Thumbnail

მსოფლიოს 18 ჩემპიონი საქართველოსთან - 'ქურციკების' შემადგენლობა ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საქართველოსთან პირველი ტესტისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა, რაც “ბორჯღალოსნებისთვის” ძალიან რთულ მატჩს მოასწავებს. მხოლოდ ის რად ღირს, რომ “ქურციკების” რაზმში მსოფლიოს 18 მოქმედი ჩემპიონია, რომელთაგან 12-მა ინგლისთან 2019 წელს მოგებულ ფინალშიც ითამაშა.

ამ 12-დან 6 “ბორჯღალოსნებთან” მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ესენი არიან სია კოლისი, პიტერ-სტეფ დიუ ტოი, ებენ ეცებეთი, ბონგი მბონამბი, ვილი ლე რუ და ჰანდრე პოლარდი. დარჩენილი ექვსეული თადარიგში იქნება: ფრანს სტეინი, ფრანკო მოსტერტი, მალკოლმ მარკსი, სტივენ კიცჰოფი, ფრანს მალჰერბე და ჰერშელ იანკისი.

აღსანიშნავია, რომ სტეინი ეროვნული გუნდის მაისურით 68-ე მატჩს ჩაატარებს, ლე რუ 62-ე კეპს მოიხვეჭს, დუ ტოი – 56-ეს, კოლისი 51-ეს, პოლარდი 49-ეს, კიცჰოფი – 48-ეს, ხოლო კრილი – 47-ეს. არიან დებიუტანტებიც. 7-კაცა გუნდში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი როკო სპეკმანი, აფელელე ფასი და იასპერ ვიზე ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშებენ.

'ქურციკების' მთავარი მწვრთნელ ჟაკ ნიენაბერი

“ქურციკები” მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ, დაახლოებით 19-თვიანი პაუზის მერე, მინდორზე პირველად გავლენ და ამდენად, აფრიკელთა თავკაცი ჟაკ ნიენაბერი მომავალ მატჩს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან ტესტ-სერიის წინ, მასპინძელთა მხრიდან ყოველგვარი ზერელე დამოკიდებულებაც გამორიცხულია.

ჟაკ ნიენაბერი: “იმის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრებთან მატჩებში რა გეგმებიც გვაქვს, მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა შევარჩიეთ, რომელიც გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია. ამ ნაკრების წევრთა უმეტესობა მსოფლიო თასის გამარჯვებულია, სხვებმა კი ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განიცადეს და ეროვნულ გუნდში თამაში დაიმსახურეს. საქართველოს ნაკრებისგან ტრადიციულ ფიზიკურად დატვირთულ რაგბს ველით და ეს, სწორედ ისაა, რაც გვჭირდება. 80 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და მომავალი თამაშებისთვის საჭირო უნარები გამოვიმუშავოთ”.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკა საქართველოსთან პირველ მატჩი 2 ივლისს დედაქალაქ პრეტორიაში, კერძოდ კი, Loftus Versfeld-ზე გამართავს. 9 ივლისისთვის მეტოქეები უკვე იოჰანესბურგში გადაინაცვლებენ და ერთმანეთს Emirates Airline Park-ზე დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ქომაგებს კი სტადიონზე არ შეუშვებენ, რადგანაც ამას სამხრეთ აფრიკაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები კრძალავს.

სამხრეთ აფრიკა საქართველოსთან

15. ვილი ლე რუ (61 კეპი, 60 ქულა), 14. როსკო სპეკმანი (უკეპო), 13. ჯესი კრილი (46, 60), 12. ფრანს სტეინი (67, 141), 11. აფელელე ფასი (უკეპო), 10. ჰანდრე პოლარდი (48, 457), 9. კობუს რაინახი (14, 30), 8. კვოხა სმითი (6), 7. პიტერ-სტეფ დიუ ტოი (55, 25), 6. სია კოლისი (კაპ. 50, 30), 5. ფრანკო მოსტერტი (39, 5), 4. იბენ ეცებეთი (85, 15), 3. ტრევორ ნიაკანე (42, 5), 2. ბონგი მბონამბი (36, 35), 1. ოქს ნჩე (1).

სათადარიგოები: 16. მალკოლმ მარკსი (33, 25), 17. სთივენ კიცჰოფი (47, 5), 18. ფრანს მალჰერბე (38, 5), 19. მარვინ ორი (3), 20. იასპერ ვიზე (უკეპო), 21. ჰერშელ იანკისი (10, 20), 22. ელტონ იანკისი (37, 281), 23. დამიან ვილემსე (6, 5).

კომენტარები

ბოლო ამბები