Thumbnail
  • ატლანტა 110:88 მილუოკი
  • ატლანტამ სერიაში ანგარიში ლიდერის გარეშე გაათანაბრა
  • მეოთხე მატჩში მილუოკის ლიდერი იანისიც დაშავდა

ვინც იფიქრა, რომ რაკი ტრეი იანგი არ თამაშობდა, ატლანტა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-4 შეხვედრაში განწირული იყო, შეცდა. მთავარი ლიდერის გარეშე დარჩენილმა მასპინძლებმა 110:88 გაიმარჯვეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2. თუმცა ეს თამაში მილუოკის ლიდერის ტრავმამაც დაჩრდილა: იანის ანტეტოკუნმპო იძულებული გახდა, მატჩი ნაადრევად დაესრულებინა.

ბერძენი მესამე პერიოდის დასაწყისში დაშავდა. მის მარცხენა მუხლს ახლა დეტალურად გამოიკვლევენ, მანამდე კი შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად სერიოზულია იანისის ტრავმა. იგივე ეხება ატლანტას სუპერვარსკვლავ ტრეი იანგსაც, რომელზეც ამ გუნდის თამაში ზედმეტადაა დამოკიდებული.

თუმცა ამჯერად ატლანტამ იანგის გარეშეც ძალიან კარგად ითამაშა. მასპინძლები იანისის ტრავმამდეც იგებდნენ, რაც პირველ რიგში ლუ უილიამსის (21 ქულა, 7/9, 8 პასი) და ბოგდან ბოგდანოვიჩის (20 ქულა, 6/14 სამქულიანი) დამსახურებაა. საერთო ჯამში ატლანტას ექვსმა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის დაგროვება. ბაქსიდან კრის მიდლტონი (16 ქულა, 6/17) და ჯრუ ჰოლიდეი (19 ქულა, 6/17, 9 პასი) იყვნენ საუკეთესოები. იანისმა კი თავის 24 წუთში 14 ქულის დაგროვება შეძლო (7/10, 8 მოხსნა).

მატჩის ყველაზე საინტერესო მომენტი უდავოდ კლინტ კაპელას ეს ამბავია: მეოთხე მეოთხედში, ატლანტას დრო გასდიოდა, კაპელამ აი ასე, ლარი ბერდის სტილში ჩააგდო:

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ლუ უილიამსი უნდა დავასახელოთ - 34 წლის მცველმა ტრეი იანგი შეცვალა და თითქმის უშეცდომო თამაში ჰქონდა. უილიამსი კარგადაც ისროლა და პლეიმეიკერის რანგშიც შესანიშნავი იყო. ბოგდანოვიჩთან და ჰუერტერთან ერთად მან ძალიან მოქნილი ტრიო შექმნა. კარგი იყო დაცვაშიც.

მთავარი იმედგაცრუება კი ალბათ მაინც კრის მიდლტონია, რომელიც შესანიშნავად ჩატარებული მესამე მატჩის შემდეგ, მართალია, ძალიან ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ არც კარგი თამაში ჰქონია. მან 7 სამქულიანი ისროლა და ვერცერთი ჩააგდო, პლუს 4 დაკარგვაც ჰქონდა. თუმცა, საერთო ჯამში მთელმა მილუოკიმ ცუდად ითამაშა.

ამრიგად, სერიაში ანგარიშ ისევ თანაბარია (2:2), მომდევნო დაპირისპირება კი 2 ივლისს, უკვე მილუოკიში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები