Thumbnail

'დასრულება სხვანაირად მსურდა' - ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებიდან წავიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებიდან 31 წლის ასაკში წავიდა
  • ნახევარმცველმა ბუნდესნაკრების 106 თამაშში 17 გოლი გაიტანა

ტონი კროოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 31 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად დაადასტურა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში ამის მოტივებიც ახსნა.

როგორც კროოსმა აღნიშნა, მას სურს ახლა უფრო მეტი დრო კლუბს (რეალს) და ოჯახს - მეუღლესა და შვილებს დაუთმოს:

"გერმანიის ნაკრებში 106 თამაში ჩავატარე. მეტი აღარ იქნება. ძალიან მინდოდა, რომ გუნდში გამოსვლა 109 მატჩით დამესრულებინა და ევროპის ჩემპიონობაც მომეპოვებინა, ამისთვის ყველაფერს გავიღებდი. 

გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ნათელი იყო, რომ 2022 წლის მუნდიალზე არ ვითამაშებდი. მსურს მთელი ყურადღება მადრიდის რეალში კიდევ რამდენიმე წელი თამაშს დავუთმო. ასევე, მინდა ახლოს ვიყო ჩემს მეუღლესთან და სამ შვილთან.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ მაისურის ამდენი ხანი ტარება, ეს სიამაყით და ვნებით გავაკეთე. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, მადლობა ვუხდი კრიტიკოსებს მოტივაციისთვის. დიდი მადლობა იოგი ლიოვს. მან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და მსოფლიოს ჩემპიონი გამხადა. ის მენდობოდა და დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვწერდით წარმატებულ ისტორიას", - დაწერა ტონიმ სოციალურ ქსელში.

ტონი კროოსის დებიუტი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 2010 წლის 3 მარტს, არგენტინასთან მატჩში შედგა. მას შემდეგ მან "ბუნდესნაკრებში" 106 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, 2014 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები