარია გადაეღობა, თუმცა, მისი ფეხიდან ბურთი კარში აიჭრა და მეკარე ზომერიც უძლური იყო.

პირველ ტაიმში ესპანელთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო. მართალია, მათ რეალური საგოლე მომენტები არ ჰქონიათ (ერთადერთი ასპილიკუეტას თავურ დარტყმას თუ გამოვარჩევთ, რომელსაც შვეიცარიელთა მეკარე გაუმკლავდა), თუმცა, ბურთს ტრადიციულად ბევრს აკონტროლებდნენ. აი, პეტკოვიჩის გუნდს კი საქმე კიდევ უფრო მეტად გაურთულდა მას შემდეგ, რაც ფეხი იტკინა წამყვანმა ფორვარდმა ბრეელ ემბოლომ და მის ნაცვლად თამაშში რუბენ ვარგასი ჩაერთო.

ანგარიში შაჩირიმ გაათანაბრა

შესვენების შემდეგ მინდორზე დანი ოლმო გამოჩნდა და მალევე მომენტიც ჰქონდა, თუმცა, მორატას პასის მერე მის დარტყმულს ზომერი გაუმკლავდა. ამას შვეიცარიელთა გააქტიურება მოჰყვა: შაქირი პირდაპირ კუთხურიდან ახვევდა კარში და ბურთი ბადეს გარედან მოხვდა, მალევე კი თავისი შეცდომის გამოსწორებას ზაკარია ცდილობდა, მაგრამ მისი თავური მიზანს მცირედით ასცდა.

სამაგიეროდ, შედეგიანი გამოდგა შვეიცარიელების მორიგი იერიში. 68-ე წუთზე ესპანელთა მცველები ლაპორტი და ტორესი შეცდნენ, ბურთი ფროილერმა მოიხელთა და საჯარიმოში შეჭრის შემდეგ შაჩირი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა - 1:1. აი, მალევე კი ფროილერი უკვე მომენტის ანტიგმირი გახდა, როდესაც მორენოს წინააღმდეგ ძალიან იუხეშა და ინგლისელმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა მას  პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ცხადია, შვეიცარია ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და მწვრთნელმაც კიდევ ორი სწრაფი ცვლილება განახორციელა.

რემო ფროილერის ამ უხეშობას წითელი ბარათი მოჰყვა

კაცნაკლულმა შვეიცარიამ მატჩის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა, იქ კი, ესპანელებმა ზეწოლა გააძლიერეს. ჟორდი ალბას ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან მორენო ურტყამდა, მაგრამ კარს ვერ დაუმიზნა. მალევე იმავე ალბას გასროლა ზომერმა ხარიხის ზემოთ გადააგდო, მერე კი დანი ოლმო ურტყამდა და მორიგი რიკოშეტის შემდეგ შვეიცარია კიდევ ერთხელ გადარჩა. მე-100 წუთზე მორენოს კიდევ უფრო უკეთესი მომენტი შეექმნა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩა და უძლიერესად დაარტყა, თუმცა, ზომერმა შესაშური რეაქცია გამოავლინა. იქვე მან ოიარზაბალის შორეულ კუთხეში დარტყმული ბურთი უკუაგდო. იანმა ყოჩაღობა მე-2 დამატებით 15-წუთეულშიც განაგრძო და ზედიზედ უკუაგდო მარკოს ლორენტეს, იმავზე ოიარზაბალის, ბუსკეტსისა და მორენოს შეტევები. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა.

11-მეტრიანების სერია ძალიან დრამატული გამოდგა და მეტოქეებმა საერთო ჯამში 5 დარტყმა გააცუდეს, საბოლოოდ კი, გამარჯვება მაინც ესპანეთის ნაკრებს დარჩა, რომელიც მოგებას მეტად იმსახურებდა. გადამწყვეტი პენალტის გატანა მიკელ ოიარზაბალმა მოახერხა, რომელმაც ზომერს შანსი არ დაუტოვა.

ამგვარად, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. თუ ვინ იქნება “ფურია როხას” მომდევნო მეტოქე დღესვე გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაირკვევა. მორიგ მეოთხედფინალში, რომელიც ალიანს არენაზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს ბელგიისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

უნაი სიმონი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

TOP - უნაი სიმონი (ესპანეთი)

ესპანელთა მეკარემ გუნდი ხორვატიასთან მერვედფინალში კინაღამ დაღუპა, თუმცა, უხეში შეცდომა იმ მატჩშივე ხომ რამდენიმე სეივით გამოისყიდა და შვეიცარიასთან თამაშში გამორჩეული იყო. მეტოქემ შეხვედრის განმავლობაში უნაი სიმონის კარის ჩარჩოში მხოლოდ 2-ჯერ მოარტყა, სამაგიეროდ, პენალტები სერიაში ესპანელთა გოლკიპერი შეუდარებელი იყო. შვეიცარიელმა ფეხბურთელებმა მას 4-დან მხოლოდ 1 დარტყმა გაუტანეს. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ უნაი სიმონი აღიარეს.

FLOP - რემო ფროილერი (შვეიცარია)

შვეიცარიას ესპანეთთან ახალი გათანაბრებული ჰქონდა და კარგ ხასიათზეც იყო, თუმცა, რემო ფროილერმა ყველაფერი გააფუჭა. 29 წლის ნახევარმცველი სრულიად არასაჭირო სიტუაციაში ხერარდ მორენოს ეუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. ცხადია, ამ ეპიზოდმა მატჩის მიმდინარეობა სრულად შეცვალა და შვეიცარიას მთელი დარჩენილი დროის დაცვაში გატარება მოუწია. საინტერესოა, რომ იტალიური ატალანტას ფეხბურთელი წლეულს თებერვალში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის რეალთან მატჩშიც გააძევეს.

შვეიცარია 1:1 (1:3 პენ.) ესპანეთი

გოლი: 0:1 ზაკარია (8, ავტოგოლი), 1:1 შაჩირი (68)

შვეიცარია (3-4-2-1): ზომერი – ელვედი, აკანჯი, როდრიგესი – ვიდმერი (100. მბაბუ), ზაკარია (101. შერი), ფროილერი, ცუბერი (90+2. ფასნახტი) – შაჩირი (სოუ, 81), ემბოლო (23. ვარგასი) – სეფეროვიჩი (82. გავრანოვიჩი).  

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი – ხორდი ალბა, პაუ ტორესი (113. ტიაგო ალკანტარა), ლაპორტი, ასპილიკუეტა – პედრი (119. როდრი), სერხიო ბუსკეტსი, კოკე (90+1. ლორენტე) – სარაბია (46. დანი ოლმო), მორატა (54. მორენო), ფერან ტორესი (91. ოიარზაბალი).

პენალტების სერია

ესპანეთი: ბუსკეტსი ❌ დანი ოლმო ✅ როდრი ❌ მორენო ✅ ოიარზაბალი ✅
შვეიცარია: გავრანოვიჩი ✅ შერი ❌ აკანჯი ❌ ვარგასი ❌

კომენტარები

ბოლო ამბები