Thumbnail

ლონდონის "უემბლიზე" ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ინგლისის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა, 2:0 დაამარცხა და ბრძოლას აგრძელებს. ინგლისელებმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხეს რაჰიმ სტერლინგისა და ჰარი კეინის გოლებით. ინგლისის ნაკრები 1/4 ფინალში შვედეთისა და უკრაინის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გარეთ საუთგეიტმა გრილიშის ნაცვლად სასტარტოში ტრიპიერი დააყენა, ხოლო საკამ 11-ეულში ადგილი შეინარჩუნა. იოახიმ ლიოვმა სასტარტოში გნაბრის ვერნერი ამჯობინა, ხოლო გიუნდოგანის ნაცვლად 11-ეულში გორეტცკა მოხვდა.

ინგლისელი ფანები უემბლის ბოქსპარკზე მრავლად შეიკრიბნენ

პირველი მომენტი ინგლისელთა კართან შეიქმნა, გორეტცკას სახიფათო გარღვევა რაისმა ჯარიმით შეაჩერა, რომლის შესრულებასაც გერმანელთათვის ხეირიანი არაფერი მოჰყოლია. ინგლისელებმა სტერლინგის დარტყმით უპასუხეს, ნოიერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 31-ე წუთზე ვერნერი პიკფორდთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. ტაიმის მიწურულს მატს ჰუმელსმა გააუვნებელყო ინგლისელთა მომენტი კეინის მონაწილეობით - ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა

მეორე ტაიმი ჰავერტცის დარტყმით და პიკფორდის შესანიშნავი "სეივით" დაიწყო. ანგარიში 75-ე წუთზე გაიხსნა, ლუკ შოუს პასით რაჰიმ სტერლინგმა ახლო მანძილიდან გაიტანა. მე-80 წუთზე მიულერს კონტრიერიშისას შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს აააცილა.

რაჰიმ სტერლინგმა ანგარიში გახსნა

86-ე წუთზე ევრო 2020-ზე თავისი პირველი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა - გრილიშმა ჩააწოდა და ფორვარდმა თავით ორბურთიანი უპირატესობა დააფიქსირა. 

TOP - რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)

ინგლისის ნაკრების პირველი სამი გოლის გამტანი ევრო 2020-ზე. თანაგუნდელებისგან განსხვავებით, პირველ ტაიმშიც აქტიური იყო. მისი გოლი მანუელ ნოიერის კარში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა

FLOP - თომას მიულერი (გერმანია)

მას შეეძლო მალევე გათანაბრება, მაგრამ 100%-იანი შანსი ქარს გაატანა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მატჩში, გერმანია გატყდა და ევრო 2020-ს დაემშვიდობა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ეს იყო ინგლისის ნაკრების მე-300 საერთაშორისო მატჩი "უემბლიზე". აქამდე "სამმა ლომმა" 187 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 39 დათმო.

📌 ბაკაიო საკა ინგლისის ნაკრების ისტორიაში მესამე თინეიჯერია, ვინც დიდი ტურნირების პლეი ოფის მატჩში სასტარტოში ითამაშა. სხვები: მაიკლ ოუენი (1998 წ.), უეინ რუნი (2004 წ.).

📌 თომას მიულერმა გერმანიის ნაკრების ბოლო 26 მატჩში ითამაშა დიდ ტურნირებზე, რითაც მესუთ იოზილის რეკორდი გაიმეორა.

📌 კირან ტრიპიერმა 2018 წლის მუნდიალზე და ევრო 2020-ზე ერთად 27 შანსი შექმნა, მასზე მეტი მხოლოდ კევინ დე ბრუინს (33) აქვს. ტრიპიერის 27 შექმნილი შანსიდან 9 ჰარი მაგუაირის დარტყმით დასრულდა.

📌 რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის ნაკრების პირველი სამი გოლი გაიტანა ევრო 2020-ზე.

📌 ინგლისის ნაკრები ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ევრო 2020-ზე გოლი არ გაუშვია

ინგლისი 2:0 გერმანია

ინგლისი (3-4-3): პიკფორდი - უოკერი, მაგუაირი, სტოუნსი - ტრიპიერი, ფილიპსი, რაისი (88. ჰენდერსონი), შოუ - საკა (69. გრილიში), კეინი, სტერლინგი

გერმანია (3-4-2-1): ნოიერი - გინტერი (87. ჯანი), ჰუმელსი, რიუდიგერი - კიმიხი, გორეტცკა, კროოსი, გოზენსი (88. სანე) - ჰავერტცი, მიულერი (92. მუსიალა) - ვერნერი (68. გნაბრი)

კომენტარები

ბოლო ამბები