Thumbnail

ბენატიასთან ერთად და მუნირის გარეშე - მაროკოს 23-კაციანი გუნდი მუნდიალისთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მაროკოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
  • ერვე რენარის გუნდი მუნდიალს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერვე რენარმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. მაროკო მუნდიალის B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტქოეებად პორტუგალიის, ესპანეთისა და ირანის ნაკრებები ეყოლება.

მაროკოს ნაკრების დებიუტი პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე 1970 წელს შედგა, მისი საუკეთესო შედეგი კი 1/8-ფინალია (1986 წელს). ბოლოს მაროკომ ზედიზედ ორი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპებზე ითამაშა - 1994 და 1998 წლებში. 

ნაკრებს 2016 წლიდან ფრანგი სპეციალისტი ერვე რენარი წვრთნის. 49 წლის მწვრთნელმა გუნდს 20-წლიანი პაუზის შემდეგ მუნდიალის საგზური საკმაოდ რთულ ჯგუფში მოაპოვებინა, სადაც ასევე გამოდიოდნენ კოტ დ’ივუარი, გაბონი და მალი.

ფრანგმა სპეციალისტმა მაროკო 2017 წლის აფრიკის ერთა თასის ¼-ფინალში გაიყვანა

მაროკოს ნაკრებს მუნდიალის წინ მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს - ფრანგული ნიმის თავდამსხმელმა რაშინ ალიუიმ, რომელიც სეზონის 38 მატჩში გატანილი 17 გოლით გუნდს ლიგა 1-ში აღზევებაში დაეხმარა, მყესების გაწყვეტის გამო ახლახან ოპერაცია გაიკეთა და რუსეთში ვეღარ წავა.

შემადგენლობაში ასევე ვერ მოხვდა მაროკოული წარმომავლობის 22 წლის ესპანელი ფორვარდი მუნირ ელ-ჰადადი. ალავესში იჯარით მოთამაშე ბარსელონელმა ფიფას აკრძალვა ცოტა ხნის წინ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრა, მაგრამ მაროკოს ეროვნული გუნდის მაისურით თამაშის უფლება მაინც ვერ მიიღო. მუნირს ესპანეთის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული - 2014 წელს, მაკედონიასთან და ამის გამო, ფიფას წესებით, საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლის უფლება 10 წლის განმავლობაში არ აქვს.

გუნდის მთავარი ვარსკვლავი მძლავრი, ათლეტური და ტექნიკური მედჰი ბენატიაა - აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. შემთხვევით არ იყო, რომ ისეთი ევროპული გრანდები, როგორიც ბაიერნი და იუვენტუსია, ამ მართლაც ნიჭიერი ცენტრალური მცველის ხელში ჩასაგდებად უკან არ იხევდნენ.

ბენატიამ მუნდიალის შესარჩევის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა

მუნდიალისთვის მზადებას მაროკო 24 მაისს დაიწყებს, 31 მაისს კი უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

► მეკარეები: მუნირ მოჰამედი (ნუმანსია, ესპანეთი), იასინ ბუნუ (ჟირონა, ესპანეთი), აჰმედ ტანიაუტი (იტიჰად ტანჟერი).

► მცველები: ბადრ ბანუნი (რაჯა), მედჰი ბენატია (იუვენტუსი, იტალია), მანუელ და კოშტა (ბაშაკშეჰირი, თურქეთი), ნაბილ დირარი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), აშრაფ ჰაკიმი (რეალი, ესპანეთი), ჰამზა მენდილი (ლილი, საფრანგეთი), რომენ საისი (ვულვერჰემპტონი, ინგლისი).

► ნახევარმცველები: იუსეფ აიტ-ბენასერი (კანი, საფრანგეთი), სოფიან ამრაბატი, ქარიმ ელ აჰმადი (ორივე - ფეიენორდი, ჰოლანდია), ნორდინ ამრაბატი (ლეგანესი, ესპანეთი), იუნეს ბელანდა (გალათასარაი, თურქეთი), მბარკ ბუსუფა (ალ ჯაზირა, საემიროები), ფაიჩალ ფაირი (ხეტაფე, ესპანეთი), ამინ ჰარიტი (შალკე, გერმანია), ჰაკიმ ზეიხი (აიაქსი, ჰოლანდია).

► თავდამსხმელები: აზიზ ბუჰადუზი (ზანკტ პაული, გერმანია), ხალიდ ბუტაიბი (მალატიასფორი, თურქეთი), მეჰდი კარსელა (სტანდარდი, ბელგია), აიუბ ელ კააბი (რენესანს ბერკანი).

P.S. სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები