Thumbnail
  • როგორ იცვლება გერმანიის საფეხბურთო და არასაფეხბურთო იდენტობა
  • თომას მიულერის აცილება სიმბოლური მომენტი იყო

ყველაზე სიმბოლური მომენტი მატჩის ბოლოს შეიქმნა. რაჰიმ სტერლინგის შეცდომა და თომას მიულერი ერთი-ერთზე აღმოჩნდა.

სიმბოლური მომენტი იყო იმიტომ, რომ ინგლისელებს სჩვევიათ კარგად ჩატარებულ დიდ თამაშებში უაზრო გოლების გაშვება. მატჩის ბოლოს გათანაბრება და მეტოქის შეცდომების გამოყენება რომ ისტორიულად გერმანელების საქმეა, ეს ამბავიც კარგად ვიცით.

1966 წლის დიდი ფინალის შემდეგ, ჩვეულებრივ, გერმანია სჯის ხოლმე ინგლისს შეცდომებისთვის, საფეხბურთო მიამიტობისთვის და იმ გოლისთვის, რომელიც გოლი არ იყო. ტოფიკ ბახრამოვი და ჯეფრი ჰერსტის გოლი-ფანტომი კი იცით.

ასე იყო 1970 წელს, როცა გერმანიამ ინგლისს 0:2-დან მოუგო და თამაშის დასრულებამდე მოგების დაჯერების გამო, სერ ალფ რამსეი დაისაჯა. გერმანული სული და მსგავსი ამბები ხომ გსმენიათ? ეგ თამაში ამის კლასიკაა. თუ არ გინახავთ, უნდა ნახოთ, უვე ზეელერის კეფით დარტყმული გამორჩეული რამეა. მსგავსი ამის მერეც და მანამდეც, ასეთ დონეზე არაფერი ყოფილა.


ასე იყო 1996-ში, როცა ტერი ვენეიბლზის ძალიან კარგ გუნდს, არცთუ ისე კარგმა გერმანიამ ‘უემბლიზე’ ფეხბურთის სახლში დაბრუნების ოცნება წაართვა. ჯერ გაათანაბრა და შემდეგ პენალტები (სხვათა შორის იქ გადამწყვეტი პენალტი გარეთ საუთგეიტმა ვერ გაიტანა). ან 1990-ში. მოკლედ, ბევრჯერ ყოფილა. იმდენჯერ რომ ჩამოთვლას აზრიც არ აქვს.


ახლა პირიქით, მოხდა, მიულერმა დაარტყა და ააცილა. ძალიან არაგერმანული რამე მოხდა - მთავარმა გერმანელმა კაცმა გადამწყვეტ მომენტში ააცილა.

იოგი ლიოვს რომ წასვლა დააგვიანდა და გუნდი დაულაგებელი ჰქონდა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. ლიოვი 2018-ში უნდა წასულიყო, სამხრეთ კორეასთან წაგება და ჯგუფში დარჩენა უპატიებელი რამეა.

თუმცა, მე უფრო სხვა რამ მაინტერესებს. მგონია, რომ ეს მომენტი კარგად განასახიერებს იმ ცვლილებას საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო იდენტობაში, რომელსაც გერმანული საზოგადოება განიცდის. ოდესღაც ეს მსოფლიო ომში მიწასთან გასწორებული ქვეყანა იყო. ისევე, როგორც პირველი მსოფლიო ომის მერე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც ნაომარმა და განადგურებულმა ქვეყანამ რეკორდულად მცირე დროში აღდგენა მოახერხა და ევროპის ლიდერი გახდა. ეს სასწაული იყო. ვიცნობ იმ თაობის გერმანელებს - ამ ქვეყანაში მიცხოვრია, მისწავლია და მიმუშავია - ეს ძალიან მშრომელი და უბრალო ხალხია. ძალიან მარტივი რაღაცების სჯეროდათ - პირველ რიგში შრომის, დისციპლინის და კეთილსინდისიერების. მარტივი და ნაღდი რაღაცების. ქვეყანაც ასე ააშენეს. სწორედ ამიტომ აშენებდნენ საბჭოთა კავშირში გადმოსახლებული გერმანელი ტყვეები უფრო ხარისხიან შენობებს, ვიდრე თავად საბჭოთა მოქალაქეები. 

დღეს გერმანია ევროპის ლიდერია, ეკონომიკურად მაინც. ახალ თაობას ახალი პრიორიტებები აქვს. უნდა, რომ ყველაზე მშრომელი კი არა, ყველაზე პროგრესული, ინოვაციური და გონებაგახსნილი ერქვას. სწორედ ასე, სულ რამდენიმე ათწლეულში გერმანია კონსერვატიული ევროპის ჩემპიონი, ლიბერალური ევროპის ჩემპიონად იქცა.

ეს ფეხბურთზეც აისახა. თანამედროვე გერმანული თამაში პროგრესული და ინოვაციურია. ტუხელს და კლოპს პრემიერლიგაში შემთხვევით არ ეძახიან. სამი წელია, ჩემპიონთა ლიგას გერმანელი მწვრთნელები იგებენ. თუმცა, ძველებური შინაგანი სიხისტე თუ ‘მკვლელის ინსტიქტი’ ამ თაობას ნაკლებად აქვს. შეიძლება მიულერს და კიმიხს აქვთ, მაგრამ ჰავერტცი, სანე და ვერნერი ახალი გერმანიის სახეები არიან. ასეთ რამეებს მეცნიერულად ვერ დაასაბუთებ, მაგრამ ემოციის და შთაბეჭდილებების დონეზე ასე ჩანს.

მიულერმა რომ ააცილა, ეს გამიკვირდა - ამ გუნდში ყველაზე მეტად სწორედ ის განასახიერებს აი იმ ტრადიციულ გერმანულ ფასეულობებს, რომელთა შორისაც მეტოქის შეცდომის გამო დასჯის ხელოვნება უპირველესია. ბაიერნში ეს ნაკლებად იგრძნობა, იქ ჰიონესი, რუმენიგე და კანია და ზოგადად, ბაიერნი ძალიან კონსერვატიული კლუბია. გერმანიის ნაკრებში უფრო ჩანს.

ეს არც ცუდია და არც კარგია, უბრალოდ სტილის ცვლილებაზე ვსაუბრობთ. დანარჩენი გემოვნების ამბავია. ლიოვის ხელში გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია, ამაზე მეტი რა უნდა ექნა?!

უბრალოდ, თვალში ის მომხვდა, რომ გუშინ ინგლისი უფრო პრაგმატული იყო. ერთ-ერთ წინა სტატიაში დავწერე და გავიმეორებ: საუთგეიტის დიდი მწვრთნელობის არ მჯერა. ისიც მჯერა, რომ ინგლისს უკეთესი გუნდი შეიძლება ჰყავდეს. ვერც ჯეკ გრილიშის ართამაშის ამბავს ვეგუები იოლად. მაგრამ სამ მცველზე გადაყვანა და მეტოქის ტაქტიკის დუბლირება, ორი ჩამშლელი შუაში, მომენტის ლოდინი და ზედიზედ მეოთხედ არგაშვება რომ ინგლისს გამოუვიდა, ეს ფაქტია.

წინ კი ადვილი გზაა ფინალამდე. ის, რომ ფორტუნა ინგლისისკენაა, ეს ამბავიც საფეხბურთო ისტორიაში იშვიათად ყოფილა. უფრო სწორად, მხოლოდ ერთხელ და ‘უემბლიზე’. 1966-ის არ იყოს, ‘უემბლი’ ახლაც გადამწყვეტი თამაშების მასპინძელია.

კომენტარები

ბოლო ამბები