Thumbnail
  • ფერნანდინიო მანჩესტერ სიტიში კიდევ ერთი წლით დარჩა
  • ბრაზილიელის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა 

მანჩესტერ სიტის კაპიტანმა ფერნანდინიომ "ქალაქელებთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ბრაზილიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ბევრი ვარაუდობდა, რომ 36 წლის ფეხბურთელი მანჩესტერულ კლუბს დატოვებდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, ნახევარმცველი შეეცდება, პეპ გვარდიოლას გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

ფერნანდინიო მანჩესტერ სიტიში 2013 წელს, დონეცკის შახტარიდან გადავიდა. მას შემდეგ ბრაზილიელმა "ქალაქელების" რიგებში 350 შეხვედრა ჩაატარა და მოიგო 12 ტიტული, მათ შორის 4 პრემიერლიგის თასი.

მანჩესტერ სიტის კაპიტანი აცხადებს, რომ მას ინგლისურ კლუბში ჯერ კიდევ დარჩა დაუმთავრებელი საქმე. ბრაზილიელს სურს, რომ სიტისთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას გუნდი წელს ამ მიზანთან ახლოს იყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ქალაქელები" ლონდონის ჩელსისთან დამარცხდნენ.

"ვფიქრობ, სიტიში სამუშაო ბოლომდე არ შემისრულებია, სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი წლით აქ დარჩენა გადავწყვიტე. ვცდილობ, კლუბმა მიაღწიოს იმ მიზნებს, რომლებიც დასახული აქვს. ჩემი აზრით, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ცხადია, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მანჩესტერში კიდევ ერთი წლით დარჩენა სასიამოვნოა", - განაცხადა ფერნანდინიომ.

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 2 საგოლე გადაცმით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები