Thumbnail

გიორგი ფირცხელანი: კიგანი უემბლის ტუალეტში გადადგა, დღეს საუთგეიტის თრილერი გველის

გიორგი ფირცხელანი პროფილის ფოტო
გიორგი ფირცხელანი

გუნდის შეკრებაზე ყველა დღე ერთნაირია. მკაცრი რეჟიმი მოწყენილობის სფეროს ქმნის და ამ ბაბლიდან თავის დაღწევას ფეხბურთელები სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ ხოლმე. დღეს თუ ინგლისის ნაკრების მოთამაშეები ვარჯიშზე კაუჩუკის მამლებით დარბიან, 1990 წელს, სარდინიაზე გამოკეტილი გუნდის წევრები კარტინგით და მატჩის წინ მწვრთნელის მიერ ნათქვამი პირველი ფრაზის თემატიკაზე ფსონებს მიღებით ირთობდნენ თავს.

ასეთი დღე იყო 1990 წლის 3 ივლისიც, ინგლისის ნაკრები თამაშის წინა დღეს სარდინიიდან ტურინში ჩავიდა, გუნდი სასტუმროში მოეწყო და საღამოს ყველა თეორიის ოთახში შეიკრიბა. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალია, სადაც თითქმის გაერთიანებულ გერმანიას ხვდები; ლონდონის ბლიცი სახლში დღემდე ბევრს ახსოვს, სომის იერიში არც ისე ცოტას - ბობი რობსონი უბრალოდ ვლადებულია, რაღაც ფორმით, ფეხი ამ სამოტივაციო პედალს მიადგას.

გუნდში ყველაზე მოუსვენარი, გარი ლინეკერი იღებს მარკერს და დაფაზე წერს ფრაზას, რომლითაც სავარაუდოდ სერ ბობი თავის სიტყვას დაიწყებს - “We beat 'em in the war…“ დაწერა ლინეკერმა. შემოდის ბობი და ამბობს “We beat 'em in the war…“  - ოთახში ხარხარი და სტვენა ატყდა, ტერი ბუტჩერიც კი იცინის; დეს უოკერი რობსონს აწყნარებს; „ლინეკერ შე ნაბიჭვარო“ - ყვირის ბობი. ბევრი იცინეს, წითელი ხორცი მიუშვეს და მერე გაზამ შვედ ტურისტებთან ერთად, ღამის 3-მდე ჩოგბურთი ითამაშა. მეორე დღეს გამოვიდნენ და 'დელე ალპიზე' ისეთი ფეხბურთი აჩვენეს, რომელიც ინგლისისგან არც მანამდე და არც მას შემდეგ, აღარავის უნახავს.

სერ ბობის ღამე ტურინში | 1990

დღესაც ეგეთი დღეა, ინგლისი გერმანიას ხვდება - სანაკრებო ფეხბურთის ძველი კლასიკა, კოშკებმონგრეულ და რკალშემოვლებულ ახალ 'უემბლიზე' ბრუნდება. ეს მატჩი ბონდის სერიებივით, დეკადაში ერთხელ გამოდის - მსახიობები ყოველთვის იცვლება, მაგრამ ბონდი თითქმის ყოველთვის გერმანელია.

პირველი სერია ალბათ ყველას ნანახი გაქვთ - ‘ფანტომ გოლი’, სადაც სტადიონზე მყოფი 97 000 ადამიანიდან, მხოლოდ ერთს შეეძლო, ზუსტად დაენახა, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი, მაგრამ მის ნათქვამს დღემდე არავინ იჯერებს. როჯერ ჰანტი, რომელსაც 60-იანების ფეხბურთში 285 გოლი აქვს გატანილი, მიწიდან ასხლეტილი ბურთისკენ დამატებაზე არ მიდის და ხელებაღმართული, გოლის ლეგიტიმურობაში დარწმუნებული, ცენტრისკენ ბრუნდება. ამის შემდეგ, დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე, ინგლისი და გერმანია კიდევ 6-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ამ მატჩების მომსწრე ინგლისის ნაკრების ქომაგთა რამდენიმე თაობა ფსიქოლოგთან მისაყვანი გახდა.

ყველა მარცხს თავისი სიმბოლო ჰყავს - 1970 წელს, მექსიკაში ბენქსი დაიმტვრა და მისმა შემცვლელმა, პიტერ ბონეტიმ უვე ზეელერის კეფით დარტყმული გაუშვა; 1982-ში ფრე ითამაშეს, მაგრამ იმ უაზრო ფორმატის გამო, შუმახერის სეივი ნახევარფინალის საგზურისთვის საკმარისი აღმოჩნდა; 1990 წელს ტურინში პენალტების წყევლა დაიწყო, რომელიც 1996-შიც განმეორდა; ევრო 2000-ზე, შარლერუაში 66-ის შემდეგ ინგლისელებმა პირველად მოიგეს, ისიც ალბათ იმიტომ, რომ გერმანიის ფორმით მოედანზე ფრიდრიხ ბარბაროსას ასაკის ლოთარ მათეუსი დარბოდა; ბოლო და ჰერსტის გოლის გაცოცხლება 2010 წელს ვნახეთ, სადაც ინგლისის ფანტომ გოლი, უკეთესი გერმანიის კარში 44 წლის შემდეგ ნაღდად გავიდა, მაგრამ აქ არ ჩათვალეს.

ეს ორი ნაკრები როდესაც წყვილდება, ინგლისური პრესა სანგრებს თხრის და იქიდან გაზის აირწინაღებით წერას იწყებს. „დეილი მეილის“ ცნობილი ყდა “Achtung! Surrender!” გერმანელებს დღემდე ვერ მოუნელებიათ, სანის “Let’s blitz Fritz”-იც ახსოვთ და დორტმუნდში ბომბდამშენებზე ცინიკურად შესრულებული ჩანტიც. ეს დრამატურგია და მილიტარისტი პატრიოტების უპირობო მოლოდინები, გერმანელების მხარეს არ არსებობს, მერე პენალტის დარტყმისას ფეხიც არავის ეკეცება და ამიტომ იგებენ. მაგრამ რაც დრო გადის, მსოფლიო ომებისადმი სენსიტიურად განწყობილი ადამიანების რაოდენობა მცირდება, ეს მონტი-ერვინ რომელის ესთეტიკაც ამ თამაშის გარშემო ნელ-ნელა ქრება და დღეს რას ვნახავთ, კაცმა არ იცის.

უემბლის ტუალეტიდან ძალით გამოყვანილი კიგანი და დევიდ დევისი | 2000

დღეს გერმანიის ნაკრებში 18 წლის ჯამალ მუსიალა თამაშობს, რომელსაც ინგლისის ასაკობრივ დონეზე 25 მატჩი აქვს ჩატარებული. ინგლისის ნაკრებში ჯეიდონ სანჩო და ჯუდ ბელინგემი ჰყავთ, რომლებიც ომის მიწურულს სამეფო საჰაერო ძალების მიერ განადგურებული ქალაქის გუნდის - დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას იცავენ. ჯამში პრემიერლიგის შტრიხკოდით ლიოვის გუნდში 6 ფეხბურთელია და კიდევ სამს ინგლისში ბევრი სეზონი აქვს ჩატარებული.

2000 წელს, ძველი 'უემბლის' დახურვის მატჩში, კევინ კიგანის ინგლისი გერმანიასთან 0:1 დამარცხდა. სამარცხვინო წაგებით დასევდიანებული კიგანი ტუალეტში ჩაიკეტა და დევიდ დევისის პროტოკოლის მიხედვით, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად სწორედ სტადიონის ტუალეტში გადადგა. ჰოდა, ჰარი ჰოთსპური თუ დღესაც ნანგა პარბატზე ალპინისტის გაყინული ცხედარივით იქნება გარე სამყაროს მოწყვეტილი, თუ სანჩო 10 წუთზე ნაკლებს ითამაშებს და მეისონ მაუნთს კორონა დაუდასტურდა, ერთადერთი სიტყვა, რაც მატჩის შემდეგ უკვე ახალი 'უემბლის' ტუალეტში შეიძლება ხმამაღლა ითქვას - “We beat 'em in the war!“

კომენტარები

ბოლო ამბები