Thumbnail

ევრო 2020-ის 1/8-ფინალში ინგლისის ნაკრებმა რაჰიმ სტერლინგისა და ჰარი კეინის გოლებით გერმანიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის შემდეგ ინგლისელები, ბუნებრივია, გახარებულები იყვნენ და თქვეს, რომ მათი მიზანი ფინალში თამაში და ჩემპიონობაა, ხოლო გერმანიის ნაკრებში იმედგაცრუება იგრძნობოდა.

რაჰიმ სტერლინგი: "ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ძალიან კარგად თამაში იყო საჭირო, რაც, ვფიქრობ, გავაკეთეთ. ვიცით ის ინტენსივობა, რომლითაც თამაში ვთამაშობთ და მასთან გამკლავება ბევრ გუნდს არ შეუძლია. ნახევარდაცვის ცენტრში ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს, რაისი და ფილიპსი. ისინი დღეს მხეცებივით თამაშობდნენ".

ჰარი კეინი: "საოცარი დღე და წარმოუდგენელი მატჩი. ასეთი "უემბლის" მოსმენა დაუვიწყარია. რა თქმა უნდა, გვინდა ბოლომდე მისვლა, მნიშვნელობა არ აქვს ვისთან ვითამაშებთ, ჩვენ მზად ვართ".

დეკლან რაისი: "ეს წარმოუდგენელია. ბევრმა ადამიანმა ჩამოგვწერა ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვსურდა იმის დამტკიცება, რომ ხალხი ცდებოდა. რაჰიმ სტერლინგმა დაამტკიცა, რომ ბევრი ადამიანი ცდება და ის ბევრ გოლს იტანს, ხოლო ჰარი კეინი დიდი თამაშებისთვისაა დაბადებული, გაიტანა გოლი, რომლითაც თამაშის ბედი გადაწყდა. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მეოთხედფინალში საინტერესო თამაში გველოდება. ნამდვილად მჯერა, რომ ფინალში გავალთ, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება".

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენთვის უდიდესი იმედგაცრუებაა. დიდი იმედი გვქონდა, რომ უფრო მეტს მივაღწევდით და ამ გუნდის რწმენა მაღალი იყო. მსგავს მატჩებში აუცილებელია საგოლე მომენტების გამოყენება, ტიმო ვერნერმა და თომას მიულერმა საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება სამწუხაროდ ვერ მოახერხეს. ისინი თავს ძალიან ცუდად გრძნობენ. შეცდომებს ყველა უშვებს. მწვრთნელი ირჩევს შემადგენლობას იქედან გამომდინარე, რასაც ვარჯიშზე ხედავს. რა თქმა უნდა, უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვაგვარად ვიმოქმედებდით, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამ გუნდის მოთამაშეთა ნაწილი პიკს ევრო 2024-ზე მიაღწევს. ისინი უფრო მოწიფულები და გამოცდილები იქნებიან".

მანუელ ნოიერი: "კარგად ვითამაშეთ და იმედგაცრუება დიდია. ვერ მოვახერხეთ ინგლისელების კიდევ ერთხელ დამწუხრება. ინგლისი უკნიდან თამაშობდა, პირველ ტაიმში ვერნერს კარგი შანსი ჰქონდა, შემდეგ კი მიულერს. როდესაც ლიოვი დავინახე, ძალიან მოვიწყინე, ის საოცარი ადამიანია, ყველა ჩვენგანი მასთან მიმართებაში დავალებული ვართ. სამწუხაროა, რომ დიდი ეპოქა ასე დასრულდა".

ტონი კროოსი: "წარმოიდგინეთ, რამდენად მწარეა ეს მარცხი. თანაბარი თამაში იყო, სანამ მათ პირველი გოლი არ გაიტანეს. შეტევაში ეფექტურმა თამაშმა შექმნა სხვაობა. ინგლისის თითქმის არ ჰქონია საგოლე მომენტი, სანამ ანგარიში 1:0 გახადეს. მანამდე ჩვენი თამაში მანამდე სოლიდური იყო, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა".

შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2006 წლიდან მუშაობდა და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მას ჰანსი ფლიკი შეცვლის. ინგლისის ნაკრები კი 3 ივლისს, 1/4-ფინალურ მატჩს რომში შვედეთის ან უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები