Thumbnail
  • შოტლანდიის სარაგბო ნაკრები ბუქარესტში ვეღარ ჩავა
  • სქოთებს იმედი აქვთ, რომ 'ბორჯღალოსნებთან' თამაშს მაინც მოახერხებენ

შოტლანდიისა და რუმინეთის სარაგბო ნაკრებთა მატჩი, რომელიც 10 ივლისს ბუქარესტში უნდა გამართულიყო, “ნარშავების” რიგებში კოვიდ-შემთხვევების გამო, ჩაიშალა. ამდენად, საფრთხის წინაშე დადგა სქოთების სტუმრობა საქართველოშიც და დაპირისპირება “ბორჯღალოსნებთან”, რომელიც 17 ივლისს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელებს გასულ კვირას ინგლისის A ნაკრებთან უნდა ეთამაშათ, თუმცა, პირველი დადებითი ტესტები სწორედ იქ დაფიქსირდა. შედეგად, ლესტერიდან შინ დაბრუნებული შოტლანდიის ნაკრები იზოლაციაში გადავიდა.

ამგვარად, სქოთების რუმინეთში სტუმრობა გამოირიცხა, თუმცა, ჯერაც არსებობს იმედი, რომ გუნდი საქართველოში ჩამოსვლას მოახერხებს. მომავალ კვირას მორაგბეებს დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც არაინფიცირებული მოთამაშეები “ბორჯღალოსნებთან” მატჩისთვის მზადებას დაიწყებენ.

“ყველა გადაწყვეტილების მიღებისას პირველ პლანზე მორაგბეების ჯანმრთელობას ვაყენებთ. სამწუხაროდ, არ გვეყო დრო, რომ რუმინეთთა ტესტს მზადყოფნაში შევხვედროდით. ძალიან დამწუხრებულები ვართ და ბოდიშს ვუხდით როგორც ჩვენს ქომაგებს, ასევე რუმინეთის რაგბის კავშირს. ამავდროულად, ჯერაც გეგმაში გვაქვს სტუმრობა საქართველოში, თუმცა, მანამდე სრული შემადგენლობა დამატებით ტესტირებას გაივლის”, - განაცხადა შოტლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ დოდსონმა.

ამგვარად, თუკი არაფერი შეიცვალა, შოტლანდიელები თბილისში მეორედ ჩამოვლენ და ეს იქნება ქართული რაგბის ისტორიაში მეორე შემთხვევა, როცა თბილისში ტიერ 1-ის ნაკრები ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ 2019 წელსაც საქართველოს შოტლანდია ესტუმრა და სქოთებმა მატჩი 44:10 მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები