Thumbnail
  • 📅 2 ივლისი | ⌚ 21:00 | 🏉 სამხრეთ აფრიკა V საქართველო | 📺 რაგბი TV/იმედი TV
  • ქართველი მორაგბეები 'ქურციკებს' ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ისტორიული ტესტ-სერიისთვის ემზადება, რომელსაც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის – სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი “ქურციკებთან” პირველ მატჩს 2 ივლისს დედაქალაქ პრეტორიაში, კერძოდ კი, Loftus Versfeld-ზე გამართავს. 9 ივლისისთვის მეტოქეები უკვე იოჰანესბურგში გადაინაცვლებენ და ერთმანეთს Emirates Airline Park-ზე დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ქომაგებს კი სტადიონზე არ შეუშვებენ, რადგანაც ამას სამხრეთ აფრიკაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები კრძალავს.

“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტო მატჩისთვის 23 მორაგბე შეარჩია. აფრიკელებთან ღერძს ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე შეადგენენ, ცენტრში კაპიტანი მერაბ შარიქაძე გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და დემე თაფლაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი დავით ნინიაშვილია.

ნიდერლანდებთან მატჩისგან განსხვავებით, ცვლილებებია შერკინებაში. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ და მარჯვენა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ, მარცხენა ბურჯი კი გურამ გოგიჩაშვილია. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს დავით გიგაური შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში ორი ცვლილებაა – ფლანკერის ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ, მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძეა, შემკვრელად კი თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

თადარიგში ექვსი მორკინალი გვყავს და მათგან ერთ-ერთი დებიუტანტია – ბურჯი ლუკა ჯაფარიძე. მეორე ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილია, ხოლო კვაჭის პოზიციაზე გიორგი ჭყოიძე შემოვა. შეცვლაზე ორი მეორეხაზელია – ნოდარ ჭეიშვილი და გიორგი ჯავახია, მესამე ხაზში კი ილია სპანდერაშვილს ვიხილავთ. 9 ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძე გაგვაძლიერებს, ხოლო ხაზში გიორგი ბაბუნაშვილი შევა.

ლევან მაისაშვილის ნაკრებს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან ურთულესი მატჩი ელის
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ლევან მაისაშვილი: “სამხრეთ აფრიკასთან ორ თამაშში ჩვენი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ “შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ ტრავმების გამო ძალიან ბევრი მორაგბე გამოგვაკლდა, გვსურს, ვნახოთ, რა გამოცდილება მივიღეთ ამ ტურნირისგან და როგორ გავუძლებთ წნეხს. მსოფლიო თასამდე მორაგბეებმა რაც შეიძლება მეტი ასეთი დონის მატჩი უნდა ჩაატარონ, რადგან იქ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან გვიწევს შეხვედრა.

ჯერ კიდევ შეკრებამდე ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, რასაც დაემატა ახალი დაშავებულები, ასევე ისინი, ვინც ახალი გამოსულია კოვიდიდან და რეაბილიტაციისთვის გარკვეულ დროს საჭიროებენ. სამწუხაროდ, ნიდერლანდებთან დაშავდა და გამოგვაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სერიის განმავლობაში გვექნება ცვლილებები. გაფართოებულ, 32-კაციან შემადგენლობაში არიან ისეთები, რომელთა მოედანზე გასვლა სამედიცინო თვალსაზრისით ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყო და მათ მომდევნო შეხვედრებში გამოვცდით.

მეტოქის გაფართოებულ გუნდში 29 მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ასეთი ძლიერი სამატჩო რაზმის დასახელა მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენთვის დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში. ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ რაც უფრო ძლიერ შემადგენლობას დააყენებდა მოწინააღმდეგე, მით უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბიჭები დიდ გამოცდილებას შეიძენენ”.

საქართველოსთან პირველი ტესტისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც, რაც “ბორჯღალოსნებისთვის” ძალიან რთულ მატჩს მოასწავებს. მხოლოდ ის რად ღირს, რომ “ქურციკების” რაზმში მსოფლიოს 18 მოქმედი ჩემპიონია, რომელთაგან 12-მა ინგლისთან 2019 წელს მოგებულ ფინალშიც ითამაშა.

'ქურციკების' გუნდური ფოტო საქართველოსთან მატჩის წინ

ამ 12-დან 6 “ბორჯღალოსნებთან” მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ესენი არიან სია კოლისი, პიტერ-სტეფ დიუ ტოი, ებენ ეცებეთი, ბონგი მბონამბი, ვილი ლე რუ და ჰანდრე პოლარდი. დარჩენილი ექვსეული თადარიგში იქნება: ფრანს სტეინი, ფრანკო მოსტერტი, მალკოლმ მარკსი, სტივენ კიცჰოფი, ფრანს მალჰერბე და ჰერშელ იანკისი.

აღსანიშნავია, რომ სტეინი ეროვნული გუნდის მაისურით 68-ე მატჩს ჩაატარებს, ლე რუ 62-ე კეპს მოიხვეჭს, დუ ტოი – 56-ეს, კოლისი 51-ეს, პოლარდი 49-ეს, კიცჰოფი – 48-ეს, ხოლო კრილი – 47-ეს. არიან დებიუტანტებიც. 7-კაცა გუნდში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი როკო სპეკმანი, აფელელე ფასი და იასპერ ვიზე ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშებენ.

“ქურციკები” მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ, დაახლოებით 19-თვიანი პაუზის მერე, მინდორზე პირველად გავლენ და ამდენად, აფრიკელთა თავკაცი ჟაკ ნინაბერი მომავალ მატჩს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან ტესტ-სერიის წინ, მასპინძელთა მხრიდან ყოველგვარი ზერელე დამოკიდებულებაც გამორიცხულია.

ჟაკ ნინაბერი: “იმის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრებთან მატჩებში რა გეგმებიც გვაქვს, მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა შევარჩიეთ, რომელიც გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია. ამ ნაკრების წევრთა უმეტესობა მსოფლიო თასის გამარჯვებულია, სხვებმა კი ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განიცადეს და ეროვნულ გუნდში თამაში დაიმსახურეს. საქართველოს ნაკრებისგან ტრადიციულ ფიზიკურად დატვირთულ რაგბს ველით და ეს, სწორედ ისაა, რაც გვჭირდება. 80 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და მომავალი თამაშებისთვის საჭირო უნარები გამოვიმუშავოთ”.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრებებს აქამდე ერთხელ უთამაშიათ. ეს 2003 წლის მსოფლიო თასზე მოხდა, როდესაც “ქურციკებმა” 46:19 მოგვიგეს, ქართველმა მორაგბეებმა კი მსოფლიო თასებზე პირველი ლელო დადეს. აღნიშნული დავით დადუნაშვილმა მოახერხა.

სამხრეთ აფრიკა V საქართველო

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ (61 კეპი, 60 ქულა), 14. როსკო სპეკმანი (უკეპო), 13. ჯესი კრილი (46, 60), 12. ფრანს სტეინი (67, 141), 11. აფელელე ფასი (უკეპო), 10. ჰანდრე პოლარდი (48, 457), 9. კობუს რაინახი (14, 30), 8. კვოხა სმითი (6), 7. პიტერ-სტეფ დიუ ტოი (55, 25), 6. სია კოლისი (კაპ. 50, 30), 5. ფრანკო მოსტერტი (39, 5), 4. იბენ ეცებეთი (85, 15), 3. ტრევორ ნიაკანე (42, 5), 2. ბონგი მბონამბი (36, 35), 1. ოქს ნჩე (1).
სათადარიგოები: 16. მალკოლმ მარკსი (33, 25), 17. სთივენ კიცჰოფი (47, 5), 18. ფრანს მალჰერბე (38, 5), 19. მარვინ ორი (3), 20. იასპერ ვიზე (უკეპო), 21. ჰერშელ იანკისი (10, 20), 22. ელტონ იანკისი (37, 281), 23. დამიან ვილემსე (6, 5).

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი (6 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (12, 55), 13. გიორგი კვესელაძე (34, 25), 12. მერაბ შარიქაძე (კაპ. 77, 60), 11. დემურ თაფლაძე (9, 5), 10. თედო აბჟანდაძე (25, 162), 9. ვასილ ლობჟანიძე (58, 50); 1. გურამ გოგიჩაშვილი (22, 10), 2. ჯაბა ბრეგვაძე (66, 25), 3. გიორგი მელიქიძე (28, 15), 4. დავით გიგაური (11, 5), 5. კოტე მიქაუტაძე (67, 10), 6. გიორგი ცუცქირიძე (21, 15), 7. ბექა საღინაძე (21, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (9, 10);
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე (16, 5), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (5 კეპი), 18. ლუკა ჯაფარიძე (უკეპო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (31), 20. გიორგი ჯავახია (6, 5); 21. გელა აფრასიძე (34, 24), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (3, 9); 23. ილია სპანდერაშვილი (1 კეპი).

კომენტარები

ბოლო ამბები