Thumbnail
  • პოპსპორტი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალების წინ მორაგბეებს დაუკავშირდა
  • ჭეიშვილი, ჯავახია და ფეიქრიშვილი ფავორიტად იტალიის ნაკრებს ასახელებენ 

ევროპის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - წინ უმნიშვნელოვანესი მეოთხედფინალებია. პოპსპორტი საქართველოს ნაკრების მორაგბეებს დაუკავშირდა და მეოთხედფინალების წინ მატჩების შეფასება და პროგნოზების გაკეთება სთხოვა. სამივე მორაგბეს ფავორიტად იტალიის ნაკრები მიაჩნია, თუმცა მოულოდნელობებს არ გამორიცხავენ.

ნოდარ ჭეიშვილი: "1998 წლიდან ნიდერლანდების ქომაგი ვარ. მამას ძალიან უყვარდა ფეხბურთი და ზოგადად ყველა სპორტი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე 6 წლის ვიყავი, მამა ნიდერლანდებს ქომაგობდა და ასე გავხდი ამ ნაკრების მხარდამჭერი. დენის ბერგკამპის თამაში ძალიან მომწონდა.

რაც შეეხება ამ ევროს: მკვეთრად ჩანს, რომ იტალია აშკარა ფავორიტია, მაგრამ სიურპრიზებით სავსე ჩემპიონატია. აშკარა აუტსაიდერებმა ფავორიტები გააგდეს - ჩეხეთმა ნიდერლანდებს აჯობა, შვეიცარიამ საფრანგეთს მოუგო, ხორვატიას კი ესპანეთის გაგდებამდე ცოტა დააკლდა. ინგლისისგანაც არ ველოდი გერმანიის გაგდებას, მაგრამ ამ ჩემპიონატზე უკვე ყველაფერი მოსალოდნელია. მაინც მგონია, რომ იტალიის ნაკრები ჩემპიონობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს."

გიორგი ჯავახია: "საფრანგეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონობამდეც ვქომაგობდი, მაგრამ 2018 წლის შემდეგ უფრო დიდი ფანი გავხდი. ძალიან მეწყინა მათი გავარდნა, საოცარი ნაკრებია, რომელსაც უძლიერესი ნახევარდაცვა და საოცარი შემტევები ჰყავს. ჩემი ფავორიტი ფეხბურთელები ტიერი ანრი და ზინედინ ზიდანი იყვნენ. ჩემი აზრით, ჩემპიონი ბელგიასა და იტალიას შორის გამარჯვებული გახდება. ისე, ცოტა უცნაური ევროა, როცა მეოთხედფინალში გერმანია, საფრანგეთი და პორტუგალია აღარ არიან. ინგლისიც კარგ ფორმაშია, მაგრამ იტალიასავით ძლიერი ვერ არის."

ანტონ ფეიქრიშვილი: ამ ევროზე საფრანგეთს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ... ზიზუმ რომ მარტომ მოუგო ბრაზილიას 1998-ში, მას მერე საფრანგეთის გულშემატკივარი ვარ. სამწუხაროდ, შვეიცარიამ აჯობა და მბაპესაც არ გაუმართლა. ახლა მგონია, რომ იტალიაა ყველაზე კარგ ფორმაში, თუმცა ესპანეთის ნაკრებსაც ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს."

კომენტარები

ბოლო ამბები