Thumbnail

PREVIEW | ბელგია V იტალია - ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დღეს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი იწყება - ჩემპიონობისთვის ბრძოლას 8 ნაკრები აგრძელებს. აქედან ტოპ-გუნდი მხოლოდ ოთხია და ამ ოთხიდან ორი ერთმანეთს სწორედ მეოთხედფინალში ხვდება - ნახევარფინალში ან იტალიას ვერ ვნახავთ, ანაც ბელგიას. შესაბამისად, მეოთხედფინალის 4 მატჩიდან ყველაზე საინტერესო სწორედ ეს თამაშია.

ინტრიგა ძალიან დიდია, რაც უფრო იტალიის ნაკრების დამსახურებაა. ბელგია ევრო 2020-ის დაწყებამდეც განიხილებოდა გამორჩეულ ფავორიტებში, ხოლო იტალიის ნაკრებზე იგივეს არავინ ამბობდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა - „სკუადრა აძურამ“ (განსაკუთრებით ჯგუფურ ეტაპზე) დიდებული თამაში აჩვენა და ბევრი ახალი გულშემატკივარი შეიძინა. რობერტო მანჩინის გუნდი არაიტალიურ ფეხბურთს თამაშობს, აქცენტს აგრესიულ შეტევაზე, ბურთის ფლობასა და ბურთის ძალიან სწრაფად დაბრუნებაზე აკეთებს. თუმცა, 'აძურის' მერვედფინალში ავსტრიასთან ნერვიულობაც მოუწია და მხოლოდ დამატებით დროში მოიგო, რამაც ოდნავ შეასუსტა იტალიელთა მიმართ ჩამოყალიბებული განცდები, მაგრამ მეორეს მხრივ, არაა გამორიცხული, რომ მსგავს ბრძოლაში და წვალებით მოპოვებული გამარჯვება „აძურას“ უფრო დაეხმაროს.

არაფერი დაეწუნება ბელგიის ნაკრებსაც. გუნდები მეოთხედფინალამდე ისე მივიდნენ, რომ ყველა თამაში მოიგეს. რობერტო მარტინესის შეგირდებმა 1/8-ფინალში ევრო 2016-ის ტრიუმფატორი პორტუგალია დაამარცხეს. უნდა აღინიშნოს, რომ ბელგიელების თამაში ამ მატჩში იდეალური და მომნუსხველი ნამდვილად არ ყოფილა. პორტუგალია დიდ უპირატესობას ფლობდა, ხშირად უტევდა და ახლოს იყო გოლთან, ხოლო ბელგიის ნაკრებმა თავისი ერთადერთი შანსი გამოიყენა. აშკარაა, რომ მარტინესის გუნდს უფრო მეტი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით კი შეტევაში.

დე ბრუინს და აზარს არ უვარჯიშიათ

ბელგიას პორტუგალიასთან გუნდის ლიდერები, კევინ დე ბრუინი და ედენ აზარი დაუშავდა. ერთს კოჭის პრობლემა აქვს, მეორეს - კუნთის. ჯერჯერობით, ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი იქნებიან თუ არა ისინი მოედანზე. ბოლო ცნობებით, არცერთს არ უვარჯიშია უკანასკნელ საწვრთნელ პროცესში, მაგრამ მეორეს მხრივ, იტალიური მედია არც იმას გამორიცხავს, რომ ბელგიელები აზარისა და დე ბრუინის შესახებ ინფორმაციას მალავენ და სულაც არ არის გამორიცხული, ისინი ვარჯიშობდნენ.

იტალიის ნაკრებს კი კაპიტანი ჯორჯო კიელინი დაუბრუნდა. მან ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად დაუბრკოლებლად ვარჯიშობს. ჯორჯო სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება, მაგრამ რობერტო მანჩინის არც რისკზე წასვლა უნდა და გადაწყვეტილებას მატჩის დღეს მიიღებს. გამოჯანმრთელდა იტალიელთა კიდევ ერთი მცველი ალესანდრო ფლორენცი, მაგრამ ის ძირითადში სათამაშოდ მზად არ არის.

კიელინი ამ დღეებში ვარჯიშობდა და ალბათ ითამაშებს

ეს გუნდები ბოლოს 2016 წელს შეხვდნენ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე და იტალიამ მეტოქეს დამაჯერებლად, 2:0 (ჯაკერინისა და გრაციანო პელეს გოლებით) მოუგო. აღსანიშნავია, რომ ბელგია მაშინ ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ იტალიელებმა დიდებული ფეხბურთი ითამაშეს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს იქნება ბელგიისა და იტალიის მეხუთე დაპირისპირება დიდ ტურნირებზე (მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატი). ყველა წინა შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე შედგა: 1954 წელს მუნდიალზე, ხოლო 1980, 2000 და 2016 წლებში ევროპის ჩემპიონატზე. სამჯერ იტალიამ მოიგო, ერთხელ ფრე დაფიქსირდა.

⚽ არცერთი სხვა გუნდის წინააღმდეგ ბელგიას დიდ ტურნირებზე არ ჩაუტარებია უფრო მეტი მოუგებელი თამაში, ვიდრე იტალიასთან (ასევე 4 თამაში გერმანიასთან და საფრანგეთთან). მეორეს მხრივ იტალიის ნაკრებს მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატებზე ბელგიასთან 4 მატჩიდან არცერთი აქვს წაგებული და უკეთესი შედეგი აქვს იმავე ტურნირებზე მხოლოდ ავსტრიასთან (5 წაუგებელი მატჩი) და გერმანიასთან (9 წაუგებელი მატჩი).

⚽ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. ამ ეტაპზე წინა სამი მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: 2008 წელს ესპანეთთან წააგო, 2012 წელს ინგლისს მოიგო, 2016 წელს კი გერმანიასთან დამარცხდა თერთმეტმეტრიანების სერიაში.

⚽ ევროპის/მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩატარებულ ბოლო 18 შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა ერთზე მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ გაუშვა (2012 წელს ესპანეთთან). ამ 18 თამაშში „სკუადრა აძურამ“ 13 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

⚽ ევრო 2016-ის პირველ ტურში ბელგიამ იტალიასთან 0:2 წააგო და მას მერე, ევროპის ჩემპიონატზე 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო. ერთადერთი მარცხი 2016 წელს მეოთხედფინალში განიცადა, როდესაც უელსთან 1:3 დამარცხდა.

⚽ იტალიამ მიმდინარე ჩემპიონატზე ოთხივე თამაში მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 5 მატჩი არასდროს მოუგია. მეტიც, ეს მხოლოდ ორჯერ აქვს გაკეთებული დიდ ტურნირებზე და ორჯერვე მსოფლიოს ჩემპიონატზე: 1934 და 1938 მუნდიალზე გადაბმულად და 1990 წელს.

⚽ ბელგიამ მერვედფინალში მოქმედი ევროპის ჩემპიონი პორტუგალია დაამარცხა: ხუთი გუნდიდან, რომლებმაც მოქმედი ჩემპიონის ბარიერი დაძლიეს, ოთხმა ჩემპიონობა მოახერხა. ერთადერთი გამონაკლისი იტალიაა, რომელმაც 2016 წელს ესპანეთს აჯობა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე თვითონაც დამარცხდა.

⚽ მას მერე, რაც ბელგიას რობერტო მარტინესი წვრთნის, "წითელმა ეშმაკებმა" მოიგეს ყველაზე მეტი თამაში (47) და გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი (175), ვიდრე სხვა ნებისმიერმა ნაკრებმა. როგორც მარტინესმა, ისე რობერტო მანჩინიმ მოახერხეს ევროპის ჩემპიონატზე საწყისი ოთხი თამაშის მოგება. მხოლოდ მიშელ იდალგოს აქვს უკეთესი შედეგი, რომელმაც 1984 წელს საწყისი 5 თამაში მოაგებინა საფრანგეთის ნაკრებს.

⚽ ტორგან აზარმა ბელგიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 საგოლე პასი). მან ბოლო ორ თამაშში გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე. ერთადერთი ბელგიელი მოთამაშე, რომელსაც მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატზე მიჯრით სამ შეხვედრაში აქვს გატანილი, მარკ ვილმოტსია (2002 წლის მუნდიალზე).

⚽ მატეო პესინამ ევრო 2020-ის ბოლო ორ თამაშში შეძლო გოლის გატანა, არცერთ იტალიელ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. 1998 წელს კრისტიან ვიერიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეაგდო ზედიზედ სამ თამაშში და ის ბოლო იტალიელია, რომელმაც ამის გაკეთება დიდ ტურნირზე მოახერხა.

⚽ იტალიის ნაკრების ბოლო ხუთ მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ერთხელ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ბელგიის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იტალიისა და ბელგიის ნაკრებებს ისტორიაში 22-ჯერ უთამაშიათ, აპენინელთა მხარეს დიდი უპირატესობაა: 14 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია (3-4-2-1): კურტუა - ალდერვეირელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი - მონიე, ვიტსელი, ტილემანსი, ტ. აზარი - ფერეირა-კარასკო, მერტენსი - ლუკაკუ

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა - ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი - ბერარდი, იმობილე, ინსინიე

კომენტარები

ბოლო ამბები