Thumbnail
  • დორტმუნდის ბორუსიას შეფმა ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი დაადასტურა
  • იუნაიტედის მიერ გადახდილი თანხის ნაწილს სიტიც მიიღებს

ზაფხულის პირველი ტოპ-ტრანსფერი ფაქტობრივად დადასტურებულია!

ჯეიდონ სანჩო დორტმუნდის ბორუსიას ტოვებს და კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს. კლუბები უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ, დარჩენილია მხოლოდ ბოლო დეტალები, ფორმალობები.

სანჩო და იუნაიტედი გაცილებით ადრე შეთანხმდნენ პირობებზე, ახლა კი კლუბებმა მოილაპარაკეს სატრანსფერო თანხაზე. დორტმუნდელებმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს. ინგლისური გრანდი ბორუსიას 85 მილიონ ევროს გადაუხდის და ამ თანხას მომავალში ბონუსებიც დაემატება.

“ფული არ გვიხარია, - განაცხადა დორტმუნდის გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ, - პირიქით, დამწუხრებულები ვართ, რომ ჯეიდონი მიდის. საბოლოო ჯამში, ეს ტრანსფერი იმის გამო ხორციელდება, რომ ჯეიდონმა გამოთქვა სურვილი, მანჩესტერ იუნაიტედში გადასულიყო. ჩვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მას არ გავუშვებდით. სანჩო ჩვენთან 4 წლის განმავლობაში ფანტასტიკურად იქცეოდა და დორტმუნდის ბორუსიასთვის ყველაფერი გააკეთა.”

ჯეიდონ სანჩო ვარსკვლავად დორტმუნდში ჩამოყალიბდა

BVB-მ ჯეიდონ სანჩო 2017 წელს, მანჩესტერ სიტის აკადემიიდან 7,8 მილიონ ევროდ შეიძინა. საინტერესოა, რომ იუნაიტედის მიერ გადახდილი ფულიდან საკმაოდ დიდ ნაწილს, 15 პროცენტს მანჩესტერ სიტიც მიიღებს - ეს პუნქტი დორტმუნდთან გაფორმებულ კონტრაქტში იყო ჩადებული.

სანჩომ ბორუსიას ფორმით ბუნდესლიგაში სულ 104 მატჩი ჩაატარა და 38 გოლის გატანა შეძლო. ჩემპიონთა ლიგაში მან ბორუსიას რიგებში 21 შეხვედრა გამართა და 5 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები