- 📅 29 ივნისი | 🏟 ლონდონი | ⌚ 20:00 | ⚽ ინგლისი V გერმანია
- ამ მატჩში გამარჯვებულს ფინალისკენ შედარებით ადვილი გზა ექნება
- კიგანი უემბლის ტუალეტში გადადგა, დღეს საუთგეიტის თრილერი გველის
- ყველაფერი რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ
ორშაბათის ფანტასტიკური მატჩების და ტურნირიდან მთავარი ფავორიტის (საფრანგეთმა შვეიცარიასთან პენალტების სერიაში წააგო) გავარდნის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი დღეს დასრულდება. ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, “უემბლიზე” დაგეგმილი დიდი საფეხბურთო კლასიკა იწვევს - ინგლისი გერმანიის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ საფრანგეთის შემდეგ, მერვედფინალიდან ევროს კიდევ ერთი ტოპ-გუნდი უნდა გამოაკლდეს.
ინგლისელები მშობლიურ არენაზე თამაშობენ, მაგრამ თუკი რომელიმე ნაკრებზე ითქმის, რომ ‘უემბლიზე’ სტუმრის რანგში თამაში უყვარს, პირველ რიგში სწორედ გერმანიაზე. საქმე ისაა, რომ ბუნდესგუნდმა ‘უემბლიზე’ ბოლოს 1975 წელს წააგო. მას მერე გერმანელები ინგლისს ამ არენაზე 7-ჯერ ესტუმრნენ და აღარ დამარცხებულან. უფრო მეტიც: 1975 წლის შემდეგ ‘უემბლიზე’, ინგლისსა და გერმანიას შორის გამართული 7 მატჩიდან 6 გერმანიამ მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.
ინგლისის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა გარეთ საუთგეიტის გუნდმა 3 თამაშში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო და სამაგიეროდ, არცერთი გოლი არ მიუღია - 1:0 ხორვატიასთან, 0:0 შოტლანდიასთან და 1:0 ჩეხეთთან. ახლა ინგლისს გაცილებით სერიოზული გამოცდა ელის გერმანიასთან და თუ ამ ეტაპის გადალახვა შეძლო, მერე საქმე აშკარად გაუადვილდება, რადგან მეოთხედფინალში უკრაინასა და შვედეთს შორის გამარჯვებულს უნდა დაუპირისპირდეს, ნახევარფინალში შესაძლო გასვლის შემთხვევაში კი - ჩეხეთსა და დანიას შორის გამარჯვებულს. თუმცა ზუსტად, ამის იმედი აქვთ გერმანელებსაც. მოკლედ, გერმანიასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს ფინალამდე განსაკუთრებით რთული გზა არ ექნება.
შესაძლებლობების 100 პროცენტი ჯგუფურ ეტაპზე არც გერმანიის ნაკრებს გამოუვლენია. იოახიმ ლიოვის გუნდმა ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთთან მარცხით (0:1) დაიწყო, თუმცა მერე პორტუგალიის ნაკრები დამაჯერებლად, 4:2 დაამარცხა, ბოლო ტურში კი უნგრეთთან იწვალა (2:2). საინტერესოა, რომ ‘სიკვდილის ჯგუფიდან’ გასული სამი ფავორიტიდან ორი უკვე მერვედფინალში გავარდა: საფრანგეთი შვეიცარიასთან დამარცხდა, პორტუგალია კი - ბელგიასთან.
თუ ინგლისს გერმანიის ნაკრების დამარცხება სურს, შეტევაში გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე აქამდე აჩვენებდა. ასე რომ, საუთგეიტს რაღაც აქვს მოსაფიქრებელი. ნახევარ საუკუნეზე მეტია (უფრო ზუსტად, 55 წელი), რაც ინგლისელები დიდ ტიტულს ელოდებიან და წელს რეალური შანსი ეძლევათ - თუკი გერმანიასთან გამარჯვებას მოახერხებენ.
ინგლისი და გერმანია ერთმანეთს ჯამში 36-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 16 მატჩი ინგლისელებმა მოიგეს, 15 გერმანელებმა, 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბოლოს ერთმანეთს 2017 წელს, ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ და თამაში 0:0 დასრულდა. დიდ სანაკრებო ტურნირებზე კი ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია და წესით, ძალიან მაგარი ფეხბურთი უნდა ვნახოთ. ორშაბათის მატჩების შემდეგ დრამატულობის თვალსაზრისით რამ უნდა გაგვაკვირვოს, მაგრამ უმაღლეს საფეხბურთო კლასს კი ნამდვილად უნდა ველოდოთ. ეს დიდი მატჩია!
საინტერესო ფაქტები
⚽ ინგლისისა და გერმანიის ნაკრების ბოლო მატჩი ამხანაგური იყო და 0:0 დასრულდა.
⚽ ინგლისის ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო 9 შეხვედრიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
⚽ გერმანიის ნაკრები ბოლო 6 მატჩში ყოველთვის უშვებდა გოლს.
⚽ ინგლისისა და გერმანიის ნაკრების მატჩების პირველ ტაიმში საშუალოდ 1 გოლი გადის.
⚽ ინგლისისა და გერმანიის ნაკრების მატჩებში საშუალოდ 2,4 გოლი გადის.
⚽ ინგლისის ნაკრების ბოლო 4 მოგებული მატჩიდან ოთხივე 1:0 დასრულდა.
⚽ ჰარი კეინს ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე გოლი ჯერ არ გაუტანია.
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ - ფილიპსი, რაისი - ფოდენი, მაუნტი, სტერლინგი - კეინი.
გერმანია (3-4-2-1): ნოიერი - გინტერი, ჰუმელსი, რიუდიგერი - კიმიხი, გორეტცკა, კროოსი, გოზენსი - ჰავერტცი, მიულერი - გნაბრი.
კომენტარები