Thumbnail

როჯერ ფედერერი: სამპრასი 10 წლის წინ მეკითხებოდა, კარიერას როდის ვასრულებდი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'სწორედ ამიტომ, წლევანდელი უიმბლდონი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია'
  • ლეგენდარულმა შვეიცარიელმა განვლილი კარიერის შესახებ ისაუბრა

დიდი სლემების ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა მორიგ უიმბლდონში ჩართვამდე პრეს-კონფერენცია გამართა და იმაზე ისაუბრა, თითქმის 40 წლის ასაკში უმაღლეს დონეზე თამაშს როგორ ახერხებს. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელ მაესტროს მრგვალი თარიღი 8 აგვისტოს უსრულდება:

“მართალი გითხრათ, ჩემს გეგმებში 39, 40 და მეტი წლის ასაკში კორტზე ყოფნა არ შედიოდა. თავის დროზე უფრო 35 წლისკენ ვიხრებოდი, რადგანაც არცთუ დიდი ხნის წინ ეს ასაკი საკმაოდ შთამბეჭდავად ითვლებოდა. ბორგი ადრე გავიდა პენსიაზე, აგასი ცოტა მოგვიანებით. ბეკერი, ედბერგი, სამპრასი – ყველა მათგანმა საკმაოდ ადრ დაასრულა.

მახსოვს ჩემი საუბარი სამპრასთან 10 წლის წინ. მას აინტერესებდა, კიდევ რამდენ ხანს გავძლებდი. მაშინ 30 წლის ახალი გამხდარი ვიყავი. ალბათ, ფიქრობდა, რომ უკვე კარიერის დასრულებას ვაპირებდი, რადგანაც მაშინ ეს საკმაოდ ხშირი იყო. 31-33 წლის ასაკში, ისეთი დატვირთვების ფონზე, როგორიც ჩვენ გვაქვს, მართლაც შესაძლოა ამაზე იფიქრო.

ვფიქრობ, მე ტურისთვის მაქსიმუმი გავაკეთე. ვხალისობდი მოგზაურობით, შევხვდი მეუღლე მირკას და მყავს შვილები. ბრძოლას ახლაც ვაგრძელებ. მიზნად 40 წლამდე თამაში ნამდვილად არ მქონია. უბრალოდ, ასე გამოვიდა. მართალი გითხრათ, ბოლო დრომდე ვეჭვობდი, მუხლზე გადატანილი ოპერაციების შემდეგ, მწყობრში ჩადგომას რამდენად შევძლებდი. არადა, დღემდე მომწონს რასაც ვაკეთებ. ვნახოთ, ძველი შედეგების დაბრუნებას რამდენად მოვახერხებ. სწორედ ამიტომაც, წლევანდელი უიმბლდონი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.

როჯერ ფედერერი და პიტ სამპრასი

შეგახსენებთ, რომ ფედერერს უიმბლდონი 8-ჯერ აქვს მოგებული, მორიგ ტურნირში კი ხვალ ჩაებმება, როდესაც პირველ წრეში ფრანგ ადრიან მანარინოს გაეჯიბრება. როჯერი ტურნირზე მე-6 ნომრადაა განთესილი, ბოლო უიმბლდონზე კი, 2019 წელს (შარშან ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა) ეპიკური ფინალი წააგო სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან – 6:7 (5:7), 6:1, 6:7 (4:7), 6:4, 12:13 (3:7).

კომენტარები

ბოლო ამბები