Thumbnail

კოპენჰაგენის "პარკენზე" ევრო 2020-ის მეხუთე მეოთხედფინალისტი გაირკვა - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. 120-წუთიანი დაპირისპირება "ფურია როხამ" 5:3 მოიგო. ესპანეთის ნაკრები 1/4 ფინალში საფრანგეთისა და შვეიცარიის მატჩის მოგებულს შეხვდება. გულშემატკივარმა საოცარი სანახაობა იხილა - ესპანეთი კურიოზული ავტოგოლით აგებდა, თუმცა 77-ე წუთისთვის უკვე 3:1 დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, ხორვატებმა ორი გოლი გაიტანეს და ძირითადი დრო 3:3 დასრულდა. პირველ დამატებით ტაიმში ალვარო მორატასა და მიკელ ოიარზაბალის გოლები გადამწყვეტი გამოდგა.  

ბოლო მატჩის მერე ლუის ენრიკემ სასტარტო 11-ეულში ორი ცვლილება განახორციელა - ფერან ტორესმა და ხოსე გაიამ თამაში თავიდანვე დაიწყეს. ორი ცვლილება განხორციელდა ხორვატთა სასტარტო შემადგენლობაშიც - ჩალეტა-ცარი და რებიჩი დაწინაურდნენ.

მე-16 წუთზე კოკეს ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა ლივაკოვიჩმა ფეხით მოიგერია და ხორვატიის ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა. ამის შემდეგ ესპანელები ხელით თამაშისთვის პენალტს ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ. მე-20 წუთზე ამ ჩემპიონატზე ყველაზე კურიოზული გოლი გავიდა - პედრის პასით უნაი სიმონმა ფეხით ვერ მიიღო და ანგარიშიც გაიხსნა. 

უნაი სიმონმა საოცარი შეცდომა დაუშვა

"ფურია როხამ" 38-ე წუთზე ხანგრძლივი შეტევის შემდეგ გაათანაბრა, ლივაკოვიჩმა ერთხელ გადაარჩინა გუნდი, მაგრამ პაბლო სარაბიას დამატებულს ვერაფერი მოუხერხა. ტაიმი 1:1 დასრულდა.

პაბლო სარაბიამ ანგარიში 38-ე წუთზე გაათანაბრა

57-ე წუთზე ფერან ტორესმა მარცხნიდან მოაწოდა, სესარ ასპილიკუეტამ კი თავით აჯობა გვარდიოლს და ესპანეთის ნაკრები დააწინაურა.

სესარ ასპილიკუეტას გოლი ხორვატიის ნაკრების კარში

უნაი სიმონმა პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა მეორეში გამოასწორა, როცა გვარდიოლის ძალიან სახიფათო დარტყმული აიღო ახლო მანძილიდან. ამის შემდეგ ალვარო მორატამ გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობიდან. 77-ე წუთზე პაუ ტორესმა მოულოდნელად სწრაფად განაახლა თამაში და შორეული პასით ფერან ტორესი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ლივაკოვიჩს ფეხებს შორის გაუტანა და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ფერან ტორესის გოლის შემდეგ ესპანეთი 3:1 დაწინაურდა

85-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ორშიჩმა ესპანელთა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ერთი გოლი გაქვითა, უნაი სიმონმა ბურთი კარის ხაზის შიგნიდან გამოიტანა. ხორვატებმა გათანაბრებაც შეძლეს ორშიჩის ჩაწოდებულს თავით მარიო პაშალიჩი შეწვდა - 3:3. 

ხორვატებმა 92-ე წუთზე გაათანაბრეს

დამატებით დროში ხორვატები უკეთ ათამაშდნენ, უნაი სიმონმა საოცარი "სეივით" გადაარჩინა კრამარიჩის დარტყმის შემდეგ. საპასუხოდ ოლმოს ჰქონდა შანსი, თუმცა ხორვატების მცველმა მას არ გაატანინა. მე-100 წუთზე დანი ოლმოს ჩაწოდებული ალვარო მორატამ ჩამოიღო და მეორე შეხებით შესანიშნავი გოლი გაიტანა. სამ წუთში ოლმომ კიდევ ერთი საგოლე პასი გააკეთა, ამჯერად, მიკელ ოიარზაბალმა გაიტანა.

TOP - დანი ოლმო (ესპანეთი)

მართალია, ფერან ტორესმა ფანტასტიკურად ითამაშა, მაგრამ როცა სიტის ახალგაზრდა ფეხბურთელი გავიდა ჯერ კიდევ 3:2 იყო, ყველაფერი მის მერე მოხდა! დანი ოლმომ კი დამატებით ტაიმებში ორი საგოლე პასი გააკეთა და ხორვატიის გატეხვაში დიდი წვლილი შეიტანა.

FLOP - იოსიპ ბრეკალო (ხორვატია)

შეცვალზე შევიდა, შეტევა ვერ გააძლიერა, სამაგიეროდ, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, როცა დაცვას ეხმარებოდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 პედრი (ესპანეთი) გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც პლეი ოფში სასტარტოში ითამაშა - 18 წლისა და 215 დღის. მან უეინ რუნის (ინგლისი) რეკორდი გააუმჯობესა.

📌 უნაი სიმონმა (ესპანეთი) 2020/21 წლების საკლუბო სეზონში 6 ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ბილბაოს ატლეტიკის კარში გოლი მოჰყვა. ყველაზე მეტი ევროპის ტოპ 5 ლიგებში.

📌 ევრო 2020-ზე 9 ავტოგოლი გავიდა, იმდენივე რამდენიც წინა ტურნირებზე ერთად.

📌 ესპანეთის ნაკრების 10-მა მოთამაშემ 10 საგოლე შანსი შექმნა პირველ ტაიმში. ეს ყველაზე მეტია ტაიმისთვის ევროებზე (სულ მცირე, 1980 წლიდან მოყოლებული).

📌 პედრის ავტოგოლი ყველაზე შორეულია ევროს ისტორიაში - 44.8 მეტრი და პირველი, რომელიც გავიდა საჯარიმოს გარედან.

📌 სესარ ასპილიკუეტამ ესპანეთის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა და ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გახდა, ვინც გოლის გატანა შეძლო ევროპის ჩემპიონატზე - 31 წლის და 304 დღის.

📌 ფერან ტორესი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ესპანეთის ნაკრების მაისურით დიდ ტურნირზე გოლი პლუს პასი მიითვალა სესკ ფაბრეგასის (2008 წ) შემდეგ - 21 წლის და 120 დღის.

📌 მისლავ ორშიჩი პირველი ხორვატია, ვინც შეცვლაზე შევიდა და ერთ მატჩში გოლს პლუს პასი მიითვალა დიდ ტურნირებზე.

📌 ალვარო მორატამ (ესპანეთი) ევროპის ჩემპიონატებზე მე-5 გოლი გაიტანა და ფერნანდო ტორესს დაეწია.

📌 ესპანეთი პირველი გუნდია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში შეძლო 5 გოლის გატანა.

ხორვატია 3:5 დ.დ. ესპანეთი

ხორვატია (4-1-2-3): ლივაკოვიჩი - იურანოვიჩი (74. ბრეკალო), ვიდა, ჩალეტა-ცარი, გვარდიოლი - ბროზოვიჩი - მოდრიჩი (114. ივანუშეჩი), კოვაჩიჩი (79. ბუდმირი) - ვლაშიჩი (79. პაშალიჩი), პეტკოვიჩი (46. კრამარიჩი), რებიჩი (67. ორშიჩი) 

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - ასპილიკუეტა, ე. გარსია (71. პ. ტორესი), ლაპორტი, გაია (77. ალბა) - კოკე (77. რუისი), ბუსკეტსი (101. როდრი), პედრი - ფ. ტორესი (88. ოიარზაბალი), მორატა, სარაბია (71. ოლმო)

კომენტარები

ბოლო ამბები