Thumbnail
  • ბორჯღალოსნების მთავარი და შერკინების მწვრთნელების კომენტარები
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან 2 მატჩს ჩაატარებს

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკაში პირველი პრესკონფერენცია გამართეს და მსოფლიოს ჩემპიონთან 2-მატჩიანი სერიის მოლოდინებზე ისაუბრეს.

საქართველო ‘სპრინგბოკსს’ 2 ივლისს პრეტორიაშია, ხოლო 9 ივლისს იოჰანესბურგში ეთამაშება. ორივე შეხვედრა ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით.

''ბორჯღალოსანთა'' მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ეროვნული ნაკრების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ნაკრებს ამ დროისთვის დიდი დანაკლისი აქვს, რასაც ასევე რამდენიმე მორაგბე დაემატა.

ლევან მაისაშვილი: „ამ ორ თამაშში ჩვენი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ ტრავმების გამო ძალიან ბევრი მოთამაშე გამოგვაკლდა, გვსურს ვნახოთ რა გამოცდილება მივიღეთ ამ ტურნირისგან და როგორ გავუძლებთ წნეხს. მსოფლიო თასამდე მორაგბეებმა რაც შეიძლება მეტი ასეთი დონის თამაში უნდა ჩაატარონ, რადგან იქ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან გვიწევს შეხვედრა“.

გაფართოებულ გუნდში 29 მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ასეთი ძლიერი სამატჩო რაზმის დასახელა მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენთვის დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში. ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ რაც უფრო ძლიერ შემადგენლობას დააყენებდა მოწინააღმდეგე, მით უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბიჭები დიდ გამოცდილებას შეიძენენ.

ნიენაბერი ბოლო წლებში სამხრეთ აფრიკის სამწვრთნელო შტაბის ნაწილი იყო და მეტოქის თამაშში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. მათი სათამაშო ფილოსოფიის ფუძემდებელი რასი ერასმუსია, რომელიც ახლაც აქტიურადაა ჩართული გუნდის მზადებაში. ‘ბოკე’ მარტივ და ეფექტურ, თავდაჯერებულ სტილს მისდევს და ფაქტია, ამან მსოფლიოს ჩემპიონობამდე მიიყვანა.

დიდი არჩევანი არც გვქონდა. ჯერ კიდევ შეკრებამდე ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, რასაც დაემატა ახალი დაშავებულები, ასევე ისინი, ვინც ახალი გამოსულია კოვიდიდან და რეაბილიტაციისთვის გარკვეულ დროს საჭიროებენ. სამწუხაროდ, ნიდერლანდებთან დაშავდა და გამოგვაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სერიის განმავლობაში გვექნება ცვლილებები. გაფართოებულ, 32-კაციან შემადგენლობაში არიან ისეთები, რომელთა მოედანზე გასვლა სამედიცინო თვალსაზრისით ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყო და მათ მომდევნო შეხვედრებში გამოვცდით“.

შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკის ფორვარდების სიძლიერეზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მარქაფაში ექვსი მორკინალია.

ილია მაისურაძე: სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფორვარდები ყავს, რაც 2019 წელს იაპონიაშიც დაამტკიცა. ისინი გამოირჩევიან ზომით, საშემსრულებლო ოსტატობით და მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ სიძლიერეს. ერასმუსის ხელში ‘ბოკე’ საშუალო გუნდიდან დაუმარცხებლად იქცა. მან სწორად შეაფასა საკუთარი შეგირდების ძლიერი მხარეები და ამ პროგრესში ლომის წვლილი ფორვარდებს მიუძღვით.

ჩვენი შერკინების მოთამაშეებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. გვყავს ახალგაზრდა მორკინალები, რომლებიც დიახ, ტოპ-გუნდებში თამაშობენ, თუმცა ასაკით და გამოცდილებით მეტოქეს ჩამოუვარდებიან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფსიქოლოგიაზე. თუ გსურს, რომ მოედანზე იყო და უძლიერესების წინააღმდეგ ითამაშო, არ შეიძლება შეეგუო წაგებას და ბოლომდე უნდა დაიხარჯო“.

„რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა აწუხებს და შევჯერდით, რომ შეცვლაზე 6 მორკინალი გვეყოლებოდა. გარდა ამისა, ვიცით, რომ აფრიკელებთან ჭიდილში ამ კომპონენტში ძალიან დიდ ენერგიას დავხარჯავთ. ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე ვართ. აქ აფრიკელები თავს კარგად გრძნობენ და ამ მოკლე დროში, მნიშვნელოვანია გავანაწილოთ ენერგია.

სამხრეთ აფრიკის განვითარების სტრატეგია ისეა აწყობილი, რომ ასაკობრივი ნაკრებები იმავე პოლიტიკას მისდევენ, რასაც ეროვნული. მათ დიდი ხანია დამკვიდრებული აქვთ საკუთარი სტილი და მას არ ღალატობენ. მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ჩამოყალიბებული მორაგბეები არიან, განსხვავდება მწვრთნელების ხედვა შერკინებაში, დერეფანში, მოლში და ყველაფრის ერთი-ერთში გადატანა არ ხდება. ამიტიმ ჩვენც მოგვიწევს გარკვეული ცვლილებების განხორციელება“.

კომენტარები

ბოლო ამბები