Thumbnail

შოტლანდიური რაგბის კავშირის (SRU) აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ დოდსონმა დაადასტურა, რომ შოტლანდიის ნაკრების საზაფხულო ტური შეიძლება გაუქმდეს, მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიაა.

ამჟამად შოტლანდიის მთელი ნაკრები თვითიზოლაციაშია. მას მერე, რაც ტესტებზე რამდენიმე დადებითი პასუხი (ერთი მორაგბე, სამი სტაფის წევრი) შეიტყვეს, შოტლანდიისა და ინგლისის A ნაკრებების შეხვედრა, რომელიც ლესტერში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. გუნდის ხელმძღვანელობა ერთკვირიან პაუზას იღებს, რომ ნაკრებმა შეძლოს რუმინეთში გაფრენა, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება განვითარებულ მოვლენებზე.

"უნდა მოვიცადოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ მატჩები მაინც გაიმართება. ჩვენს ბანაკში Covid-19-ის შემთხვევებია და 3-4 დღე უნდა დავიცადოთ. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რას მოვიმოქმედებთ. მორაგბეებს ტესტები ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ", - განაცხადა მარკ დოდსონმა.

შოტლანდიის ნაკრების დროებით თავკაც მაიკლ ბლერს პარასკევს 9 მორაგბე დააკლდა - ერთის ტესტის პასუხი დადებითი იყო, 8 კი მისი ახლო კონტრაქტი იყო. ამის შემდეგ მწვრთნელმა 5 ახალი მორაგბე დაამატა ლესტერის მატჩისთვის, მაგრამ ახალმა ტესტირებამ კიდევ სამი დადებითი შედეგი აღმოაჩინა და ინგლისთან თამაშიც გაუქმდა, არადა, უკვე 23-კაციანი შემადგენლობა დასახელებული იყო. 

"ჩვენი სურვილია ტესტები გეგმის მიხედვით ვითამაშოთ, რუმინეთთან და საქართველოსთან მატჩები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობაა. უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - აცხადებს დოდსონი. 

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები 10 ივლისს რუმინეთს უნდა ესტუმროს, ხოლო 17-ში - საქართველოს. მანამდე "ბორჯღალოსნები" თავად არიან სამხრეთულ ტურში და 2 ივლისს პირველ მატჩში მსოფლიოს თასის გამარჯვებულ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს ხვდებიან.  

კომენტარები

ბოლო ამბები