Thumbnail

ინგლისს ევროპის ჩემპიონატის მოგების ასეთი კარგი შანსი დიდი ხნის განმავლობაში აღარ ექნება - დაახლოებით ასეთი აზრი დომინირებს ინგლისურ მედიაში და ზოგადად, საზოგადოებაში. გარეთ საუთგეიტის გუნდს მარტივი ბადე შეხვდა და ბევრს მიაჩნია, რომ ინგლისი ფინალში უნდა გავიდეს.

თუმცა ფინალზე ფიქრი ჯერ ადრეა. წინ რომში გასამართი მეოთხედფინალური მატჩია, სადაც ინგლისელების მეტოქე უკრაინელები იქნებიან. ისევე, როგორც ბრიტანელებს, ანდრეი შევჩენკოს გუნდსაც თავისი ოცნებები აქვს და 'ოლიმპიკოზე' ისე იბრძოლებს, როგორც შეუძლია.

უკრაინის წინა მატჩის პრევიუში ვწერდით, რომ ამ გუნდს დასამტკიცებელი ჰქონდა, პლეი-ოფში შემთხვევით რომ არ მოხვედრილა და მერვედფინალური ეტაპის ღირსეული მონაწილე იყო - შევჩენკოს გუნდმა ამის დამტკიცება შეძლო. ჯგუფურ ეტაპზე არცთუ ისე კარგი თამაშისა და შედეგის შემდეგ, უკრაინელებმა მერვედფინალში დამატებით დროში შვედებს, ბევრისთვის მოულოდნელად აჯობეს და ახლა უკვე კიდევ უფრო წინ იყურებიან.

მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე კარგი სტარტი არც ინგლისელებს არ ჰქონიათ. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელებს შეხვედრა არ წაუგიათ, გარეთ საუთგეიტის გუნდს თამაშის ხარისხის გამო მუდმივად აკრიტიკებდნენ. ინგლისს სანახაობრივი ფეხბურთის თვალსაზრისით დიდად არაფერი შეუცვლია მერვედფინალში, თუმცა აქ მთავარი შედეგი იყო - "უემბლიზე" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გერმანია 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ანდრეი შევჩენკო (უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ინგლისი შესანიშნავი გუნდია. მათ ღრმა შემადგენლობა და კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავთ. კარგად ვიცით, რამდენად რთული თამაში გველის. მათ კარში გოლის გატანა ძალიან ძნელია, თუმცა ინგლისელების ძალამ არ უნდა შეგვაშინოს. პირიქით, ამან უფრო მეტი მოტივაცია უნდა მოგვცეს, რადგან ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ყველაფერი შესაძლებელია. მთელი გულით ვითამაშებთ, რათა გულშემატკივრები კიდევ უფრო მეტად გავახაროთ."

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი): "უკრაინა კარგი გუნდია. აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც ანდრეიმ მათთან ერთად გააკეთა. თუ ჩვენ მათ სათამაშო სივრცეებს დავუთმობთ, კადრგად ითამაშებენ. გადავლახეთ ერთი გამოწვევა, თუმცა ეს არ არის ევერესტი და ის მწვერვალი, რომელიც ჩვენს თავს დავუსახეთ. გვინდა, წინსვლა გავაგრძელოთ." 

საუთგეიტის გუნდისთვის "უემბლიზე" თამაში დიდი უპირატესობაა. ახლა კი, მათ პირველად მოუწევთ სხვა ქვეყანაში (იტალიაში) თამაში, რაც შესაძლოა, პრობლემად იქცეს იმის გათვალისწინებით, რომ უეფამ (კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით) ინგლისელ ფანებს ნაყიდი ბილეთები დაუბლოკა. ასევე, იტალიაში ბრიტანეთიდან ჩაფრენაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, რაც ინგლისელ გულშემატკივრებს თამაშზე დასწრებაში ხელს უშლის.

ფურცელზეც და ისეც ინგლისი წყვილში ფავორიტია. "სამ ლომს" მიმდინარე ტურნირზე გოლი ჯერ კიდევ არ გაუშვია, განსხვავებით უკრაინისგან, რომელმაც ვერცერთ შეხვედრაში ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. გარდა ამისა, საუთგეიტის გუნდს კარგი სერია აქვს - ინგლისი ბოლო 10 მატჩია, არავის დაუმარცხებია. მეტიც, ამ 10 მატჩიდან მათ 9 მოიგეს. შედარებით არასტაბილურად გამოიყურება უკრაინა. შევჩენკოს გუნდმა ბოლო 5 დაპირისპირებიდან ძირითად დროში მხოლოდ 2 მოიგო.

რაც შეეხება ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრებს: ბოლოს ინგლისმა და უკრაინამ ერთმანეთში 2013 წელს ითამაშეს და მაშინ მატჩი 0:0 დასრულდა. უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან 2 ინგლისმა მოიგო, ერთი უკრაინამ, ხოლო 2 შეხვედრა ფრე დასრულდა. ამ 5 მატჩიდან 4-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ინგლისის ნაკრებს ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე გოლი არ გაუშვია.

⚽ უკრაინის ნაკრებმა მიმდინარე ევროზე კარი მშრალად ვერცერთ მატჩში ვერ შეინახა.

⚽ საუთგეიტის გუნდის ბოლო 6 შეხვედრიდან ექვსივეში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ინგლისმა კონტინენტის მიმდინარე პირველობაზე სულ 4 გოლი გაიტანა, აქედან სამი სტერლინგმა.

⚽ შევჩენკოს გუნდმა მიმდინარე ევროზე ავსტრიის გარდა ყველას გაუტანა.

⚽ ამ გუნდებს შორის ბოლო ორო დაპირისპირება ფრედ დასრულდა (0:0 და 1:1).

⚽ უკრაინა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს.

⚽ უკრაინა "ოლიმპიკოზე" ისტორიაში მეორედ ითამაშებს. პირველად 2006 წელს ითამაშეს და მასპინძელ იტალიასთან 0:2 დამარცხდნენ.

⚽ ინგლისი ევროს მეოთხედფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

⚽ საუთგეიტის გუნდმა ბოლო 6 მატჩში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

⚽ ინგლისმა ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო და ერთი ფრე ითამაშა.

⚽ უკრაინამ ბოლო 5 შეხვედრიდან ძირითად დროში მხოლოდ 2 მოიგო.

⚽ ანდრეი იარმოლენკომ ევროპის ჩემპიონატზე ხუთ გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 3 პასი) და დიდ ტურნირებზე უკრაინელ ფეხბურთელებს შორის ანდრეი შევჩენკოს შედეგი გაიმეორა (4 გოლი, 1 საგოლე პასი).

სავარაუდო შემადგენლობები

უკრაინა (3-5-2): ბუშჩანი - კარავაევი, ზაბარნი, კრივცოვი - მატვიენკო, ზინჩენკო, სიდორჩუკი, სტეპანენკო, შაპარენკო - იარმოლენკო, იარემჩუკი.

ინგლისი (4-3-3): პიკფორდი - უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ - ჰენდერსონი, ფილიპსი, მაუნტი - საკა, კეინი, სტერლინგი.

კომენტარები

ბოლო ამბები