Thumbnail
  • ემერიკ ლაპორტი გადაწყვეტილებას არ ნანობს
  • 27 წლის ფეხბურთელი ლუის ენრიკემ დაარწმუნა

მანჩესტერ სიტის მცველმა ემერიკ ლაპორტმა ცოტა ხნის წინ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და ამავე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. 27 წლის ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთში კრიტიკის საფუძველიც გახდა, მაგრამ ლაპორტი არჩევანს არ ნანობს და თქვა, რომ დიდიე დეშამი მას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა.

"ესპანეთის ნაკრებთან კონტაქტი რამდენიმე წლის განმავლობაში მქონდა. ლუის ენრიკემ ამიხსნა გუნდის სათამაშო იდეა, რომელსაც ჩემი სტილი მიესადაგებოდა. მითხრა, რომ მოქალაქეობას როგორც კი მივიღებდი, მაშინვე გამომიძახებდა. ეს არ ყოფილა ადვილი გადაწყვეტილება. ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ საფრანგეთში ცხოვრობს და მე იქ ბავშვობიდან ვთამაშობდი. ამის შემდეგ 8 წელი ესპანეთში ვიყავი, თავს ორივე ქვეყნის მოქალაქედ ვგრძნობ და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩემს კრიტიკოსებს შეუძლიათ ის თქვან, რაც სურთ, მაგრამ მე არჩევანს არ ვნანობ და ბედნიერი ვარ. დეშამს მესიჯი გავუგზავნე და პასუხი არ მიმიღია. იქნებ ნომერი შეცვალა ან ახალი ტელეფონი აქვს, შეიძლება, მაგრამ მე იმავე ნომერზე მივწერე, საიდანაც მანამდე დამირეკა და პასუხი არ მიმიღია", - თქვა "გარდიანთან" საუბარში 27 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ემერიკ ლაპორტმა ესპანეთის ნაკრებში თამაში ევრო 2020-ის წინ გადაწყვიტა, პირენეელთა მაისურით დღემდე 4 მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა (სლოვაკეთთან). იმ შემთხვევაში თუ ესპანეთი და საფრანგეთი 1/8-ფინალურ ბარიერს დაძლევენ, ერთმანეთს 1/4-ფინალში დაუპირისპირდებიან. ემერიკ ლაპორტს თავის დროზე საფრანგეთის 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში აქვს ნათამაშები.

კომენტარები

ბოლო ამბები