Thumbnail
  • ვილი სანიოლმა ევრო 2020-ზე საფრანგეთის ნაკრების მარცხი შეაფასა
  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 'ეკიპს' ესაუბრა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2020-ის 1/8-ფინალში საფრანგეთის ნაკრების თამაში შეაფასა. როგორც მან "ეკიპთან" საუბარში თქვა, მისთვის სიურპრიზი იყო დიდიე დეშამის გადაწყვეტილება, რომელმაც ბოლო ექვს მატჩში გუნდი 4 სხვადასხვა სქემით ათამაშა, რამაც ფეხბურთელებზე იმოქმედა.

სანიოლი მარცხში კილიან მბაპეს არ ადანაშაულებს, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, თერთმეტმეტრიანების სერიაში მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის დიდი მოთამაშე და ვინ - არა:

ვილი სანიოლი: "ეს იყო ჩვენი მეოთხე ოფიციალური თამაში და მეექვსე ამხანაგური მატჩების ჩათვლით, რომლებშიც ოთხი სხვადასხვა სქემა გამოვიყენეთ და ფეხბურთელები პრაქტიკულად დაიკარგნენ. როდესაც ბურთი გვქონდა, ჩვენი ფლანგები არ იყო აქტიური, ამიტომ შეტევის დაწყება ფაქტობრივად დაცვაში მყოფი ხუთი ფეხბურთელით გვიწევდა. ეს მთელმა სტადიონმა და ტელევიზორთან მყოფმა ყველა ფრანგმა დაინახა. პირველ ტაიმში პრაქტიკულად ყველაფერი დავკარგეთ, შესვენების შემდეგ ვნახეთ 4-2-3-1 ან 4-4-2 და ოდნავ მაღლა ვთამაშობდით, იყო მოთამაშეებს შორის კომბინაციებიც, განსაკუთრებით სამი შემტევის წყალობით. თუ გულწრფელნი ვიქნებით, უნდა ვთქვათ, რომ ამ მატჩში კარგად მხოლოდ 20 წუთი ვითამაშეთ. 3:1-ს შემდეგ არ გვიცდია თამაშის დასრულებამდე მშვიდად მიყვანა. არც დაცვა იყო მყარი, მაგალითად, პავარსა და ვარანს ძალიან გაუჭირდათ.

მბაპეს ევროპის ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია, მაგრამ პენალტიც რომ მან ვერ გამოიყენა, ეს სიმბოლური არ არის. პლატინის, ტრეზეგეს, ზიკოს და ბევრ საოცარ ფეხბურთელს ვერ გაუტანია პენალტი. გარდა ამისა, ეს არ იყო გაცუდებული პენალტი, მას მეკარემ აჯობა, ეს უიღბლობა იყო. პენალტების სერიაში არ არსებობენ პატარა და დიდი ფეხბურთელები.

ჩემთვის ძალიან გასაკვირია ყველა ტაქტიკური ექსპერიმენტი და შეცდომა, რაც ევროპის ჩემპიონატისას დავუშვით. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ყველა რგოლში სრულყოფილი უნდა იყოს. ქარიმ ბენზემას გამოკლებით, გუნდი 3 წლის განმავლობაში ყოველთვის ამ შემადგენლობით თამაშობდა და ამიტომ, ყველა ამ ექსპერიმენტით გაკვირვებული ვარ. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები თავიანთი თვისებების მიხედვით განვითარდნენ. სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ჩვენი ყველა ძლიერი მხარე დავკარგეთ და ეს ფატალური აღმოჩნდა".

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს შვეიცარიასთან პენალტების სერიაში მარცხის შედეგად (3:3, 4:5) გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები