Thumbnail
  • 'მოედანზე ისტორიის დასაწერად მოგვიწევს გასვლა'
  • ორივე მწვრთნელი ურთულეს შეხვედრას ელოდება

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ყველაზე დიდ ინტერესს ინგლისისა და გერმანიის შეხვედრა იწვევს, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება. მატჩის წინ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა იოახიმ ლიოვმა და გარეთ საუთგეიტმა ისაუბრეს.

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი): "ბოლო სამი წლის განმავლობაში ინგლისის ნაკრები ძალიან კარგად განვითარდა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მათ დაამტკიცეს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში არიან. ბევრი მოთამაშე ჰყავთ პრემიერლიგიდან, რომლებიც მაღალ ტემპში თამაშობენ და ძალიან ძლიერები არიან. ამ დონის მატჩებში ხშირად გადამწყვეტი მცირე დეტალებია. დაშვებული შეცდომები და საგოლე მომენების გამოყენება მნიშვნელოვანი საკითხებია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რამდენად მოახერხებენ ფეხბურთელები საკუთარი ნერვების კონტროლს. ეს პლეი ოფია და ვიცით, რომ ან წინ წავალთ, ან სახლში".

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებზე ბევრ უარყოფით კომენტარს ვკითხულობ, ეს არის გუნდი, რომელიც კარგადაა მომზადებული და ტაქტიკურად იცის რას აკეთებს. ამიტომ, ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გვექნება. მათ ასეთი დონის თამაშების დიდი გამოცდილება აქვთ, ოთხი მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ბევრი გამარჯვებული ჰყავთ, ასე რომ, ძალიან წარმატებული გუნდია. ეს მატჩი ძალიან ადრე შედგება, ისევე როგორც ბელგია-პორტუგალიისთვის, მერვედფინალი ადრეული ეტაპი იყო. თუმცა, ეს მოხდა და მოედანზე ისტორიის დასაწერად მოგვიწევს გასვლა. გერმანელები ამ დონეზე თამაშს შეჩვეულები არიან და "უემბლის" არ შეეშინდებათ. პენალტების სერია? ამაზე ყოველი საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ ვვარჯიშობთ".

შეგახსენებთ, რომ ინგლისი-გერმანიის წყვილში გამარჯვებული 1/4-ფინალში შვედეთსა და უკრაინას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები