Thumbnail

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა. გადამწყვეტი დარტყმა კილიან მბაპემ გააფუჭა და მსოფლიოს ჩემპიონი ევრო 2020-ს გამოეთიშა.

ორივე ნაკრების ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა მერვედფინალური დაპირისპირება შეაფასეს. ფრანგებმა მატჩში დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილეს ყურადღება, ხოლო შვეიცარელებმა ამ მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დიდიე დეშამი (საფრანგეთის მთავარი მწვრთნელი): ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ 3:1 დაგვეფიქსირებინა, რის შემდეგაც სისუსტე გამოვავლინეთ. პენალტების სერიაში წაგება ყოველთვის სასტიკი ამბავია. კილიან მბაპე ძალიან ცუდად გრძნობს თავს, ისევე როგორც ყველა მოთამაშე. კილიანზე არავინ ბრაზდება, რადგანაც მან მეხუთე დარტყმის შესრულების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

რაფაელ ვარანი (საფრანგეთის ნაკრები): უდიდესი იმედგაცრუებაა. ჩვენ პირველ ტაიმში თამაში აგვერია, მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ და დავბრუნდით, თუმცა მეტოქეს სივრცეები დავუტოვეთ და მათ გათანაბრება შეძლეს. პენალტები ლატარიაა. ჩვენ დამატებით დროში გატანა შეგვეძლო, შანსები ნამდვილად გვქონდა. ახლა ჩვენს მომავალ მიზნებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

იან ზომერი (შვეიცარიის ნაკრების მეკარე): საოცარი მატჩი იყო, ნამდვილი საფეხბურთო საღამო გამოვიდა. ჩვენ ეს ეტაპიც გავიარეთ. წარმოუდგენელია, ჩვენ მთელი გულით ვითამაშეთ და ეს შევძელით. პენალტის გაფუჭების შემდეგ, რთულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ და მიხარია, რომ შემდეგ ეტაპზე ვართ. პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა დიდი ხარისხი და გამოცდილება გვაქვს.

გრანიტ ჯაკა (შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი): ჩვენი ერის საფეხბურთი ისტორია დავწერეთ, ახლა ესპანეთთან ურთულესი მატჩი გველის. მიხარია, რომ ამ საოცარი გუნდის კაპიტანი ვარ, რომელმაც თამაშში დაბრუნება და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები