Thumbnail
  • იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში ჯამში 17 წელი მუშაობდა
  • იოგიმ პრესკონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა

იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. "იოგი" “ბუნდესნაკრებში” 17 წლის განმავლობაში მუშაობდა, აქედან 15 წელი იგი გუნდის თავკაცი იყო. "უემბლიზე" ინგლისთან გამართული შეხვედრა კი მისთვის ამ პოსტზე ბოლო იყო.

ლიოვის წასვლა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე იყო ცნობილი. მის ადგილს მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი დაიკავებს, რომელიც თავის საქმიანობას მალე შეუდგება.

იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა. მან მართველობის პერიოდზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

...ბოლო შეხვედრაზე: "იმედგაცრუება ძალიან დიდია. ამ გუნდს ყოველთვის ვენდობოდი და ვენდობი. ბოდიში, რომ გუშინ გულშემატკივრებს იმედი გავუცრუეთ და ის ენთუზიაზმი ვერ ვაჩვენეთ, რომელიც ტურნირის დაწყებამდე გვსურდა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებ ამ მარცხზე ყოველგვარი თუსა და მაგრამის გარეშე. ამ იმედგაცრუების დასავიწყებლად დრო გვჭირდება. ჩემი გული აგრძელებს შავად, წითლად და ოქროსფრად ფეთქვას."

...მიულერის გამოუყენებელ მომენტზე: "მატჩის შემდეგ მასთან კიდევ ერთხელ ვისაუბრე. მან ამ ფაქტზე ხუმრობით თქვა - “მწვრთნელო, შანსი, რომ გამომეყენებინა, ეს ნამდვილად არ იქნებოდა ჩვენთვის ასეთი მტკივნეული”. რაზეც ვუთხარი, რომ ეს მართალია და ეს ნამდვილად დაგვაბრუნებდა თამაშში, მაგრამ მისთვის არანაირი საყვედური არ მითქვამს თუმცა 1:1 გახდებოდა და სტადიონი შედარებით დამშვიდდებოდა და შეიძლება უპირატესობაც მოგვეპოვებინა."

...წინა ევროპის ჩემპიონატებზე: "ევრო 2016 წლის ნახევარფინალში განცდილი მარცხი ყველაზე დიდი იყო. ჩვენ, რომ ფრანგები დაგვემარცხებინა, რაც შესაძლებელი იყო, ჩვენ აუცილებლად მოვიგებდით ტიტულს. ახლა დიდ მარცხებში შეგიძლიათ გუშინდელი მატჩიც შეიტანოთ. "უემბლიზე" თამაში განსაკუთრებულია. ამ მარცხმა დიდი ტკივილი მომანიჭა. 2012 წელს იტალიასთან წაგება მათ შორის არ არის. მან მოგვცა ის, რაც გვჭირდებოდა." 

...15 წელი მთავარი მწვრთნელის რანგში: "ყოველთვის იცვლება მენტალიტეტი, თავში უამრავი აზრი გაქვს. ყოველთვის არ არის ადვილი ამ პასუხისმგებლობის აღება. რა თქმა უნდა იყო მომენტები, როდესაც ასე არ მიმაჩნდა. 15 წლის ასეთ პოსტზე გატარების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. რამდენიმე წლის შემდეგ გადამწყვეტი არ იქნება, მიაღწიე თუ არა კიდევ ერთ გამარჯვებას ან დამარცხდი თუ არა კიდევ ერთხელ. პირადად ჩემთვის ყველაზე კარგი იყო ის გზა რაც ამ ხალხთან ერთად გამოვიარე. ჩამოყალიბდა მეგობრობა, რომელიც ჩემს ნაკრებთან ყოფნას გასცდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. ეს ის მომენტებია, რომელიც მწვრთნელად გაყალიბებს."

ლიოვთან ერთად გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წელს მოიგო

…იოზილის შესახებ: "რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის უდიდესი ადამიანური იმედგაცრუება იყო. 2018 წლის შემდეგ, როდესაც იოზილმა ნაკრები დატოვა ჩვენ ერთმანეთთან რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ვსაუბრობდით, მაგრამ ვფიქრობ მოვა დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით. რა თქმა უნდა, მესუთი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი და შესანიშნავი მოთამაშე იყო."

...ჰანსი ფლიკის შესახებ: "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთთან მუდმივი კონტაქტი გვქონდა. ახლაც, ტურნირის მსვლელობისას ერთმანეთს ტელეფონით ვუკავშირდებოდით. ჩვენ კარგად ვიცით ერთმანეთის შეხედულებები. ჩვენი მეგობრული ურთიერთობა უცვლელი დარჩება. ჰანსი შეეცდება თავისი იდეები და შეხედულებები შეიტანოს ნაკრების თამაშში."

…ნიდერლანდების ჩაბარებაზე: "არა ამ მომენტისთვის ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული ამით. საერთო ჯამში ნიდერლანდებს ბევრი კარგი მწვრთნელი ჰყავთ. აქამდე დაგეგმილი არაფერი მქონდა არც დასვენება და არც სხვა რამ." 
      

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შემდეგ არ არის ცნობილი თუ რას იზამს იოახიმ ლიოვი. მის შესახებ რამდენიმე ჭორი უკვე გავრცელდა, თუმცა დაზუსტებით არაფერი არ იწერება. 

კომენტარები

ბოლო ამბები